„სვეტიცხოვლის შესაკეთებლად თანხა მთელმა მცხეთამ კი არა, სახელწიფომ უნდა გაიღოს“

„სვეტიცხოვლის შესაკეთებლად თანხა მთელმა მცხეთამ კი არა, სახელწიფომ უნდა გაიღოს“

ძველი თბილისის დაბალსართულიანი სახლების რეაბილიტაცია ამიერიდან მოსახლეობასთან 15 %-იანი თანადაფინანსების წესით მოხდება. სწორედ თვითმმართველობის აღნიშნულმა ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია თბილისის მერიასა და დედაქალაქის საკრებულს შორის მორიგი უთანხმოება. დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ აქამდე ასეთ პროექტებს თავად აფინანსებდნენ, ყოველგვარი თანადაფინანსების გარეშე, ხოლო მომავალში ეს მოსახლეობის ჯიბეს დააწვება.

გარდა ამისა, მერიის მოხელეთა აზრით, გაურკვეველია ძველ თბილისში მდებარე ისტორიული ძეგლების ბედიც, რადგან, ყველასთვის ცნობილია, რომ ძეგლის რეაბილიტაციას ხშირად ასეულ ათასობით ლარი სჭირდება და შეუძლებელია, ეს თანხა ჩვეულებრივმა მოქალაქემ გაიღოს. მით უფრო, რომ ძეგლის არასწორად რეაბილიტაციის შემთხვევაში, ჯარიმები ისევ მას დაეკისრება.

თავად ძველი თბილისის მოსახლეობა აცხადებს, რომ ამხელა თანხები რომ ჰქონოდათ, მაშინ არც საკრებულოს და არც მერიის გადაწყვეტილებას არ დაელოდებოდნენ და თავადვე არ იცხოვრებენ სიცოცხლისთვის საშიშ ავარიულ შენობებში. ამდენად, მათთვის 15 %-იანი თანადაფინანსების შემოღებაც გაუგებარია.

ამ თემაზე for.ge სპეციალისტებს ესაუბრა.

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია მიიჩნევს, რომ ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია თავად სახელმწიფოს მოვალეობაა და თავიდან ბოლომდე სახელმწიფომ უნდა განახორციელოს მათი დაფინანსება თუ კონკრეტული სამუშაოები. უფრო მეტიც, ხელოვნებათმცოდნის აზრით, ამ საქმეში მოსახლეობის ჩართვა იმ შემთხვევაშიც კი არ შეიძლება, თუ იქ მაცხოვრებლების პირობები გაუმჯობესდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ძეგლი სახელმწიფოს მეურვეობის ქვეშ უნდა იყოს.

„ძეგლი მარტო იქ მაცხოვრებელს ხომ არ ეკუთვნის, ის საქართველოს კუთვნილებაა და მსოფლიო ღირებულებისაა. ახლა რომ მოვითხოვოთ, სვეტიცხოვლის შესაკეთებლად თანხა მთელმა მცხეთამ გადაიხადოს, სწორი იქნება?! ის, რომ თავის დროზე კულტურის მინისტრ გოკა გაბაშვილს სურდა, თანადაფინანსების პრინციპით (მაშინ საუბარი იყო 5%-ზე) მოსახლეობას თავად გაეღო თანხები ძეგლების სარეაბილიტაციოდ, ამას ვოლუნტარიზმი, აბსოლუტური თვითნებობა ჰქვია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ საწყალ მოსახლეობას მართლა არ აქვს ფული. კრიზისია ქვეყანაში და ასეთ პირობებში ძეგლის მოვლა მოსახლეობას დააკისრო, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია ძალიან ხშირად დიდ ხარჯებს მოითხოვს. ზოგიერთი ძეგლის რეაბილიტაცია ისე ძვირია, რომ შეძლებული ადამიანიც ვერ შეწვდება“, - აცხადებს გოგი ხოშტარია.

რაც შეეხება კერძო მფლობელობაში არსებული სახლების რეაბილიტაციას, ხელოვნებათმცოდნის აზრით, აქ თანადაფინანსების მოქნილი სისტემა უნდა ამოქმედდეს, რადგან ძეგლებთან შედარებით, ეს გაცილებით იაფი ჯდება.

ორგანიზაცია „თბილისის ჰამქარის“ გამგეობის წევრი, არქიტექტორი ცირა ელისაშვილი აცხადებს, რომ სახლების რეაბილიტაციისთვის სიმბოლური თანადაფინანსება დასაშვებია, რადგან, როცა საკუთარი სახლის რეაბილიტაცისთვის მოსახლეობა თავადვე გაიღებს რაიმე თანხას, შემდეგ დაინტერესებული იქნება, რომ რეაბილიტაცია სწორად ჩატარდეს. თუმცა დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ცირა ელისაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ისიც სადაოა, თანადაფინანსების 15% რამდენადაა მისაღები მოსახლეობისთვის. მით უფრო, ძეგლის სტატუსის მქონე შენობებთან მიმართებით, მოსახლეობის ჩართვა, ფინანსური თვალსაზრისით, მეტად მძიმე იქნება.

ცირა ელისაშვილის თქმით, ისტორიული შენობების გამაგრება ძალიან ძვირი ჯდება, თანაც, გააჩნია სახლის გაბარიტებს. ამიტომ შესაძლოა, მილიონსაც ასცდეს რესტავრაციისა და სახლის გამაგრების თანხები. ამიტომ, აქ მხოლოდ ფინანსური კუთხით თანამონაწილეობა შესაძლოა, არ იყოს მართალი. თუმცა თუნდაც სიმბოლური, ფულადი მონაწილეობა მოსახლეობის მხრიდან დასაშვებია.

„არსებობს კიდევ მეორე ფორმა, როდესაც მოსახლეობა თანხას კი არ იხდის, არამედ საკუთარი შენობის რეაბილიტაციის დროს უშუალოდ საქმდება, როგორც მუშახელი და, პირიქით, ამაში ანაზღაურებასაც იღებს. 2007 წლიდან მერია 100%-ით აფინანსებდა რეაბილიტაციის სამუშოებს, მაგრამ თვითონ შესრულების ხარისხი ძალიან ცუდი იყო. ტენდერში იგებდა ის ფირმა, რომელიც ყველაზე უფრო ნაკლებ თანხას მიუთითებდა. ამ დროს კი რესტავრაცია ძვირადღირებული სიამოვნებაა და, როცა გეუბნებიან, რომ მე ამ სამუშაოს არარეალურად ნაკლებ ფასად გავაკეთებ, წინასწარ უნდა იცოდე, რომ შედეგი, ხარისხის თვალსაზრისით, არ გექნება“, - აცხადებს ცირა ელისაშვილი და განმარტავს, რომ ძველი თბილისის გამგეობის მიერ შესრულებული სამუშაოები ამიტომაც ვერ უძლებს კრიტიკას და ერთხელ გადახურული სახურავი უმნიშვნელო ქარის დროს თავიდან გასაკეთებელია. მისივე ინფორმაციით, ამ ტენდერში მონაწილე ფირმები სწორედ ტენდერის დღეს იყო შექმნილი და მათ რესტავრაციის მხრივ გამოცდილება არ ჰქონდათ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე აცხადებს, რომ ახალი უმრავლესობის შექმნამდე თბილისის მერიის წინადადებით 15%-მდე შემცირდა ამხანაგობის თანადაფინანსება ავარაული ბინების შეკეთებასთან დაკავშირებით. შემდეგ უკვე, ახალი უმრავლესობის შექმნისთანავე, ეს 15% დარჩა მხოლოდ ოთხსართულზე ქვემოთ არსებული შენობებისთვის, ხოლო ოთხი სართულის ზემოთ საერთოდ მოიხსნა, რადგან 20 და ზოგჯერ 50 ათასიც უჯდებოდათ 15%-იანი თანადაფინანსება მრავალსართულიანი სახლების ამხანაგობებს.

დღესდღეობით გულიკო ზუმბაძე მიიჩნევს, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯი იყო და ამჟამად 16 კორპუსი ისე რემონტდება, რომ ამხანაგობა მის თანადაფინანსებაში მონაწილეობას არ იღებს.

რაც შეეხება ძველ თბილისში თუ სხვა ნებისმიერ უბანში მდებარე დაბალსართულიანი სახლების რეაბილიტაციას, გულიკო ზუმბაძის თქმით, ამ შემთხვევაშიც, დარჩა ქალაქის მერიის მიერ შემოტანილი წინადადება და ახალ უმრავლესობას ეს წინადადებები არ შეუქმნია.

ამიტომ ამ საკითხთან მიმართებით საკრებულოს დეპუტატის მიდგომა ასეთია, წარმოადგინოს ქალაქის მერიამ კონკრეტული ხედვა ინდივიდუალურ სახლებთან და დაბალსართულიან კორპუსებთან მიმართებით, რადგან ინდივიდუალური სახლი 80 ათასი მაინც იქნება ქალაქ თბილისში და მათგან ნახევარზე მეტი შეიძლება ავარიულიც იყოს. ამის შემდეგ საკრებულო იმსჯელებს ამ საკითხთან დაკავშირებით და გადაწყდება, ვის დაეხმარებიან სახლების რეაბილიტაციისას.

„კონკრეტულად ძეგლების რეაბილიტაცია მართლაც პრობლემატური და ძვირადღირებულია. ამიტომ ქალაქის მთავრობას ვალდებულება აქვს, წარმოადგინოს ხედვები ამასთან დაკავშირებით. ძველ თბილისში, განსაკუთრებით, კულტურული ღირებულების შენობა-ნაგებობების მხრივ უნდა იყოს განსაკუთრებული მიდგომა, განსხვავებით ჩვეულებრივი, ინდივიდუალური სახლებისგან“, - აღიშნა გულიკო ზუმბაძემ.