შაშკინის მეგობრებმა პროფკავშირი შექმნეს

შაშკინის მეგობრებმა პროფკავშირი შექმნეს

განათლების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები და დიმიტრი შაშკინის მეგობრები თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომლებს უფლებების დაცვასა და სოციალური პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან და მათ მიერ შექმნილ პროფკავშირში ეპატიჟებიან. For.ge-ს ინფორმაციით, „განათლების პროფესიული კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ლაცაბიძე და განათლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი პეტრე წურწუმია თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორებთან დახურულ შეხვედრებს უკვე მართავენ.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების თანახმად, „განათლების პროფესიული კავშირი“, ოფიციალურად, 17 სექტემბერს დარეგისტრირდა და მისი ხელმძღვანელი გიორგი ლაცაბიძეა, გამგეობის წევრები კი - ნინო ბურდული, ნათია მუმლაძე და მაკა ბეჟანიშვილი არიან.

ეს უკანასკნელი პეტრე წურწუმიას მეუღლეა. პეტრე წურწუმია დოკუმენტებში დამფუძნებლებს შორის არ ფიგურირებს, თუმცა, რეესტრის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის თანახმად, ახლად შექმნილი ორგანიზაციის ოფისისთვის კუთვნილი ფართი, სწორედ, პეტრე წურწუმიამ გამოყო. წურწუმია დიმიტრი შაშკინის მეგობარია და წლების განმავლობაში მასთან ერთად, ჯერ, სასჯელაღსრულების, შემდეგ განთლების და ბოლოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.

„განათლების პროფესიული კავშირის“ წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ დიდუბის და გლდანის რაიონის ბაგა-ბაღების დირექტორებს. გლდანის ლოგოპედიური ბაღის დირექტორმა ზაირა კურტანიძემ for.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ახლად შექმნილი პროფკავშირების წარმომადგენლები ლაცაბიძე და წურწუმია ბაღის დირექტორებს ხელფასის გაზრდის საკითხზე დახმარებასაც დაჰპირდნენ.

„პროფკავშირებთან დაკავშირებით გვესაუბრნენ. გვითხრეს, ვიზრუნებთ იმაზე, რომ ხელფასი ბაღის პედაგოგებს 900 ლარი ჰქონდეთო. ყველა რაიონში ხვდებიან ბაღების დირექტორებს. განცხადების ნიმუში დატოვეს, რომელსაც უნდა გავეცნოთ და გადაწყვეტილება შემდეგ მივიღოთ,“- გვითხრა ზაირა კურტანიძემ.

„განათლების პროფესიული კავშირის“ წარმომადგენელთა აქტივობებს პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს „პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ დიდუბე-ჩუღურთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ბარისაშვილი.

„ყველამ კარგად იცის, ვინ არის გიორგი ლაცაბიძე, ის წინა წლებში ტარას შავშიშვილთან ერთად ცდილობდა თავისუფალი პროფკავშირიდან განათლების პროფესიულ სინდიკატში გადაეყვანა სკოლების პედაგოგები. სინდიკატი ზემოდან შექმნილი ე.წ. პროფკავშირი იყო და ამ სახელის ქვეშ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების გატარება სურდათ. ვერც ახლა დავიჯერებ, რომ ლაცაბიძე და წურწუმია სუფთა, ალალი და სამართლიანი პოზიციებით შედიან ბაღებში. მათ ფინანსური ინტერესი და ბაღების თანამშრომლებზე გავლენის მოპოვება სურთ“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას თამარ ბარისაშვილმა.

„პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ პრეზიდენტი მაია კობახიძე კი განმარტავს, რომ პეტრე წურწუმია დიმიტრი შაშკინთან ერთად განათლების სამინისტროში მუშაობის პერიოდში პედაგოგთა უფლებებს თავად არღვევდა.

„2011-2012 წლებში საჯარო სკოლებიდან არაობიექტური მიზეზებით გაათავისუფლეს 10 000 მეტი პედაგოგი. 2011 წელს დაიწყო მასწავლებლებთან ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების მავნე ტენდენცია. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და შიდა ნორმატიულ აქტებში შედიოდა ცვლილებები, რომელიც აუარესებდა განათლების სისტემაში დასაქმებულთა შრომით და სოციალურ მდგომარეობას.

გვრჩება შთაბეჭდილება, რომ გიორგი ლაცაბიძე და პეტრე წურწუმია პროფკავშირის სახელს ამოფარებული ცდილობენ დაუბრუნდნენ პედაგოგთა საზოგადოებას პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ ქ.თბილისის მერიის ბაღების სააგენტოს აქტიური ჩარევით, დავალებითა და ორგანიზებით მიმდინარეობს თბილისში რაიონული შეხვედრები საბავშვო ბაღების გამგეების ე.წ. ახალ პროფკავშირებთან, მათი და აღმზრდელების გაწევრიანების მიზნით“, - აღნიშნულია კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაყენებულ ბრალდებებზე საკუთარი არგუმენტების დასახელებისა და პოზიციის გამოხატვისთვის For.ge „განათლების პროფესიული კავშირის“ ხელმძღვანელს გიორგი ლაცაბიძეს დაუკავშირდა. ლაცაბიძე ჩვენთან საუბარში „პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირსა“ და განათლების პროფესიულ სინდიკატს თავად სდებს ბრალს პოლიტიკური ინტერესების გატარებაში და ახალი ორგანიზაციის შექმნის მოტივად პედაგოგთა ღირსებისა და შრომითი უფლებების დაცვას ასახელებს.

„სინდიკატში მხოლოდ ერთი თვე ვიყავი, რომ დავინახე, არაფერს აკეთებდნენ და შაშკინის ხელისუფლებასთან იყვნენ გარიგებულები, წამოვედი. ახლა ვინც არიან პროფკავშირში, ესენი მოქმედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ. ჩვენ მიერ შექმნილი პროფკავშირი კი სრულიად აპოლიტიკური ორგანიზაციაა. ჩვენ ვიბრძვით არა ბუტაფორიის, არამედ რეალური პროფკავშირების შექმნისთვის. მასწავლებლებით მანიპულირება აღარ უნდა მოხდეს, ამიტომ ავიმაღლე ხმა. რაც შეეხება პეტრე წურწუმიას, ის არის პროფესიონალი იურისტი, კარგი კადრი და ამიტომ არის ჩვენთან. თუ ჩვენს ორგანიზაციაშიც გამოიკვეთა პოლიტიკური ინტერესი, ამას პირველი თავად ვიტყვი“, - აცხადებს გიორგი ლაცაბიძე.

საკუთარ ორგანიზაციაში პოლიტიკური ინტერესის აღმოჩენამდე „განათლების პროფესიული კავშირის“ ხელმძღვანელი ბაღების დირექტორებთან შეხვედრას განაგრძობს და პედაგოგების უფლებების დაცვის საქმეში თანამშრომლობას სხვა პროფკავშირებსაც სთავაზობს.