ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი მერილინ მენსონი ნიუ-ჰემფშირის შტატში "აღმაშფოთებელი" საქციელის გამო დააჯარიმეს. როგორც ირკვევა, 2019 წელს მენსონმა კონცერტზე ოპერატორს შეაფურთხა და წვინტლი შეაწმინდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მომღერალს 20 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულება და ჯარიმის სახით $1400-ის გადახდა მოხდა მოუწევს.
სხდომაზე გამოჩენილმა 54 წლის მომღერალმა ბრალი არ აღიარა, თუმცა, რადგან მსჯავრი არ გაუსაჩივრებია, ეს არც მოეთხოვა.
პოლიციის ცნობით, 2019 წლის 19 აგვისტოს, ქალაქ გილფორდში გამართულ კონცერტზე გამოსვლისას, მენსონი ოპერატორ სიუზენ ფაუნტენს მიუახლოვდა და შეაფურთხა. ცოტა ხანში იგი დაბრუნდა და ფაუნტენს ცინგლი შეახოცა, რის შემდეგაც ოპერატორისკენ თითი გაიშვირა და სიცილი დაიწყო. ინციდენტი სიუზენის კამერამ გადაიღო.
"თავი ასე დამცირებულად არასდროს მიგრძნია", — წერს ფაუნტენი სასამართლოზე წაკითხულ განცხადებაში, — "ეს ყველაზე ამაზრზენი საქციელი იყო".
გარდა დაკისრებული მსჯავრისა, მენსონს მოუწევს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ნიუ-ჰემფშირში დაგეგმილი კონცერტების ჩატარება პოლიციას წინასწარ შეატყობინოს და საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაო მომავალი წლის თებერვლამდე მოიხადოს.
აღსანიშნავია, რომ მენსონი აქამდეც არაერთ ქალს დაუდანაშაულებია ძალადობაში. მუსიკოსის მხრიდან ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე 2021 წელს ხუთმა ქალმა ღიად ისაუბრა. მათ მალევე შეუერთდნენ სხვებიც. თავად მენსონმა ბრალდებები უარყო, მაგრამ გამოძიება მალევე დაიწყო.
2021 წლის ზაფხულში, მას შემდეგ, კონცერტზე მომხდარი ინციდენტის გამო ნიუ-ჰემფშირში მენსონის დაკავების ორდერი გამოიცა, მან გადაწყვიტა, პოლიციას ჩაჰბარებოდა.