ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ჯო ჯონასი და მსახიობი სოფი ტერნერი 4-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. საზოგადოებისგან ამას განქორწინების მიზეზების შესახებ სპეკულაციები მოჰყვა.
სოფიმ და ჯონასმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, საზოგადოებას მათი პირადი სივრცის პატივისცემისკენ მოუწოდეს და თქვეს, რომ გადაწყვეტილება ერთად მიიღეს.
მიუხედავად ამისა, სხვადასხვა მედია განქორწინებაზე პასუხისმგებლობას ტერნერს აკისრებდა და განსხვავებულ ბრალდებებს უყენებდა, მაგალითად, წერდნენ, რომ სოფი შვილებს ყურადღებას არ აქცევდა და ბოლო თვეების განმავლობაში მათზე ზრუნვა მხოლოდ ჯოს უწევდა, როცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში ტერნერი გადაღებების გამო ინგლისში იყო.
საზოგადოების ნაწილი ფიქრობდა, რომ სოფის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან თავად ჯო და მისი გუნდი იდგა და მათი მიზანი ტერნერის რეპუტაციის შელახვა იყო. ამ პერიოდში პრესაში ჯოსა და სოფის შვილების ფოტოებიც გავრცელდა, რომელთა პირად სივრცესაც წყვილი წლების განმავლობაში უფრთხილდებოდა.
საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ამ ფოტოებზე წვდომა მედიას ჯოს ლეიბლმა მისცა. საზოგადოებამ ტერნერის წინააღმდეგ აგორებული კამპანიისთვის ჯო გააკრიტიკა და სოფის მხარი დაუჭირა.
ამის შემდეგ, ტერნერი განქორწინების პირობების განსახილველად და შვილებთან დროის გასატარებლად ამერიკაში დაბრუნდა. როგორც ჯონასის წარმომადგენლები ამბობენ, წყვილი თავდაპირველად ორივესთვის ხელსაყრელ პირობებზე შეთანხმდა, თუმცა მალევე ტერნერმა ყოფილ ქმარს სასამართლოში უჩივლა, რათა ბავშვებზე სრული მეურვეობა მოიპოვოს და ისინი საცხოვრებლად ინგლისში გადაიყვანოს.
სოფი ამბობს, რომ აგვისტოში წყვილმა იკამათა, რის შემდეგაც ჯონასმა განქორწინების გადაწყვეტილება ცოლთან შეუთანხმებლად მიიღო და მან ამის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით გაიგო. ჯონასის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ეს ტყუილია.
ტერნერის თქმით, ზამთარში წყვილი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადასვლაზე შეთანხმდა, თუმცა ჯერჯერობით ჯო შვილებთან ერთად ტურის გამო ამერიკაში რჩებოდა, როცა სოფი ინგლისში გადაღებებზე იყო.
ტერნერმა ამერიკაში დაბრუნების შემეგ ჯონასს ინგლისში გადასვლის გადაწყვეტილება გაახსენა, თუმცა აღმოაჩინა, რომ ჯომ აზრი შეიცვალა — მან არამხოლოდ ის გადაიფიქრა, რომ თავად გადასულიყო დიდ ბრიტანეთში, არამედ სოფის ბავშვების პასპორტებს არ აძლევს, რათა დედამ მათი წაყვანა ვერ შეძლოს.
ჯოს წარმომადგენლების თქმით, სასამართლო განხილვის პერიოდში სოფის ბავშვების ქვეყნიდან გაყვანის უფლება არ აქვს და პასპორტების არმიცემის მიზეზად ამას ასახელებს. ისინი ასევე ამბობენ, რომ ჯოს სურს, ბავშვების აღზრდაში აქტიურად იყოს ჩართული და აღნიშნავენ, რომ მათ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამერიკაში გაატარეს.
ჯო ტერნერს სთხოვს, რომ მეურვეობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს და ამბობს, რომ სოფის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები მისი თანხმობის გარეშე გაკეთდა. ამჟამად ბავშვები დედასთან ერთად ამერიკაში არიან.