პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: გვჯერა უკრაინის გამარჯვების, მაგრამ მისი პოლიტიკა მავნებლური და შეურაცხმყოფელია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: გვჯერა უკრაინის გამარჯვების, მაგრამ მისი პოლიტიკა მავნებლური და შეურაცხმყოფელია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლონეთის რუსეთთან შედარება, რაც ბოლო დღეებში უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებებში გაჩნდა, პოლონელი საზოგადოებისთვის უკიდურესად შეურაცხმყოფელია. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ ზბიგნევ რაუმ Twitter-ზე დაწერა.

როგორც ის აცხადებს, იმავე სახლებში, სადაც პოლონელები მიესალმნენ უკრაინელ ლტოლვილებს და უსმენდნენ მათ ისტორიებს, „დღეს გაკვირვებული ვართ, როგორ შეიძლება, პოლონელები და რუსები მოიხსენიონ ერთად, როგორც უკრაინელებისთვის ზიანის მიმყენებლები“.

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საჭირო იქნება ძალიან ბევრი მუშაობა, რათა აღდგეს პოლონეთის საზოგადოების ნდობა უკრაინის ხელისუფლების მიმართ.

„პოლონეთს სჯერა უკრაინის გამარჯვების, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, პოლონეთთან ურთიერთობა პოლონეთისა და უკრაინის მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანების ინტერესის მიხედვით განვითარდეს. საჭირო იქნება ძალიან ბევრი მუშაობა, რათა აღდგეს პოლონეთის საზოგადოების ნდობა უკრაინის ხელისუფლების კეთილგანწყობის მიმართ“, - წერს ზბიგნევ რაუ.

მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, პოლონეთი უკრაინას ამჟამად არ გადასცემს სამხედრო დახმარებას, რადგან ის ორიენტირებულია საკუთარი არმიის გადაიარაღებაზე.