დღეიდან, საერთაშორისო მისიაში გამგზავრებამდე, ქართული ქვედანაყოფის შეხვედრა მუსლიმთა რელიგიური კულტის მსახურთან ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. ISAF-ის მისიაში გამგზავრებამდე, ქართველი სამხედროები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად „ჯუმა მეჩეთში“ მივიდნენ. მისიასი მონაცილე სამხედროები საქართველოს სრულიად მუსლიმთა კავშირის შეიხს ვაგიფ აქპეროვს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ტრადიციების უკეთესად გაცნობა იყო. ანალოგიური შეხვედრები, ჩვენს სამხედროებს ხელს შეუწყობს, უფრო ეფექტურად მოიპოვონ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობა.
შეიხმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ისლამის შესახებ ლექცია წაუკითხა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში არსებული შეზღუდვები, ასევე ავღანელი ხალხის ადათ-წესები გააცნო. ლექციის ბოლოს, მუსლიმთა რელიგიური კულტის მსახურმა სამხედროები დალოცა და მისიის წარმატებით განხორციელება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. მან საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართველ სამხედროებთან შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისლამის წესების გაცნობა თითოეულ სამხედროს მისიის შესრულებისას გამოადგება.
ქართველ სამხედროებთან ერთად, „ჯუმა მეჩეთში“ შეიხის ლექციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე დაესწრნენ. ირაკლი ალასანიამ შეიხს ლექციის წაკითხვისთვის მადლობა გადაუხადა და სიტყვით გამოსვლისას შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენთვის ეს უდიდესი მოვლენაა.
როდესაც ჯარს, რომლითაც ყველა ვამაყობთ, რომელიც საზოგადოების გამორჩეული ნაწილია, რომელსაც საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის სამსახურისთვის აქვს გადადებული და რომელიც მშვიდობის უზრუნველსაყოფად მუსლიმანურ ქვეყანაში მიემგზავრება, აუცილებლად გვჭირდება კარგად ვიცოდეთ ამ ქვეყნის ტრადიციები. ეს ჩვენს სამხედროებს ხელს შეუწყობს უფრო ეფექტურად მოიპოვონ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობა. დღეს, ჯარში მსახურობენ ის ადამიანები, ვისაც საკუთარი სიცოცხლის ფასად სურთ საკუთარი ქვეყანა და ქვეყნის ინტერესები დაიცვან.
დიდი მადლობა დალოცვისთვის. ჩვენ ამ ტრადიციას, რომელიც დღეს დაინერგა აუცილებლად გავაგრძელებთ და ტრადიციად ვაქცევთ. აქ წარმოდგენილი სამხედროები - მუსლიმები, ქრისტიანები და ნებისმიერი სხვა რელიგიის წარმომადგენლები - ერთნი ვართ, ერთ მუშტად შეკრულები უნდა ვიცავდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ეს ისტორიულად ასე იყო. ჩვენს ტრადიციებს ამდიდრებდა მუსულმანური ტრადიციები და სხვა რელიგიები, რომლებიც ასწლეულების და ათასწლეულების განმავლობაში ამდიდრებდა ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვან ეტაპად მიმაჩნია, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ საქართველო არის ყველას სახელმწიფო, ვინც კი აქ ცხოვრობს, ყველა რელიგიის წარმომადგენლის სახელმწიფო და ერთად, ერთ მუშტად შეკრულებმა უნდა დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა“.
31-ე ბატალიონის სამხედროები როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონს ჩაანაცვლებენ. 31-ე ბატალიონი ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას უკვე მეორედ მიიღებს. ISAF-ის მისიის შესრულება პირველად სწორედ ამ ბატალიონის სამხედროებმა 2010 წლის აპრილიდან დაიწყეს. ბათუმის ცალკეული მსუბუქი ბატალიონი მისიას ამერიკული კონტინგეტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „ლეზერნიკზე“ განახორციელებს.