მამუკა მამულაშვილი: რუსული სცენარით მიმდინარეობს ყველაფერი, როდესაც რუსეთში პოლიტიკური დაძაბულობა იწყება, იწყებს ომს, გადატრიალებაზე ლაპარაკს, ან ტერორისტულ აქტებს საკუთარ ტერიტორიაზე -„ქართულ ლეგიონს“ არ სცალია სუს-ის ჭორებისთვის

მამუკა მამულაშვილი: რუსული სცენარით მიმდინარეობს ყველაფერი, როდესაც რუსეთში პოლიტიკური დაძაბულობა იწყება, იწყებს ომს, გადატრიალებაზე ლაპარაკს, ან ტერორისტულ აქტებს საკუთარ ტერიტორიაზე -„ქართულ ლეგიონს“ არ სცალია სუს-ის ჭორებისთვის

“ქართული ლეგიონის“ მეთაურის მამუკა მამულაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება არის აბსურდული, რაც შესაძლოა რუსეთის ინტერესებში შედიოდეს.

როგორც მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლება ამ თემის წამოჭრით ცდილობს გადაფაროს ის თემა, რაც შესაძლოა, ქვეყანაში კანდიდატის სტატუსის არმინიჭების გამო დაიწყოს.

„ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარს ეტყვიან და ეს გარკვეულწილად საზოგადოებაში ღელვას გამოიწვევს. სწორედ ამ მუხტისა და ენერგიის გადასატანად ცდილობენ გაამწვავონ ახლა სიტუაცია „ქართული ლეგიონის“ გარშემო და რაღაც გადატრიალებაზე ისაუბრონ. ბუნებრივია, დღევანდელი ხელისუფლება კრემლს ემსახურება, ამაში არავის ეჭვი აღარ ეპარება. მახსოვს, როდესაც საქართველოში ჩამოსული ვიყავი, „იმედის“ ჟურნალისტმა მითხრა, თქვენ სახელმწიფო გადატრიალების განსახორციელებლად ჩამოხვედითო? ვუთხარი, არა, მამაჩემი გარდაიცვალა და ამის გამო ჩამოვედი-მეთქი“,- განაცხადა მამულაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ რუსეთი გამოირჩევა ასეთი პრიმიტიული ქცევით და „ეს ყველაფერი რუსულ პოლიტიკას ემსახურება“.

„სამწუხაროდ, ზუსტად რუსული სცენარით მიმდინარეობს ყველაფერი. როდესაც რუსეთში პოლიტიკური დაძაბულობა იწყება, რუსეთი იწყებს ან ომს ან რაღაც გადატრიალებაზე ლაპარაკს, ან ტერორისტულ აქტებს აკეთებს საკუთარ ტერიტორიაზე“,- განაცხადა მამულაშვილმა.

კითხვაზე, რა ურთიერთობა აქვს მას, სუს-ის განცხადებაში გადატრიალების ორგანიზატორებად დასახელებულ პირებთან, მიხეილ ბატურინთან ან გიორგი ლორთქიფანიძესთან, მამუკა მამულაშვილმა განმარტა, რომ ბატურინს საერთოდ არ იცნობს.

„ბატურინი საერთოდ არ ვიცი ვინ არის, რა შეხება აქვს. „ქართული ლეგიონის“ კონტექსტში ვიღაც ადამიანს იხსენიებენ, სისულელეა. ლორთქიფანიძეს რაც შეეხება, ვიცნობ, ვმეგობრობ, არ არის ცუდი ადამიანი. სუს-ის სტრუქტურა პროვოკაციას ცდილობს, ეს ყველაფერი აბსურდულია“, - განაცხადა მამულაშვილმა.

რაც შეეხება ბრალდებებთან დაკავშირებით რეაგირებას, მამუკა მამულაშვილმა განმარტა, რომ ამისთვის არ სცალიათ.

„ქართულ ლეგიონს დღეს არ სცალია იმისთვის, რომ პრორუსულ ძალებს პასუხი გავცეთ მედიის საშუალებით და პაექრობა დავიწყოთ. ესენი არიან ჩამოყალიბებული იდიოტები, რომლებიც ჩვენს დისკრედიტაციას ცდილობენ. ყოველ დღე ფრონტის ხაზზე გვესვრიან და თუ აპირებენ ასეთი პრიმიტიული ქცევით შეგვაშინონ, ეს დიდი აბსურდია. ვერ ვხვდები რისთვის კეთდება ეს, თუ რუსეთის შეკვეთა არ არის“, - განაცხადა მამულაშვილმა.

გარდა ამისა, მან უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საარტილერიო დაბომბვის ქვეშ მოჰყვა.

„სამწუხაროდ, სიახლოვეს ჩამოვარდა ჭურვი და ჩვენმა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მინდა ამით ხაზი გავუსვა იმას, რომ „ქართულ ლეგიონს“ არ სცალია სუს-ის ჭორებისთვის. ეს სტრუქტურა გახდა ჭორების გამავრცელებელი მექანიზმი და არა სერიოზული სტრუქტურა, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ნახევარ მილიონ ჩამოსულ რუს აგენტს ებრძვის. ის ცდილობს იმ ადამიანების დისკრედიტაცია მოახდინოს, ვინც საქართველოს ინტერესებს იცავენ“, - განაცხადა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. უწყების ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილია.

amo შენი (?) საქმე აკეთე და თუ არ გინდა ეჭვები გაჩნდეს, (თოფიანი კაცი) პოლიტიკურ განცხადებებს უნდა შეეშვას.
10 თვის უკან