„ნეტავ, საერთოდ არ შემოგვეშვა ენგურს იქით „მხედრიონი“ და აფხაზებთან დავრჩენილიყავით“

„ნეტავ, საერთოდ არ შემოგვეშვა ენგურს იქით „მხედრიონი“ და აფხაზებთან დავრჩენილიყავით“

[როზი ჯღამაია]
13 აგვისტოს ისნის რაიონის ჰოსპიტალიდან პოლიციის ძალით გამოყრილი დევნილების ნაწილი გლდანში, ქერჩის ქუჩაზე, ყოფილი უშიშროების აკადემიის ეზოში მშენებარე შენობას აფარებენ თავს. როდესაც მათ გაჭირვებას უყურებ, მხოლოდ ერთი აზრი შეიძლება გაგიჩნდეს ადამიანს – როგორი ზიზღი უნდა დათესო და როგორ უნდა შეურაცხყო ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები, რომ მტერს გამოქცეული დევნილები უკან, მტერთან დაბრუნებას ნატრობდნენ.

რამდენიმე წლის წინ აჭარაში, როცა დევნილები ასე, კისრისტეხით გამოყარეს შესახლების ადგილებიდან და რამდენიმე მათგანმა აფხაზეთში გადასვლა მოითხოვა, პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ მათ მოღალატეები უწოდა. ბურჯანაძესთვის ეს ფრაზა, საბედისწერო თუ არა, ალბათ, ერთ–ერთი ყველაზე ცუდი მოსაგონარია იმ დროიდან, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ჯერ კიდევ მართვის სადავეებს ებღაუჭება, დამოკიდებულებას არ ცვლის საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

არ ვიცი ვინ რა სახელს დაარქმევს ამ ადამიანების მოთხოვნას – ღალატს, გამყიდველობას, თუ სხვა რამეს, მაგრამ სანამ, მათ განსჯას დავიწყებთ, სასურველია თავად ხელისუფლებამ გასცეს რამდენიმე კითხვას პასუხი –რა ჰქვია როცა ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ნახირივით ქუჩაში ერეკება? რა ჰქვია, სამართალდამცავს, რომელიც საკუთარ თანამოქალაქეს შუბლის გახვრეტით ემუქრება? რა ჰქვია დამოკიდებულებას, როცა არ გაინტერესებს შენი მოსახლეობის ბედი და აქვს თუ არა რომელიმე ხელისუფალს უფლება დამცირებაში, შიშსა და ტერორში აცხოვროს საკუთარი ხალხი?

სანამ დევნილთა მონათხრობზე გადავალთ. მოკლედ აღვწერ პირობებს, რომელშიც რამდენიმე დევნილს უწევს ყოფნა. უშიშროების აკადემიის ეზოში მდგარ შენობის ჩონჩხს, ორიოდე წელია პატრონი გამოუჩნდა, რომლებიც ასევე დევნილები არიან. ხალხმა საკუთარი სახსრებით დაიწყო იქ მშენებლობა და ამჟამად ზედა ორ სართულზე რამდენიმე ოჯახია დასახლებული. პირველ სართულზე კი ღია ტერიტორიაა, რომელსაც კედლებიც კი არ აქვს. სამაგიეროდ, გადახარული სივრცეა, სადაც წვიმას მაინც შეიძლება შეაფარო ადამიანმა თავი.

ჰოსპიტალიდან გამოყრილმა დევნილებმა ამ ფართის შესახებ ნათესავი დევნილებისგან შეიტყვეს, რომლებიც იქვე ცხოვრობენ. ამბობენ, რომ რადგან წასასვლელი არსად ჰქონდათ, ღია ცისქვეშ ყოფნას გადახურულში ყოფნა ამჯობინეს და უკვე 5 ღამეა აქ ათენ–აღამებენ. ავეჯიც – რამდენიმე სკამი, საწოლი, თარო, ტახტი და ათასი წვრილმანიც იქ მოუზიდიათ. სულ ესაა მათი ავლა–დიდება. ყავარჯენმომარჯვებული კაცები, მთელი დღის განმვლობაში, თითქმის გაუნძრევლად სხედან საწოლებზე და ცოლების მოლოდინში ერთმანეთში მუსაიფობენ.

ცოლები კი მუდმივად მიდი–მოდიან, ზოგს ახალი ამბებიც მოქვს, მაგრამ არცერთი დამაიმედებელი. ზოგს ამბის გასაგებადაც არ სცალია, რადგან სამსახურშია, ხოლო ზოგიც ბავშვებთანაა წასული, რომლებიც ნათესავებისთვის ჰყავთ მიბარებული.

ყველა მათგანი აფხაზეთიდან დევნილია და მიუხედავად თავს გადამხდარი უამრავი გაჭირვებისა, დაჯერებაც კი უჭირთ, როგორ ექცევა საკუთარ ხალხს ხელისუფლება. აღიარებენ, რომ მხარს მიხეილ სააკაშვილს უჭერდნენ და მათი დამსახურებაცაა, რომ დღეს მიშა ისევ სათავეშია. თუმცა, პირველად, ახლა დაფიქრდნენ იმაზე, რატომ ხაზავდნენ ყოველ არჩევნებზე ხუთიანს და გადაწყვეტილებაც მიიღეს:

–„ხელები მომტყდეს, რომ აწი მე ხუთიანი შემოვხაზო. ახლაც ნახონ რა მხარდაჭერაც ექნებათ“, – არ ვიცი ამ ფრაზის ავტორს რა ჰქვია, მაგრამ ნაკლებად მჯერა, რომ შედგომ არჩევნებზე „ნაციონალებმა“ ისევ არ მოაჯადოვონ დევნილები ლამაზი დაპირებებით. სხვათა შორის, ამას ბევრი მათგანიც აღიარებს, მაგრამ წინ ორი წელია და დაბეჯითებით არაფრის თქმა შეიძლება. მაგრამ ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც შემდეგ მოვისმინე სასოწარკვეთილი დევნილებისგან.

–„ნეტავ, საერთოდ არ შემოგვეშვა ენგურს იქით „მხედრიონი“ და აფხაზებთან დავრჩენილიყავით. რისთვის ვიბრძოდით, იმისთვის, რომ ამხელა დამცირება გვენახა საკუთარი ხელისუფლებისგან? ახლა კი ვითხოვ „დეპორტის“ საბუთი მომცენ, რომ მაგდებენ და ამ ქვეყანაში არ ვჭირდებით არავის. ეს საბუთი რუსს უნდა ვაჩვენო ენგურზე და იმ რუსმა მერე აჩვენოს მთელს ქვეყანას რა დღეშიც ესენი გვაგდებენ“, – ეს ფრაზა რამდენჯერმე გაიმეორა 60 წელს მიტანებულმა ზურაბ ნაყოფიამ, რომელსაც თან, ბრაზი ახრჩობს, მაგრამ უმწეობისგან რა მოიმოქმედოს არ იცის და ყავარჯენს მთელი ძალით აწვება.

მის მოპირდაპირედ, მისი ასაკის კიდევ ერთი, ყავარჯენს დაყრდნობილი მამკაცი ზის. ის საუბარში არ ერთვება, მაგრამ მისმა მეუღლემ თქვა ოჯახის გასაჭირი.

„ჩემს მეუღლეს ხელ–ფეხი წართმეული აქვს და დამოუკიდებლად უჭირს გადაადგილება. დღეს საპირფარეშოში მოინდომა წასვლა, მაგრამ აქ სად წავიდოდა, უნდა გენახათ, მეორე სართულზე როგორ ავიყვანეთ გაჭირვებით. შემდეგ კი უნდა გენახათ იქედან, საცოდავად, ცოცვა–ცოცვით, როგორ ჩამოდიოდა კიბეებზე, რომ არ გადმოვარდნილიყო. ყველაფრის მიუხედავად, სიკვდილი არავის უნდა. ამას რამდენ ხანს გავუძლებთ? ეს რომ ჯანმრთელი მყავდეს, რაღაცას ვიზამდი, მაგრამ ახლა ვერსად მივდივარ, რადგან ვერ ვტოვებ. უნიტაზი დავდგით, მაგრამ აბა... “.

მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდი რატომ იდგა ტერიტორიის შუაგულში ბოძებს მიფარებული უნიტაზი და ცოტა არ იყოს, დავიბენი, მაგრამ ისევ ზურაბ ნაყოფიამ გამომიყვანა მდგომარეობიდან: „ჯანმრთელი რომ ვყოფილიყავი, ამათი სამათხოვრო რა მქონდა? მეგონა ქართველი ვიყავი და ჩემი საქართველო დამიცავდა, მაგრამ თურმე, ქართველიც არ ვყოფილვარ და არავის ვადარდებ. ვყოფილიყავი იმ ჩემს აფხაზეთში“.

ამ საუბარში ვიყავით, რომ ნაყოფიას მეუღლეც შემოგვიერთდა: „სიღარიბის ზღვარს მიღმა ვართ, ქმარი ინვალიდია და ამას თქვენც ხედავთ, მაგრამ ამის საბუთსაც ვერ ვიღებ, რადგან მითხრეს უნდა იბრძოლოო. ბრძოლას კი ფული უნდა, რომელიც არ მაქვს. ამიტომ, ინვალიდობის დახმარებასაც ვერ ვიღებ. მუხლებში პერიოდულად წყალი უდგება, ექიმთან მისაყვანი ფული რომ არ მაქვს ჩემი ხელით ვუღებ შპრიცით სითხეს და შემდეგ წამალი შემყავს. ერთ დღეს რომ მოკვდეს, ალბათ, ამის გამო დამაპატიმრებენ, მაგრამ რა ვქნა, რომ სხვა გამოსავალი არ მაქვს. მომცენ საბუთი, რომ აქედან მაგდებენ. აფხაზებს დავუჩოქებ და ვეტყვი, რომ საქართველოდან გამომაგდეს და იქ მიმიღონ,“ – ამბობს ნუნუ ბასარია და თან ცრემლებს იმშრალებს.

მალუზა აბრამიშვილი სოხუმის დაცემის დღიდან ორ შვილთან ერთად, სანკტ–პეტერბურგში წავიდა საცხოვრებლად. როცა ბიჭები წამოიზარდნენ და სკოლა დაამთავრეს საქართველოში უკვე, მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. უფროს შვილსაც გულმა საქართველოსკენ გამოუწია.

„იქ ყველამ ვიცოდით, რომ სააკაშვილმა საქართველო ააყვავა, შექმნა ქართული არმია და საქართველოში ცხოვრება კარგად მიდიოდა. ჩემმა ბიჭმა დაიჩემა საქართველოში წამოსვლა. მომატყუა, სასწავლებლად საქართველოში წავალო და ჯარში წავიდა. მალე, რუსეთში ქართველების დეპორტი დაიწყო და ჩვენც ჩამოვედით. ჩემი შვილი აგვისტოს ომში მონაწილეობდა, ბრონიჟილეტმა დაიცვა, თორემ ტყვია გულში მოხვდებოდა. შვილს ვკლავდი და რისთვის, ამისთვის, რომ აქ ვყოფილიყავი? ამათ ვანდე შვილი, რომელთაც თურმე არაფერში ვჭირდებოდით. ამისთვის გვჯეროდა და ვუჭერდით მხარს სააკაშვილს?

როცა უკან ვბრუნდებოდით დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩვენი საქართველო შეგვიფარებდა, მაგრამ აი, სად ვზივართ ახლა. აგვისტოს ომი რომ დაიწყო, სამხედრო ჰოსპიტალში ჩვენით შევედით და ესეც იმიტომ, რომ მაშინ პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, დევნილები სადაც სახელმწიფოს კუთვნილ, ცარიელ ობიექტს ვნახავდით შეგვეძლო თავი შეგვეფარებინა. ჩვენ ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით მივმართეთ, რომ ჰოსპიტალში ვიყავით შეჭრილები, მაგრამ მაშინ ყურადღება არავინ მოგვაქცია.

12–ში ღამით განცხადება გამოაკრეს, რომ შენობა დაგვეცალა, 13–ში დილით 5 საათზე დაგვესხნენ თავს და მუქარის ძალით გამოგვყარეს შენობიდან. პოლიცია გვეუბნებოდა, თუ არ გახვალთ შუბლს გაგიხვრეტთო. დაგვცინოდნენ და გვაფურთხებდნენ. ერთ–ერთ ქალბატონს ზიზღით უთხრეს, ვინ ხარ, ქალს მაინც გავდეო. რა ვქნათ, თუ ყველა ლამაზები არ ვართ? რომ ვეკითხებოდით, სად წავიყვანოთ ეს ინვალიდები–თქო, შენი ინვალიდი შენი პრობლემაა და ჩვენ არ გვეხებაო – გვპასუხობდნენ“.

საუბარში ნუნუ ბასარია ერევა: „როცა ქუჩაში გვყრიდნენ ერთ პოლიციელს ვკითხე, რომ არ წავიდეთ, რა, მომკლავთ–მეთქი და – ჩვენთვის არ არის პრობლება, შუბლს გაგიხვრეტთო – მითხრა“.

ახლა რას აპირებთ, სულ ასე ხომ არ იქნები, ვეკითხები დევნილებს.
–წასავლელი რომ არსად გვაქვს, სად წავიდეთ? წავალ და დავჯდები იმ რეზიდენციის წინ, – ამბობს მალუზა აბრამიშვილი.

–ასე დაჯდა ერთი დევნილი, მაგრამ რომ არავინ მიაქცია ყურადღება ადგა და წავიდა, პასუხობს ნუნუ ბასარია და განაგრძობს – გვეუბნებიან, თქვენ თავს მიხედეთ, სანამ მეორე ეტაპი იქნებაო. ჯერ, პირველი ეტაპისთვის არ მიუხედავთ და ჩვენ როდის რა გვეღირსება?

ფოცხოში წასვლა არ შემოგთავაზეს? – ვეკითხები ახალგაზრდა ქალს, თეა აბრამიშვილს.
–ჩვენთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია. ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ ფოცხოში არის თქვენთვის გამოყოფილი ფართებიო. ჩვენ ვითხოვეთ, რომ ვინმეს ეჩვენებინა რას გვთავაზობდნენ, მაგრამ არავის ჩვენთვის ყურადღება არ მოუქცევია, გეგონება ჩვენ დევნილები არ ვართ.

ჰოსპიტალამდე სად ცხოვრობდით?
–ქირით ვცხოვრობდით, იქ გვქონდა მიწერაც. ჩვენ ყველას გვაქვს თბილისის მიწერა. ბავშვები აქ დადიან სკოლაში, აქ ვმუშაობთ და ამით ოჯახებს ვარჩენთ. ფოცხოს რომ გვეუბნებიან, გვაჩვენონ რა არის იმ ფოცხოში, მაგრამ იქედან გამოქცეულა ხალხი და ჩვენ იქ გვასახლებენ?

რატომ გამოიქცნენ და ვინ?
–იქ წასულან დევნილები, მაგრამ ვერ გაძლეს, სადღაც ტყეში ყოფილა შენობა, წყალი იქ არ არის და შუქი. ჩვენ რა, ადამიანები არ ვართ? რაღაც ორსართულიანი შენობა ყოფილა, სადაც არც საბოსტნე ადგილებია და არც არაფერი. ახლა ადამიანს რომ იქ გაუშვებ, წინ ზამთარია და მოსავალი როდის უნდა მიიღოს? ჩვენი მთავრობა ჰაერით იკვებება? არა მგონია, თავად მილიონები ხომ აქვთ. დღეში 10–ლარიან სამსახურს რომ მაკარგვინებენ, ეს არაფერია?

მე ზუსტად ვიცი, რომ მეკუთვნის კომპენსაცია, დევნილებზე უამრავი მილიონია გადმორიცხული. კობა სუბელიანი, რომ ამბობს დევნილებს რემონტებს ვუკეთებთო, ყველა გარეთ გამოყარა და ვის უკეთებს რემონტს, თავის სახლში აკეთებს? ჩვენც გვქონდა სახლ–კარი, ჩვენი ეზო გვქონდა და ადამიანურად ვცხოვრობდით. ყველაფერი დავკარგეთ და ახლა ერთო ოთახის ღირსნი არ ვართ? ჩვენ არ ვითხოვთ ფეშენებელურ სახლებს, როგორც აგვისტოს ომის დევნილებს მისცეს, ჩვენც ისე მოგვცენ კომპენსაციები, თანახმა ვართ ამაზეც და ჩვენს თავს მივხედავთ. მერე ის 28 ლარიც წაიღონ სადაც უნდათ. 17 წლის განმავლობაში, არ მახსოვს, რომ ვინმეს იმ 28 ლარის გარდა რაიმე დახმარება მოეცეს. დღეს დილით დევნილთა სამინისტროში დავრეკე და შეგვპირდნენ, რომ კომისიას გამოვუშვებთო და ვნახოთ.

ამ დროს საუბარში კვლავ ზურაბ ნაყოფია ჩაერთო: „ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ დაუჩემებიათ, რომ ამ ხალხზე კომპენსაცია გვაქვს მიცემულიო, არ დაიჯეროთ. ჰოსპიტალში სამაჩაბლოდან დევნილებიც ცხოვრობდნენ. შესაძლოა, კომპენსაცია მათთვის ჰქონდათ მიცემული, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენთვის, აფხაზეთიდან დევნილებისთვის ერთი კაპიკი არავის მიუცია და ტყუილად ნუ გვაბრალებენ. ჩვენთვის კომპენსაცია რომ მოეცათ, ჩვენს თავს თავად ვუშველიდით, ან ამათი შესახვეწი რა მქონდა ინვალიდი რომ არ ვიყო. ინვალიდი რომ ვარ ესაა ჩემი გასაჭირი“.

ყველაფრის მიუხედავად, დევნილებს მაინც იმედი აქვთ, რომ ბოლომდე არ გასწირავენ. თეა სუბელიანის უწყების მიერ შეპირებულ კომისიას ელოდება, მაგრამ რა გამოვა აქედან არ იცის. ნუნუ ბასარია კი უფრო უიმედოდ გრძნობს თავს, რადგან თავიდანვე კერძო მიწერა ჰქონდა წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, სადაც თავდაპირველად ქირით ცხოვრობდა. ახლა კი ეუბნებიან, რომ ვინაიდან კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში არ ყოფილხართ მიწერილი ჯერ, თქვენი დაკმაყოფილება შეუძლებელიაო და არც იმას ეუბნებიან როდის იქნება შესაძლებელი. ზურაბ ნაყოფია კი ჯიუტად ითხოვს იმის დამადასტურებელ საბუთს, რომ საქართველოში მისი ადგილი არაა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთ საბუთს მას არავინ მისცემს და ალბათ, ეს თავადაც იცის, უბრალოდ, ამ მოთხოვნაში ამჟღავნებს საკუთარ პროტესტს.

ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ დევნილების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნავს, მაგრამ ამ მაგალითზე გაუჭირდება ამის დამტკიცება, მითუმეტეს, რომ არც სხვა დევნილები (გამონაკლისების გარდა) არიან უკეთეს პირობებში. ის ვისაც ხელისუფლება დაკმაყოფილებულად მიიჩნევს, გრძნობენ თუ არა თავს ისინი დაკმაყოფილებულად ესეც საკითხავია. რაც შეეხება ფოცხოეწერას, დღეს, 18 აგვისტოს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე აპირებს იქ ჩასვლას, რათა საკუთარი თვალით ნახოს ვის და რას სთავაზობენ. ამის შემდეგ, ალბათ, დეტალურად შეიძლება საუბარი რად უღირს ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობა.