სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, ბაჩა მგელაძის ცნობით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი, საქართველოში დესტაბილიზაციას გეგმავს.
ამასთან დაკავშირებით შეფასებები უკვე გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი სუსი-სგან კონკრეტულ მტკიცებულებებს ითხოვს, ნაწილი კი ვერაფერს გამორიცხავს და თვლის, რომ თუ რეალურად არსებობს დანაშაული, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, "სუს-ში ბევრი იფიქრეს როგორ გადაეფარათ ფარცხალაძის სკანდალი და მოიფიქრეს ეს ამბავი".
"სერიოზულად ამის კომენტირება წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, სუს-ში ბევრი იფიქრეს, როგორ გადაეფარებოდნენ ფარცხალაძეს და როგორ გადაეფარათ ეს სკანდალური თემა და მოიფიქრეს ეს", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ასეთი განცხადების შემდეგ, სუს-მა უნდა აჩვენოს საზოგადოებას საიდან მომდინარეობს ეს ყველაფერი და თუ რაიმე გამოსაძიებელია - უნდა გამოიძიონ.
"რადგან ამ განცხადებას აკეთებენ, მაშინ საზოგადოებას უნდა აჩვენონ საიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი და თუ რამე გამოსაძიებელია, რა თქმა უნდა უნდა გამოიძიონ ეს ყველაფერი და თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, ეს პირები უნდა დაისაჯონ. მე ვერ გეტყვით ეს ყველაფერი პრევენციულია თუ არა. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ თუ დანაშაული მზადდება ან თუ დანაშაული ჩადენილია, ამას სჭირდება გამოძიება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.