ანზორ კიახბა: „ბევრს აქვს სურვილი, რომ იცხოვრონ ქართველებთან ერთად“

ანზორ კიახბა: „ბევრს აქვს სურვილი, რომ იცხოვრონ ქართველებთან ერთად“

20 წელი აფხაზეთის გარეშე… საომარი დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ" ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

„აფხაზურმა გვარდიამ" შეიარაღებულ ძალებს გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირის გარდა, გულირიფშის რაიონში და სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედების დაწყება მოჰყვა. საომარი მოქმედება 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხებით დასრულდა. 30 სექტემბერს კი აფხაზურ-რუსულმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები დაიკავეს.

ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის ომმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 6 ათასი მკვიდრი იმსხვერპლა, ათასობით მშვიდობიანი მოსახლე უგზოუკლოდ დაიკარგა, ხოლო ბრძოლის ველზე 8-9 ათასი მეომარი დაიღუპა. რაც შეეხება აფხაზური მხარის დანაკლისს, დაიღუპა 3 500, ხოლო 2 ათასზე მეტი აფხაზი დაიჭრა. 27 სექტემბერი ერთ-ერთი მძიმე თარიღია, რომელიც აფხაზეთიდან დევნილებსა თუ საომარი მოქმედებების მონაწილეებს მწარედ ახსენდებათ.

აი რას წერდა აკაკი ბაქრაძე: „საქართველოს ისტორიაში მეორედ მოხდა ჩვენი ქვეყნის კატასტროფული დამარცხება. პირველად - მაშინ, როცა ის ტერიტორია დაკარგა, რომელიც ამჟამად „თურქეთის საქართველოდ" იწოდება და მეორედ - 1992 წლის 27 სექტემბერს, როცა რუსეთმა აფხაზეთი მოგლიჯა საქართველოს“.

გაუძლებს კი მესამედ საქართველო ტერიტორიების დაკარგვას? ეს კითხვა ყველა გონიერ ადამიანს აწუხებს დღეს. ალბათ, ამ კითხვას დამაჯერებელი პასუხი რომ გავცეთ, ჩვენი დამარცხების მიზეზებიც უნდა გავარკვიოთ.

ჩვენ სტუმარი, ანზორ კიახბა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ქრისტანობის ის აკვანი, სადაც ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა. მისი თქმით, საბჭოეთმა, ბევრ სხვა „სიკეთესთან" ერთად, მუდამ მეგობარ აფხაზებთანაც გადაგვკიდა ქართველები. ხელოვნურად შექმნილი ავტონომია, ერთი მუჭა აფხაზი სეპარატისტების წაქეზება იმით დაგვირგვინდა, რომ აფხაზეთი რუსეთმა „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ" გამოაცხადა. დღეს, ენგურს გაღმა მყოფი აფხაზები ღიად საუბრობენ, რომ ისინი არათუ დამოუკიდებლები არ არიან, არამედ პირდაპირ დამოკიდებული არიან რუსეთზე.

ბატონო ანზორ, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რა გახდა რუსი დიპლომატის მკვლელობის მიზეზი, ვინაიდან ეს არაა რუს დიპლომატებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა, რა ხდება აფხაზეთში?

ანზირ კიახბა: ეს ნიშნავს იმას, რომ პროაფხაზური ორიენტაციის ძალებს არ მოსწონთ, ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები,  რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. დიპლომატიური მისია, რომელიც ფუნქციონირებს აფხაზეთში, ატარებს არა ადგილობრივი აფხაზი ხალხის ინტერესებს, არამედ რუსეთის ფედერაციის ინტერესებს. როგორიცაა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ გარკვეული ბიზნეს-ინვესტიციების დაბანდება, იგივე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე მიწის საკუთრებაში გადაფორმება და რიგი სხვა საკითხები. აფხაზეთში ეკონომიკურ საკითხებს განაგებენ რუსი ბიზნესმენები, ისინი არ ითვალისწინებენ ადგილობრივი აფხაზების ინტერესებს.

ვფიქრობ, რომ ეს თავდასხმაც იმ პოლიტიკურ პროცესებს  უკავშირდება რომელიც ხორციელდება რუსეთის მხრიდან ფახაზეთში. ეს არაა პირველი შემთხვევა, იყო სხვა დაპირისპირებაც, როგორც სამხედრო ქვედანაყოფის წარმომადგენლებს შორის, ასევე იგივე რუს ბიზნესმენებს შორის, რომლებიც ყიდულობენ როგორც ჩვენს მიწას, ისე ინფრასტრუქტურას, რაც რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლების ხელშეწყობით ხდება.

ადგილობრივი ხელისუფლება როგორ უყურებს რუსეთის გაძლიერებას?

- ადგილობრივი ხელისუფლება რამდენსაც არ უნდა ცდილობდეს, რომ პროაფხაზური პოლიტიკა გაატაროს, მას ამის უნარი არ შესწევს. ისინი, პირდაპირ მართული არიან რუსეთის მთავრობის მიერ. აკეთებენ იმას, რასაც რუსეთის უმაღლესი ხელისუფალი კარნახობს.

თუმცა, ამბობენ, რომ ალიკა ანქვაბი არაა ის ადამიანი, რომელიც რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს...

- ხალხი უკმაყოფილოა დღევანდელი აფხაზური ხელისუფლებით. ისინი თავიანთ ინტერესებს ემსახურებიან. შეიძლება შინაგანად ისინი (სეპარატისტული ხელისუფლება) თანაუგრძნობდნენ აფხაზ ხალხს, მაგრამ რეალურად მათ არ აქვთ ძალა, რომ შეეწინააღდეგონ იმ პოლიტიკას, რასაც რუსეთი ახორციელებს აფხაზეთში. აფხაზეთს მთლიანად რუსეთის სპეცსამსახური აკონტროლებს, ამიტომ ნებისმიერი ჩინოვნიკი, რომელიც მუშაობს აფხაზეთის მთავრობაში, უშუალოდ რუსეთის სპესამსახურის კონტროლის ქვეშ არის. სხვადასხვა ეროვნების თანამშრომლები აჰყავთ სამსახურში რუსეთის სპეცსამსახურებს.

ამბობენ, რომ სომეხი ეროვნების მოსახლეობაზე აკათებენ გათვლას...

- არა მარტო სომხები, იგივე რუსები და სხვა ეროვნების ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში. რუსები ბოლომდე არ ენდობიან ანქვაბის მთავრობას და ამ მეთოდით  ცდილობენ კონტროლის დაწესებას. აფხაზეთში აფხაზები უმცირესობაში ვართ და ეს ფაქტია. დაახლოებით 50 ათასი ვართ აფხაზეთში აფხაზები, ორჯერ მეტია სომეხი ეროვნების მოქალაქეები და რუსები, რომელებიც მუდმივად ჩამოდიან და ყიდულობენ ჩვენს მიწას.

სომხები არ ყიდულობენ აფხაზეთში მიწის ნაკვეთებს?

- რა თქმა უნდა, სომხებიც ყიდულობენ, ამიტომ იყო გარკვეული უკმაყოფილება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, რომ  უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ გაფორმებულიყო მიწის ნაკვეთები, ამაზე უკმაყოფოლება მოსახლეობამაც გამოთქვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნამ ხელი შეუწყო რუსეთის მოქალაქეებზე ჩვენი მიწისა და საკუთრების გასხვისების ფაქტმა.

გასაგებია, რომ აფხაზეთს მთლიანად აკინტროლებს რუსეთის ხელისუფლება, მაგრამ რა გავლენით სარგებლობენ სომხები?

- რა თქმა უნდა, გარკვეული გავლენები აქვთ სომხებს, მათ აქვთ თავიანთი ბიზნესინტერესები. სომხები მონაწილეობდნენ იმ კონფლიქტში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უფრო პრივილიგირებული იყვნენ, ვიდრე ჩვენ - აფხაზი მოსახლეობა აფხაზეთში.

რაც შეეხება აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს, როგორია მათი მდგომარეობა და თუ გაქვთ აფხაზებს მათთან ურთიერთობა?

- პირდაპირ გეტყვით, რომ გვაქვს ზუსტად ის ურთიერთობა, რაც გვქონდა ომის დაწყებამდე. აფხაზეთში ცხოვრობენ ქართველები, მეტწილად - გალის რაიონში. არიან ოჩამჩირის რაიონში, სოხუმში, კანტი-კუნტად არიან გაგრაში. იქ არიან უფრო ხანდაზმული ადამიანები, რომლებმაც ომის შემდეგ შეინარჩუნეს თავიანთი სახლ-კარი. ზოგს აფხაზი ნათესავები ჰყავთ და ისინი ერთმანეთს ინახავენ. მადლობა ღმერთს, რომ არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც მართლაც რომ ბევრ ქართველს გაუწოდეს დახმარების ხელი.

რაში გამოიხატება თქვენი მხრიდან ეს დახმარება?

- მე პირადად ბევრი ქართველი მეგობარი მყავს და ნათესავიც. ომის დროს ჩვენ ერთმანეთი შევინახეთ, ერთი სისხლი გვაქვს. გეტყვით, რომ  ქართველების მიმართ ბევრი ცუდად არის განწყობილი. აი თქვენ, რომ ამბობთ სეპარატისტულად არიან განწყობილიო, აი ამ კატეგორიას არ უნდა ქართველების დაბრუნება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მონატრებული არიან ნათესავებს, მეზობლებს, მეგობრებს. ბევრს აქვს სურვილი, რომ იცხოვრონ ქართველებთან ერთად. ჩემისთანა ადამიანი ხედავს, რა ხდება აფხაზეთში. ხვალ და ზეგ აფხაზეთი მთლიანად მოექცევა რუსული ჩექმის ქვეშ. უფრო მეტი რუსი იცხოვრებს აფხაზეთში, ვიდრე დღეს. ბევრს ჯერა, რომ რუსეთი კარგია მათთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენთვის ახლო ნათესავი ერი - ეს არის ქართველები.

თქვენ ომობდით?

- ეს ჩემი პირადულია და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. დღეს არა აქვს მნიშვნელობა იმას, ვინ ომობდა და ვინ არა. მთავარია, ვინ გადადგამს ნაბიჯს შერიგებისკენ. მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ, რომ შერიგებისკენ გადავდგათ ნაბიჯი. ჩვენს ახალგაზრდებს სამუშაო არ აქვთ. ამიტომაც კრიმინალური მენტალიტეტისკენ აქვთ მიდრეკილება. როცა ვუყურებთ, რა ხდება საქართველოში - ახალგაზრდები სწავლით არიან დაკავებული - ამას მოკლებულია აფხაზეთის ახალგაზრდება. საღად მოაზროვნე აფხაზი ფიქრობს, რომ აუცილებელია ქართველებთან შერიგება.

როგორ წარმოგიდგენიათ შერიგების პროცესის დაწყება?

- ახალგაზრდა აფხაზმა და ქართველმა ერთად ისწავლოს, სოხუმში თუ ვერ ისწავლიან, ისწავლონ ერთად თბილისში, უცხოეთში. ერთად დაისვენონ, კარგად გაიცნონ ერთმანეთი. ერთმანეთს გაუზიარონ მათი ტკივილი და სიხარული. არ შეიძლება სულ სისხლით, ომით და შუღლით ვიცხოვროთ. წარსულისკენ ყურებით შედეგს ვერ მივიღებთ. მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი თავის თავზე ფიქრობს, მას არ ადარდებს აფხაზებისა და ქართველების შერიგება. არც ახალი ხელისუფლება ლაპარაკობს შერიგებაზე. ასეც არ შეიძლება.  გვითხრათ, უნდათ თუ არა ჩვენთან ერთად ცხოვრება. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ.

ზუსტად ერთი წლის წინ, 27 სექტემბერი გმირთა მემორიალთან შვილმკვდარი აფხაზი და ქართველი დედა ერთმანეთს შეხვდა. ალბათ, გაშუქდებოდა ეს ფაქტი აფხაზური მედიის მიერ, როგორ აღიქვეს აფხაზმა დედებმა?

- ყველა დედა ტირის, რომელსაც შვილი ომში ეღუპება. ტირის როგორც ქართველი, ისე -აფხაზი დედა.  27 სექტემბერი ჩვენთვის, აფხაზებისთვის, გამარჯვების დღეა, ქართველებისთვის - ტრაგედიის დღე. მე ვფიქრობ, რომ ორივესთვის ტარგედიაა. ამ ომს გამარჯვებული არ ჰყავს. გამარჯვებულია მხოლოდ ის ძალა, რომელიც ახლა ბობოქრობს აფხაზეთში. ცრემლი დაღვარა აფხაზმა დედამ, ცრემლი დაღვარა ქართველმა დედამ. ამიტომ, ძნელია იმის თქმა, ვინ არის გამარჯვებული. ორივე დედა გლოვობს. 27 სექტემბერი ტრაგედია როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის. ჩვენ უნდა შევრიგდეთ... (ტირის. თ.ქ.) მაგალითად, ძალიან კარგი იყო აფხაზებს მოქალაქეობას რომ აძლევდნენ. ახლა უარს ეუბნებიან. უფასო იყო მკურნალობა, ახლა არაა.

თქვენ სამკურნალოდ იყავით ჩამოსული?

- დიახ, მაგრამ შემექმნა პრობლემები. მითხრეს რეინტეგრაციის სამინისტროში შეიტანეთ განცხადებაო, ახლა ფინანსური პრობლემებიაო. მე პირადად მინდოდა მოქალაქეობის მიღება, ამაზეც უარი მითხრეს. ამბობენ, რომ ახლა საპრეზიდენტო არჩევნებიაო. ადრე უფრო თავისუფლად გადმოვდიოდით, ახლა უკვე რუსებიც არ გვატარებენ ხიდზე. შემოვლითი გზით გადმოვედით 4 აფხაზი.

წლების განმავლობაში მუშობდით სკოლაში, 1 კვირაა რაც თბილისში ხართ. თუ შეხვდით თქვენს ყოფილ კოლეგებს, მოსწავლეებს, მეზობლებს?

- ბევრი ჩემი მოსწავლე ვნახე. გამიხარდა მათი ნახვა, მოვეფერეთ ერთმანეთს. იყო ასეთი მოსწავლე - გურამ სალია, კარგად სწავლობდა. ეს ბიჭი მთხოვდა, რომ მისთვის აფხაზური ლექსები მესწავლებინა. აქ გავიგე, რომ თურმე იმ ომში დაიღუპა. ძნელია ჩემთვის ამ საკითხებზე საუბარი, იმდენად თბილი ურთიერთობა გვქონდა... ჩემი შვილები აგრძელებენ იგივე  ტრადიციებს. აუცილებელია შერიგება. ჩვენ ერთი კულტურისა და ერთი ტრადიციის მატარებელი ერი ვართ. ორივე მხარემ დაუშვა შეცდომა, მაგრამ არ შეიძლება ამ შეცდომებზე ვიცხოვროთ. ერთად უნდა ვაშენოთ მომავალი. აუცილებელია ხალხთა შორის ურთიეღობის აღდგენა, რაც უფრო მეტი აფხაზი გადმოვა მით უკეთესია. გასაგებია, რომ ამ ეტაპზე ქართველები ვერ ჩამოვლენ აფხაზეთში.

რატომ ვერ გადავლენ, თქვენ ხომ უპრობლემოდ გადმოხვედით?

- არა, მე უპრობლემოდ არ გადმოსულვარ. გითხარით, რომ რუსები უკვე არ ატარებენ  საზღვარზე. თუ მომკვდავი ავადმყოფი არ ხარ, არ გადმოგიშვებენ. რუსეთშიც არიან აფხაზები და ქართველები, ძალიან მეგობრობენ,  ერთობლივი ბიზნესიც აქვთ. ეს ბერკეტები უნდა იქნას გამოყენებული. ჩვენ - აფხაზმა და ქართველმა, უნდა დავარეგულიროთ ეს კონფლიქტი. რუსი და ამერიკელი ამ კონფლიქტს ვერ დაარეგულირებს. ჩვენ უნდა ჩავეხუტოთ ერთმანეთს, ბოდიში ვუთხრათ ერთმანეთს. ერთმორწმუნე ერი ვარ და ერთად უნდა ავაშენოთ მომვალი.  მე ვიცი ბევრი აფხაზი, რომლებმაც ბინა იყიდეს თბილისში, ასევე - ბათუმში. რატომ ყიდულობენ? იმიტომ, რომ აქ ცხოვრება გაცილებით უკეთესია, ვიდრე აფხაზეთში.

P.S. ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ საქართველოში არასოდეს მოკვდება აფხაზეთში დაბრუნების იმედი. იმედია, წლების გასვლისა და ამ დიდი ტკივილის დავიწყების შემდეგ, ქართველები და აფხაზები ისევ შევძლებთ ერთმანეთთან მეგობრულად ცხოვრებას, ხოლო ისტორია თავად განსჯის - ვინ და რატომ დაკარგა აფხაზეთი.