USA Today ცალკე ტეილორ სვიფტისა და ცალკე ბიონსეს ამბებზე მომუშავე ჟურნალისტებს ეძებს

USA Today ცალკე ტეილორ სვიფტისა და ცალკე ბიონსეს ამბებზე მომუშავე ჟურნალისტებს ეძებს

თუ ოდესმე თქვენი არტისტის ფანგვერდი გქონიათ ან გიოცნებიათ, მათზე ინფორმაციის მოძიებაში ფულს გიხდიდნენ, ახლა ამის შანსი უკვე არსებობს — მედიაპლატფორმა USA Today და მისი გაზეთი The Tennessean ჟურნალისტებს ეძებს, რომლებიც მხოლოდ პოპვარსკვლავ ბიონსესთან და ტეილორ სვიფტთან დაკავშირებულ სიახლეებს, მუსიკალურ ტურნესა და კარიერულ მიღწევებს გააშუქებენ.

მედიამ განცხადება ვაკანსიების შესახებ 12 სექტემბერს გამოაქვეყნა, რომლებშიც პოზიციისთვის აუცილებელ პირობებს წერენ. კანდიდატს ჟურნალისტიკის, მარკეტინგის ან კომუნიკაციების სფეროს დიპლომი და ონლაინ მედიაში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

"ჩვენ ვეძებთ ენერგიულ ჟურნალისტს, ფოტოგრაფსა და სოციალური მედიის მენეჯერს, რომელიც სხვადასხვა პლატფორმისთვის ტეილორ სვიფტთან დაკავშირებულ კონტენტს შექმნის და ჩვენი მკითხველის ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს", — წერია განცხადებაში.

მედიის თქმით, ისინი ისეთ ადამიანებს ეძებენ, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ პოპვარსკვლავების კარიერით დაინტერესებულები იქნებიან, თუმცა მათ მიმართ ობიექტურობას შეინარჩუნებენ და ფაქტების გარდა, პოპ კულტურასა და ბიზნესის ინდუსტრიაში სვიფტისა და ბიონსეს გავლენაზეც იმსჯელებენ.

ჟურნალისტებს მომღერლების ტურის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტების გაშუქება და ამისთვის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაევალებათ. კანდიდატები რეზიუმესთან ერთად, 4-8-მდე ჟურნალისტური მასალისა და ვიდეოინტერვიუს მიხედვით შეფასდებიან.

გასართობი ინდუსტრიის ჟურნალისტები ძირითადად სხვადასხვა საკითხზე მუშაობენ, ამიტომ ისეთი შემთხვევები, როდესაც მათ მხოლოდ კონკრეტული ადამიანის კარიერის გასაშუქებლად ასაქმებენ, იშვიათია.