ვოლოდიმირ ზელენსკი: ქვეყნებს, რომლებიც უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვებს აწესებენ, ცივილიზებულ პასუხს გავცემთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: ქვეყნებს, რომლებიც უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვებს აწესებენ, ცივილიზებულ პასუხს გავცემთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვებს დააწესებენ, კიევი „ცივილიზებულ პასუხს“ გასცემს. ამის შესახებ ზელენსკი Telegram-ზე წერს.

მან ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე არსებული შეზღუდვები მოხსნისთვის მადლობა გადაუხადა და იმ ქვეყნებზეც ისაუბრა, რომლებმაც ამ მიმართულებით ინდივიდუალური წესით დააწესეს შეზღუდვები.

„მადლობას ვუხდი ურსულა ფონ დერ ლაიენს თავისუფალი ბაზრის წესების დაცვისთვის. ეს არის მაგალითი ნამდვილი ერთობისა და ნდობის უკრაინასა და ევროკავშირს შორის“, - აცხადებს ზელენსკი.

მისივე თქმით, ევროპა ყოველთვის იმარჯვებს, როდესაც წესები მუშაობს, ხოლო შეთანხმებები სრულდება.

„ახლა მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა ერთიანობამ ორმხრივ დონეზეც იმუშაოს და რომ მეზობლებმა უკრაინას ომის დროს მხარი დაუჭირონ, ხოლო თუ მათი გადაწყვეტილებები ევროკავშირის სამართალს დაარღვევს, უკრაინა მათ ცივილიზებულ პასუხს გასცემს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ევროკომისიამ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე არსებული შეზღუდვები მოხსნა - პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი აკრძალვას გაახანგრძლივებენ.