ცოტა ხნის წინ ვოგთან ინტერვიუში არიანა გრანდემ მაყურებლებს თავის მოვლის რუტინა გაუზიარა და ასევე, სილამაზესთან დაკავშირებულ კომპლექსებზე ისაუბრა.
თავდაპირველად გრანდემ რამდენიმე ხრიკზე ისაუბრა, რომელსაც მაკიაჟის გაკეთებისას იყენებს და ის ადამიანები ახსენა, რომლებიც მისი ინსპირაციის წყარო არიან, მათ შორის, ოდრი ჰეპბერნი და მერლინ მონრო.
არიანამ შემდეგ სილამაზესთან დაკავშირებულ კომპლექსებზე საუბრისას გაამხილა, რომ მაკიაჟს, პარიკებს, ტუჩის ფილერსა და ბოტოქსს წლების განმავლობაში თავისი გარეგნობის დასამალად იყენებდა.
"ტუჩის ფილერებისა და ბოტოქსის გაკეთება 2018 წელს შევწყვიტე — რაღაც დროს ჩემთვის მეტისმეტი გახდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიმალებოდი. ჩემი სილამაზის აღქმა და წარმოდგენები დროსთან ერთად ძალიან შეიცვალა.
იმის გამო, რომ კარიერა პატარა ასაკში დავიწყე, გარშემო უამრავი ადამიანი მყავდა, რომელიც ჩემს გარეგნობაზე კომენტარს აკეთებდა და 17 წლის ასაკში არ ვიცოდი, ვისთვის უნდა დამეჯერებინა და ვისთვის არა. წლების განმავლობაში მაკიაჟი ჩემთვის დამალვის გზა იყო, უფრო და უფრო მეტი პარიკის გამოყენება დავიწყე. ახლა ამ ყველაფერს არა დასამალად, არამედ საკუთარი თავის გამოსახატად ვიყენებ.
შეიძლება, 10 წელში კვლავაც მომინდეს ბოტოქსის გაკეთება, თუმცა ახლა იმედი მაქვს, რომ უფრო და უფრო მეტს გავიღიმებ და ამის გამო ჩემი ნაოჭებიც გაღრმავდება. ასაკის მატება ზოგჯერ ძალიან ლამაზი შეიძლება იყოს", — აღნიშნავს მომღერალი.