ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი შემუშავებული იყო ვენეციის კომისიისა და ჩვენი ევროპელი კოლეგების რეკომენდაციის საფუძველზე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მორიგი სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელზეც ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს.
მისი განმარტებით, დოკუმენტი მოიცავს ე.წ. სისტემური მიდგომით, საქართველოს კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების სრულ პაკეტს.
„მასში გაწერილია კონკრეტული ვადები, თუ რა ვადებში მიიღებენ კონკრეტული უწყებები შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ან ნორმატიულ აქტებს. დოკუმენტი 7 სხვადასხვა მიმართულებას ფარავს. ეს საკითხებია: ანტიკორუფციული თემატიკა, ანტიმონოპოლიური საკითხები, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული თემატიკა, მედიაპლურალიზმი, მართლმსაჯულებაში განსახორციელებელი ღონისძიებები.
დოკუმენტის მიღების შემდეგ რეკომენდაცია გაეწია საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა მან გააგრძელოს დამატებითი კონსულტაციები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან“, - აღნიშნა ჯაველიძემ.
პრემიერის ხელმძღვანელობით გამართულ ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზეა შემუშავებული.