საკუთრივ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით მე პირადად არ ვფლობ და ჯერჯერობით ამის თაობაზე ოფიციალურად არ არის საუბარი წამოწყებული, თუმცა, ეს არ იქნება კარგი მოვლენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „პოლიტიკოს“ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, გადადოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პროგრესის შეფასების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება.
მისი თქმით, არცერთ შემთხვევაში არ იქნება ალბათ გამართლებული გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება.
„ძალიან მაღალია მოლოდინი იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც კანდიდატის სტატუსის მოპოვებას უკავშირდება. ზოგადად, ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, მნიშვნელოვანია ევროპისთვისაც, ვინაიდან აუცილებელია, სწორი კონტურების გამოკვეთა მოხდეს სამომავლო თანამშრომლობის განვითარების. შესაბამისად, ეს საეტაპო მნიშვნელობის გადაწყვეტილება იქნება, რომელიც გულისხმობს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკომისიამ შესაძლოა, გადადოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პროგრესის შეფასების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება, რაც წლის ბოლომდე არის დაგეგმილი.