ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ საარჩევნო პროცესი არ იყოს წარმატებული, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ერთადერთი მიზანი, რაც ხელისუფლება აქვს არის ის, რომ საარჩევნო კომისია იყოს ქმედითუნარიანი და ის პასუხისმგებლობა, რაც მას აკისრია, არჩევნების ორგანიზებულად ჩატარებისა, პირნათლად იყოს შესრულებული. სწორედ ამის უზრუნველსაყოფად შედის ეს ცვლილებები კანონში“, - აღნიშნავს ქადაგიშვილი.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ბიუროს სხდომას წარედგინა. ინიციატორი, ანუ მმართველი გუნდი, საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას აღარ ითხოვს. ცვლილებები ეხება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს. ცვლილებებით კვორუმი იზრდება. თავმჯდომარისა და წევრების არჩევისთვის 76 -ის ნაცვლად, 90 ხმა იქნება საჭირო. თუ პარლამენტი 90 ხმით კანდიდატურებს ვერ დაამტკიცებს, პროექტი 76 ხმით არჩევის შესაძლებლობასაც იძლევა. იმ შემთხვევაში კი, თუ 76 ხმით ორჯერ ვერ მოხდა არჩევა, პროცესებში პრეზიდენტი ერთვება.