„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფორმით დაშლის მცდელობა, რომელიც ყოველთვის ორკესტრირებული იყო, არის და იქნება ივანიშვილის მხრიდან, იყო, არის და იქნება წარუმატებელი. ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა, ჩვენ ვართ ივანიშვილის რეჟიმის მთავარი ალტერნატივა, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის წევრების მისამართით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება და ის „რუსული რეჟიმის“ ცვლილების მთავარი ალტერნატივაა.
კითხვაზე, განულდნენ თუ არა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ვინც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს, მათ შორის, ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე, ბოკუჩავა აცხადებს, რომ პარტია ახლო წარსულში ბევრს დაუტოვებია, მაგრამ ძალიან ბევრიც მოსულა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახლო, თუ უფრო ოდნავ შორეულ წარსულში, სხვა პოლიტიკოსებსაც დაუტოვებიათ, მაგრამ ძალიან ბევრი მოსულა, გაძლიერებულა პარტია. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ ახლაც მაქსიმალურად გამსხვილების, მაქსიმალურად საერთო ფრონტის შექმნისთვის ვიბრძვით. მათ შორის, ეს იყო „გამარჯვების პლატფორმის“ შექმნის მიზანი,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.
მან ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩეველ კრის სოჩასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოჩას ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-სთვის საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსი მნიშვნელოვანია.
„თქვენთვის ცნობილია, რომ ეს იყო დახურული შეხვედრა, რომლის დეტალებზეც ბუნებრივია ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი არის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას და შესაბამისად აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში. ამიტომ მისი ვიზიტი თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამერიკისთვის საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსი მნიშვნელოვანია.
ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ისტორიული არჩევანი, რაც ხალხს აქვს გაკეთებული, გადარჩეს და ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ახლა არსებობს, რომ საქართველო გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი, რეალიზდეს. ჩვენი ამერიკელი მეგობრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზაობას იმისთვის, რომ მათ ყველაფერი გააკეთონ ქართველი ხალხის ამ მიზნის რეალიზებისთვის,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.