ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას. სწორედ ჩვენი ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის შედეგია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არცერთი ერთეულით არ გაზრდილა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც აღიარებული აქვთ ე.წ. დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, წინ წაიწიონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისკენ.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, საქართველო წარმატებულ არაღიარების პოლიტიკას მომავალშიც გააგრძელებს და ვერავითარი განცხადება ამას ხელს ვერ შეუშლის.
„ჩვენ გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოებას. ასეთი განცხადებები მოგვისმენია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, არაღიარების კუთხით ჩვენი პოლიტიკა იყო წარმატებული. მათ განცხადებებს არ ვუღრმავდები, ეს მათი საქმეა. რა თქმა უნდა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან დიდი მიღწევაა და ყველაფერი გაკეთდება, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩინეთთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოება. ორივე მიმართულებით ვიქნებით ძალიან აქტიურები და ვერავითარი განცხადება ამაში ხელს ვერ შეგვიშლის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.