საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის საშუალებით ამ რთველზე არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ რჩება.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანია, რომ „რამენაირად ყველაფერი, რაც ქვეყანაში პოზიტიური ხდება, მაქსიმალურად შავად წარმოაჩინონ“.
ამასთან, ქადაგიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, რომ გადახედონ იმ ციფრებს, რომელსაც ქართველი მევენახეები შემოსავლის სახით 2012 წლამდე და ახლა იღებენ.
„პირველ რიგში, კარგი იქნებოდა, თუ ბოტკოველი და საერთოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ცოტა ადრე მოიკითხავდა სოფლის-მეურნეობისა და კონკრეტულად მევენახეობის და მეღვინეობის მდგომარეობას. რამდენიმე ციფრს შევახსენებ მას, რომ ცოტა უფრო მიწასთან დაეშვას. პირველ რიგში, ვეტყვი იმას, რომ 2013-2022 წლების განმავლობაში ქართველმა მევენახეებმა შემოსავლის სახით მიიღეს 2 მილიარდ 140 მილიონი ლარი. ეს არის შთამბეჭდავი ციფრი. თუ 2012 წელს, მათი მმართველების დროს ეს იყო დაახლოებით 35 მლნ ლარი, 2022 წელს ეს იყო 250 მლნ-ი. ამიტომ ციფრები თვითონ ყველაფერზე საუბრობენ. ამავდროულად, თუ მათ დროს ღვინის ექსპორტი დაახლოებით 30 მლნ ტონა იყო, დღეს ეს ექსპორტი არის 105 მლნ ტონა. მევენახეების რაოდენობა არის გაორმაგებული.
ამ რთველთან დაკავშირებითაც მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფომ სწორედ ის პოლიტიკა განახორციელა, რა პოლიტიკითაც, რა თქმა უნდა, არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ რჩება. აღარ ჩამოვთვლი ყველა იმ პროგრამას, რა პროგრამებიც დღეს მუშაობს სოფლის-მეურნეობაში და მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობაშია”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.