თინა ბოკუჩავა: მოლდოვის პრეზიდენტი სანდუ ომში მონაწილეობდა?! ის ესწრებოდა ათენის სამიტს, როგორც სხვა ქვეყნების ლიდერები - „რუსული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს ქვეყანა

თინა ბოკუჩავა: მოლდოვის პრეზიდენტი სანდუ ომში მონაწილეობდა?! ის ესწრებოდა ათენის სამიტს, როგორც სხვა ქვეყნების ლიდერები - „რუსული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს ქვეყანა

საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების ნაცვლად, „რუსული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს ქვეყანა, რაც ყველაზე მოწყვლადს გახდის მას რუსეთთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის იზოლაცია რუსული დაკვეთაა.

"უკრაინაში პუტინის წარუმატებლობის ფონზე, არ არის გასაკვირი, რომ ის იმუქრება საქართველოში ანექსიური პროცესების გააქტიურებით. ამას ვაფრთხილებდით დიდი ხნის წინ ხელისუფლებას, მაგრამ ნაცვლად საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებისა, პირიქით, ყველაფერს აკეთებს "რუსული ოცნება", რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს ქვეყანა, რაც ყველაზე მოწყვლადს გახდის მას რუსეთთან. უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს საქართველოს წარმატება ევროატლანტიკურ გზაზე, მაგრამ როცა ამ გზაზე საბოტაჟს ახორციელებს, ამით ხელს უხსნის აგრესორს, ოკუპანტს, რომ გაააქტიუროს ანექსიური პროცესები საქართველოში," - განაცხადა ბოკუჩავამ.

ის, ასევე, გამოეხმაურა საგარეო უწყებაში გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ათენის სამიტის მთავარი თემა უკრაინა-რუსეთის ომი იყო და ამიტომ მიიწვიეს ღონისძიებაზე უკრაინა და მოლდოვა. ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ ეს არის ხელისუფლების პროპაგანდის გაგრძელება მეორე ფრონტთან დაკავშირებით.

"საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საბოტაჟი არის პირდაპირ რუსული დაკვეთა, რომელსაც "რუსული ოცნება" პირწმინდად ასრულებს. რასაც ჩვენ ვხედავთ ეს ყველაფერი მეტყველებს ივანიშვილის რეჟიმის მიზანმიმართულ მცდელობაზე, რომ საქართველო მოაქციოს საერთაშორისო იზოლაციაში და ეს არის სწორედ პუტინის სურვილი. მოლდოვის პრეზიდენტი სანდუ ომში მონაწილეობდა?! ის წარმოდგენილო იყო ამ სამიტზე, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ლიდერები. "რუსული ოცნების" ამგვარი ყალბი პროპაგანდისტული ნარატივი ე.წ. მეორე ფრონტზე ემსახურება შიშის დანერგვას მოქალაქეებში და იმ პროდასავლური განწყობების ეროზიას, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის მათ, რადგან სწორედ ეს პროდასავლური განწყობები დაასრულებს ივანიშვილის რეჟიმს საქართველოში და ამ განწყობების ეროზიას ის ვერ მოახდენს," - განაცხადა ბოკუჩავამ.