გივი მიქანაძე: შოვში, პირველივე წამიდან იყო რეაგირება, რადიკალური ოპოზიცია კი ცდილობს ტრაგედია პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენოს - „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება, მორალი არ აქვს

გივი მიქანაძე: შოვში, პირველივე წამიდან იყო რეაგირება, რადიკალური ოპოზიცია კი ცდილობს ტრაგედია პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენოს - „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება, მორალი არ აქვს

მაქსიმალური კეთდება, პირველივე წამიდან იყო რეაგირება. განცხადებები, რომ შოვში რეაგირება დაგვიანდა, არის მცდელობა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ტრაგედია პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მიქანაძე ამ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და მათ „მორალი არ აქვთ“.

„სამწუხაროა, მაგრამ პოლიტიკურად გაკოტრებულ სუბიექტ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება შიდაკრიზისული მდგომარეობიდან და საზოგადოების არანაირი მხარდაჭერიდან გამომდინარე, არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ გამოიყენოს უდიდესი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. იმის ნაცვლად, სოლიდარულები ყოფილიყვნენ, ჩასულიყვნენ ადგილზე, აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ, იმდენი მორალიც კი არ აქვთ, რომ ამ უმძიმეს პერიოდში თავი შეიკავონ, როცა მთელი მსოფლიო გვისამძიმრებს. მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, თუმცა, მოვისმინეთ არაერთი კვალიფიციური, სანდო ექსპერტის განცხადება, სადაც პირდაპირ და ცალსახად იყო ნათქვამი, რომ ეს იყო სტიქიური უბედურება, რომლის პრევენცია შეუძლებელი იყო. ეს იყო მყისიერი მოქმედება, რომლის შედეგადაც რამდენიმე წუთში განვითარდა ტრაგედია, ეკოლოგიური კატასტროფა და ფიზიკურად ადამიანების გადარჩენა იმ რამდენიმე წუთში ან მათი წინასწარ შეტყობინება შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენი გმირი მაშველები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ასევე მოხალისეები დღემდე აგრძელებენ დაკარგული ადამიანების მოძიებას. ვნახეთ, რა მასშტაბებზე გავიდა სტიქიის შედეგები, რომ ცხედარი, რომელიც გუშინ აღმოაჩინეს, იყო 55 კილომეტრის დაშორებით ეპიცენტრიდან. მაქსიმალური კეთდება, სახელმწიფოს, ხელისუფლების მხრიდან პირველივე წამიდან იყო რეაგირება და იმის განცხადება, რომ რეაგირება დაგვიანებული იყო, უსაფუძვლოა და არის იმის მცდელობა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენოს,“ - განაცხადა მიქანაძემ.

ის გამოეხმაურა, ასევე, საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას და აღნიშნა, რომ ხაზარაძე, რომელიც კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, „როგორც ირკვევა, დასასვენებლად დადის“. მიქანაძის შეფასებით, ხაზარაძე „ვერშემდგარი პოლიტიკოსია“ და ისიც ტრაგედიით სპეკულირებს.

„მე არ ვიცი, ხაზარაძე სად დადის და არც მაინტერესებს. მთავარი რა არის - ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს პარტიას, რომელიც აინიცირებს აბსურდული საფუძვლით საგამოძიებო კომისიის შექმნას და თვითონ, როგორც ირკვევა, დასასვენებლად დადის და არც თვითონ და არც მისი პარტიის რომელიმე წევრი ჩასულა ამ უდიდესი ტრაგედიის ადგილზე... მორალს მოკლებულია მისი მხრიდან საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა, როცა საფუძველი არ არსებობს, ასევე იმ განცხადებების გაკეთება, რასაც ის და მისი პარტიის წევრები კადრულობენ. მასთან დაკავშირებული საკითხები არ არის ჩვენთვის საინტერესო, რადგან ის არის ვერშემდგარი პოლიტიკოსი, ადამიანი, რომელიც ამ ტრაგედიით სპეკულირებს და ცდილობს პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს, ისევე როგორც რადიკალური ოპოზიციის ის ფრთა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სხვა შენაერთები წარმოადგენენ,“ - განაცხადა მიქანაძემ.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 აგვისტოს, რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, პარტიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშის პრეზენტაცია პარტიის ოფისში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა და პარტიის წევრმა ლაშა ფარულავამ გამართეს.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა 12-კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანი შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს ადამიანთა დაღუპვის ფაქტებისა და გარემოებების შესწავლა იყო. ლევან ხაბეიშვილის თქმით, სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით იკვეთება ხელისუფლების გულგრილობა. ამასთან, როგორც მან განმარტა, შუალედურ ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული იმ ფაქტზეც, რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანებული მიზეზი.

ანგარიშის თანახმად, არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“, აღნიშნავდნენ სუს-ის შექმნის 8 წლის იუბილეს, რაც შესაძლოა, კავშირში იყოს სახელმწიფო უწყებების დაგვიანებულ რეაგირებაზე სტიქიასთან მიმართებით.