„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა იმ ყალბ ინფორმაციებზე, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად ჟღერდებოდა სოციალურ ქსელებსა თუ სხვადასხვა მედია საშუალებებში.
„ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მძიმე შედეგების მიზეზი კოტეჯების აშენებაზე გაცემული ნებართვებია. სოციალურ ქსელში და მედიაში აქტიურად ზიარდებოდა და განიხილებოდა სატელიტური ფოტო იმ კოტეჯების გამოსახულებით, რომლებიც სტიქიამ გაანადგურა და ინერგებოდა ნარატივი, რომ ბოლო პერიოდში ხდებოდა ე.წ. „სასაკლაოს მშენებლობაზე ნებართვების გაცემა“. რეალობა კი ის არის, რომ ეს კოტეჯები ჯერ კიდევ 1960-იან წლებშია აშენებული ზუსტად იმ სახით, როგორც ისინი სტიქიის დროს იყვნენ. ეს ყალბი ინფორმაციაც მალევე იქნა მხილებული, თუმცა რამდენიმე დღე კვლავ იყო შენარჩუნებული მედიაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 20 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 13 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.