მიხა ხელაშვილის ბრძოლის პოეზია

მიხა ხელაშვილის ბრძოლის პოეზია

26  იანვარი (სხვა ვერსიით 25 იანვარი) დიდი ქართველი პოეტისა და  ეროოვნული გმირის - მიხა ხელაშვილის დაბადების დღეა. მიხა ხელაშვილი 1900 წელს, სოფელ ახადში დაიბადა. ავტორია პოპულარული ლექსებისა (”ლექსო ამოგთქო”), რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ  საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში.

1922-1924 წწ. მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ,  ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში. გავრცელებული ვერსიით საკუთარ დაბადების დღეს,  25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა.  სხვა ვერსიით დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს.  საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე.

მიხას ფიზიკურ ძალაზე ფშავში ლეგენდები დადის. მისი მხილველნი გვამცნობენ: ”არცთუ დიდი ტანის მიხა ხელაშვილს თუ უკნიდან შეხედავდი – წინ გადაღუნულსა ჰგავდა, თუ კი წინიდან, მაშინ – უკან გადახრილს, რადგან მთასავით ამობურცული ჰქონდა მკერდი, ზურგზე კი კუზივით ედგა კუნთების გროვაო“. მისთვის იოლი იყო ცხენს კისრით შედგომოდა მუცელს ქვემოთ და როგორც თავად იტყოდა, უკან გადაესროლა მუთქასავით; ჩასჭიდებდა გაუხედნავ კვიცს ხელებს უკანა ფეხების კოჭებზე და, როგორც თავად იტყოდა, იქვე გააციებდა.

მიხა ხელაშვილმა ეს ღონე და შეძლება იმაში გამოიყენა, თუკი ტყეში ვინმე ყაჩაღ-თული ბუდობდა, ქისტი იქნებოდა თუ ფშაველი, ყველას მოუსპო სარბიელი.

ტყის წიაღში სრულ განმარტოებისას, როცა მიხა ხელაშვილის წარმოსახვას ეძლეოდა უკიდეგანო გასაქანი, გამახვილდა და ჩამოიქნა მისი პოეტური ნიჭი. სწორედ აქ იბადებოდა ბუნების ძალისადმი მიძღვნილი მისმიერი შესანიშნავი სტროფები:

”მხოლოდ ეს მთები მაკვირვებს, სულ მუდამ ცას აჰყურებენ,

და ნისლნი – ფიქრნი ღვთიურნი, სულ მათს გარშემო რგულობენ,

და ქარნიც ღვთივ მონაბერნი, მთის გულმკერდს დაჰბურბურებენ,

სულ განუწყვეტელს ზღაპარსა, ეტყვიან, დასჩურჩულებენ“.

ხელაშვილის შემოქმედებაში იმთავითვე მკვიდრად იკიდებს ფეხს პატრიოტული მოტივი – თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ თარგზე აჭრილი მისი ლექსები, მართლაც რომ გამორჩეულია ძალუმი მუხტით:

”მოვქუჩდეთ დედაქალაქსა, ამას ვყიჟინებთ ყველანი,

სამშობლოს გასჭირვებია, ყვავებს დაუწყავ ფრენანი,

და ჩვენს მტერს გამოვუცვალოთ საგლოვო ძაძის ძველანი,

სუყველა მხრიდან გაისმის ცხენის ნალების თქერანი”.