აშშ-ში 6-მა ყოფილმა პოლიციელმა რეიდის დროს ორი ფერადკანიანი მამაკაცის წამება აღიარა

აშშ-ში 6-მა ყოფილმა პოლიციელმა რეიდის დროს ორი ფერადკანიანი მამაკაცის წამება აღიარა

აშშ-ში, მისისიპის შტატის პოლიციის 6-მა ყოფილმა თანამშრომელმა აღიარა, რომ იანვარში ერთ-ერთ მისამართზე რეიდის დროს ორი ფერადკანიანი მამაკაცი აწამეს. ამის შესახებ BBC წერს.

არსებული ინფორმაციით, 24 იანვარს მისისიპის ქალაქ ბრექსტონში პოლიციელებმა 32 წლის მაიკლ ჯენკინსს და 35 წლის ედი პარკერს სცემეს, გამოიყენეს ელექტროშოკი, შემდეგ კი ჯენკინსს პირში ესროლეს. გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის განცხადებით, ოფიცრებმა „აწამეს და წარმოუდგენელი ზიანი მიაყენეს საკუთარ მსხვერპლებს“.

ექვსივე პოლიციელი სამსახურიდან ივნისში გათავისუფლდა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მათ ბრალი 16 მუხლით წაუყენა, ექვსივე ბრალდებულმა ფედერალურ სასამართლოში ბრალი აღიარა. ანალოგიური ბრალდებები მათ წინააღმდეგ მისისიპის შტატის დონეზეც არის წაყენებული.