გამოავლინეს უჯრედები, რომლებსაც გვიანი სტადიის სიმსივნის განადგურება შეუძლია

გამოავლინეს უჯრედები, რომლებსაც გვიანი სტადიის სიმსივნის განადგურება შეუძლია

მეცნიერებმა გვიანი სტადიის სიმსივნისგან განკურნებული პაციენტის სისხლში განსხვავებული T ლიმფოციტები გამოავლინეს, რომელთაც "ცოცხალ წამალს" უწოდებენ.

სპეციალური თერაპიის გავლიდან 1 წელში ამ ინდივიდის ორგანიზმი აღნიშნული იმუნური უჯრედების მიერ ისევ დაცული იყო. ისინი, შესაძლოა, სიმსივნეს იმაზე ეფექტიანად ამოიცნობდეს და უტევდეს, ვიდრე ჩვეულებრივი T ლიმფოციტები და არა ერთ, არამედ სხვადასხვა ტიპის კიბოს ეწინააღმდეგებოდეს.

"ამ მიგნებამ ნამდვილად გაგვაოცა, რადგან არავინ იცოდა, რომ ინდივიდუალურ T ლიმფოციტებს სიმსივნური უჯრედების ამოცნობა ერთდროულად მასთან დაკავშირებული რამდენიმე ცილით შეეძლო", — აცხადებენ ავტორები.

მათ აინტერესებდათ გაეგოთ, როგორ კურნავს სიმსივნეში შემღწევ ლიმფოციტებზე დაფუძნებული თერაპია მეოთხე სტადიის მქონე პაციენტებს. ამ დროს ადამიანის სისხლის თეთრ უჯრედებს დაავადებული ქსოვილებიდან იღებენ და ხელოვნურად აძლიერებენ, რათა მავნე უჯრედებს უკეთ შეეწინააღმდეგონ. კლინიკურ ცდებში ეს მეთოდი 80%-ზე მეტში მუშაობს, მაგრამ როგორ ახერხებს ამას უჯრედულ დონეზე, გაურკვეველია.

სპეციალისტებმა პირველი და მეორე ფაზის კვლევები გააანალიზეს, რომლებშიც მელანომის მქონე ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ ზემოხსენებული თერაპია დაენიშნათ, რის შემდეგაც 1 წელში T ლიმფოციტების დადებითი გავლენა ისევ შენარჩუნებული ჰქონდათ.

ერთ-ერთი პაციენტის შემთხვევაში ეს უჯრედები განსაკუთრებულად მრავალმხრივი იყო. მათში არა მხოლოდ მელანომის, არამედ სხვა ტიპის სიმსივნეების განადგურების პოტენციალი დაფიქსირდა.

ავტორები ახლა გეგმავენ, რომ ლაბორატორიულ პირობებში დააკვირდნენ, როგორ ებრძვის მსგავსი T ლიმფოციტები სიმსივნეს და შეიძლება თუ არა მათი გამოყენება სხვადასხვა სახის კიბოს დასამარცხებლად.

"პაციენტთა რაოდენობა ამ დროისთვის მცირეა, მაგრამ შესაძლებელია, რომ მრავალმხრივი T ლიმფოციტები სრულ რემისიასთან, ანუ სიმსივნის მთლიანად განადგურებასთან ასოცირდებოდეს", — ამბობენ მეცნიერები.