დიტო გელოვანი: გარგარის ხუთი კურკა და თორთლაძე აკონკაკუაზე

დიტო გელოვანი: გარგარის ხუთი კურკა და თორთლაძე აკონკაკუაზე

ნაცემი ადგილები მტკიოდა და გარეთ დიდხანს ვერ გავძელი. შემოვედი და ისევ დავწექი. რაფიკას ერთი ძმაკაცი თუ ხელქვეითი, არმიკა თუ რაღაც ეგეთი, შემოვიდა და მაგიდასთან დაჯდა. ნელ-ნელა დამიწყო ტვინის გალაყება სომეხი ხალხის ტკივილიანი თავგადასავლით. არ მაინტერესებდა, ან რა იყო საინტერესო. მთელი ისტორია ასე გამოდიოდა - სომხებს ხოცავდნენ, სომხები კი ეკლესიებს აშენებდნენ და გარშემო ტერიტორიებზე კულტურას ავრცელებდნენ. ბევრს ეცადა, მაგრამ ვერაფრით გამონახა მაგათზე კულტურული და მეომარი ხალხი. ოღონდ, ვერ გავიგე, თუ ეგეთი მეომარი ხალხი იყო, ყველა რატომ იპყრობდა და ხოცავდა, ან რა იყო ამისთანა, რომ ხოცეს და ვერ დახოცეს... იძახა და იძახა ”ატ მორია და მორია ვიყავითო”. ბათუმიც კი მიიერთა. შენი იყოს-მეთქი, ვუთხარი. ყველაფერი თქვენი იყოს და მერე აშენეთ ეკლესიები და სასტუმროები ტუფით-მეთქი. სერიოზულად მიპასუხა, ეგრე მოგვიწევს ალბათო

(აკა მორჩილაძე, ”მოგზაურობა ყარაბაღში”)

 

“გაუმარჯოს უსაფრთხო სომხეთს, გაუმარჯოს უსაფრთხო საქართველოს", - განაცხადა სერჟ სარგსიანმა და აღნიშნა, რომ ქართულ-სომხური მეგობრობა მომავალ თაობებსაც უნდა გადაეცეთ - თუმცა ქართულ-სომხური მეგობრობა კონკურენციის გარეშე წარმოუდგენელია”.

 

“ბორჯომი” – “დილიჟანი”, საცივი - ტოლმა, შავი ზღვა - სევანი, საირმე - ცახკაძორი, თბილისი - ერევანი, ”დინამო” – ”არარატი”, იშტოიანი - ყიფიანი... საკონკურენციო ბევრია, მაგრამ თავად განსაჯეთ - გამოდის ამ კონკურენციიდან რამე? არა, არ გამოდის და როცა გამოვა, მეგობრობაზეც მაშინ ვილაპარაკოთ.

 

მიშამ სომხეთი მოინახულა და ძირითადად ინგლისური ენის შესწავლის სიკეთეებზე ისაუბრა. სომეხ ბავშვებს უთხრა, ჩვენთან ძირითადი უცხო ენა ინგლისურია და აბა თქვენ იცით, მოგვბაძეთო. თუმცა, სომეხ მოსწავლეებს ძალიანაც უნდათ, საქართველოში ძირითადი უცხო ენა ქართული რომ იყოს, ბოლო-ბოლო კონკურენციაზეც თანახმანი არიან, მაგალითად, როგორ უნდა მიმართავდნენ საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტ სააკაშვილს, ”მიშა წადი, რა” თუ ”მიშიკ, გნა, ელი”.

 

”სერჟ სარგსიანი ჩემი ძმა, კარგი მეგობარი და კოლეგაა, თქვენი გამარჯვებები, ჩვენი ორი ხალხის გამარჯვებებია” - უთქვამს მიშიკას და ამ სიტყვებზე სერჟიკას თურმე გული ამოუჯდა: ”ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღით ხელში არასოდეს გვიბრძოლია”.

 

რავი... მე ეგრევე 1918 წელი გამახსენდა და აღვშფოთდი, მაგრამ ბოლოს მივხვდი - სერჟ სარქისიანი იმას გულისხმობდა, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღით ხელში არ გვიბრძოლია 2003 წლის შემდეგ, 2003 წლამდე საქართველო, როგორც ასეთი, არ არსებობდა, არსებობდა მხოლოდ სომხეთი, მაგრამ არა როგორც ასეთი, არამედ - როგორც ისეთი.

 

მოკლედ, ამ სიყვარულობაში იყვნენ და სხვა რამისთვის მიშას დრო არ დარჩა. წამოვიდა და დაუბარა, შემდეგში რომ ჩამოვალ, ეჩმიაძინს - ფეხით და სომხის ქალს - ტაქსით მერე შემოვუვლიო.

 

ნეტავი ტაქსი რამდენს დაწერს? ამ შემთხვევაში მე სომხის ნაშების პარამეტრები კი არ მაინტერესებს, არამედ ის, თუ რამდენი დაუჯდებათ ქართველ გადასახადის გადამხდელებს მიხეილ სააკაშვილის მოგზაურობა (80 დღე) უკანალის გარშემო.

 

”ჩვენ ძალიან პატარა ქვეყნები ვართ, ამიტომ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული და ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ”, - თქვა მიხეილმა. მიხეიიილ! დაანებე თავი ყველას სახელით ლაპარაკს! ეს შენ ხარ სომხეთზე დამოკიდებული და თუ დაგჭირდება, საქართველოს დროშაზე ხუთ ჯვარს გარგარის ხუთი კურკით შეცვლი.

 

არ ვიცი, შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, მაგრამ ინფორმაცია გავრცელდა, რომ სომეხი გარემოვაჭრეები... მოდით, პირდაპირ ნიუსი წავიკითხოთ: ”სომეხი გარემოვაჭრეები დახმარებას საქართველოს პრეზიდენტს სთხოვენ. ამ ინფორმაციას ”არმენია თუდეი” გაზეთ ”აიკაკან ჟამანაკზე” დაყრდნობით ავრცელებს. სომეხი გარემოვაჭრეები დღეს, ერევანში პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებას და სააკაშვილისადმი მიმართვას აპირებენ, რომლის მიხედვითაც, ისინი საქართველოში სამსახურს ითხოვენ. მათი თქმით, საქართველოში უფრო დემოკრატიული კანონებია, ვიდრე სომხეთში”.

 

ეგღა გვაკლდა... მალე სომეხ დევნილებს გაახსენდებათ, რომ საქართველოში დემოკრატია ყვავის, მერე - სომეხ ვეტერანებს, პენსიონერებს, იქაურ მწერალთა კავშირს... ჩამოვლენ და დარჩებიან. ჯერ არ ჩამოსულან და არ დარჩენილან თუ, რა!

 

როგორ ფიქრობთ, უნდა ვენდოთ თუ არა ინფორმაციას, რომელიც ”არმეინია თუდეის” მიერ ”აიკაკან ჟმანაკზე” დაყრდნობით ვრცელდება? თუ ვენდობით და, მალე ”ბოგდანოვკა თუდეი” ”აიკაკან ახალკალაკზე” დაყრდნობით გაავრცელებს ინფორმაციას, რომ... არ ღირს ჩამოთვლა, მითუმეტეს, გასულ კვირაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია ”სომხეთში ღვინის უძველესი საწარმოს აღმოჩენის თაობაზე”: ”მკვლევართა საერთაშორისო გუნდს, რომელმაც სომხეთში უძველესი ღვინის საწარმო აღმოაჩინა, სომეხი არქეოლოგი ბორის გასპარიანი ხელმძღვანელობდა. „ჩვენ ყველაზე ძველი ღვინის მაწარმოებელი ერთეული აღმოვაჩინეთ, რაც კი აქამდე იყო ცნობილი. ადამიანები ღვინოს 6 000 წლის წინ აკეთებდნენ“, - ამბობს მკვლევარი”.

 

ტაშ-ტუშ, ტაშ-ტუშ, მადამ პაპუგაი!

 

სხვათა შორის, შარშან ქართველმა არქეოლოგებმა თამარ მეფის დროინდელი სატელეფონო კაბელები იპოვნეს, ხოლო სომეხმა არქეოლოგებმა ვერაფერიც ვერ იპოვნეს და თავი დაიმშვიდეს, ჩვენები მობილურებით საუბრობდნენო. ამ ხუმრობაში მხოლოდ ნახევარია ხუმრობა - ქართველ არქეოლოგებს არავითარი კაბელი არ აღმოუჩენიათ, მხოლოდ ტოლმის ნარჩენები აღმოაჩინეს.

 

მოგეხსენებათ, ტოლმა, ეს არის კარგად შეფუთული გუფთა. გუფთა სომხური საჭმელია და ვაზის ფოთოლში მხოლოდ მას შემდეგ ჩაიდო, რაც ჩვენმა მეზობლებმა ვაზის არსებობის შესახებ შეიტყვეს, ანუ მეოცე საუკუნის 10-იან წლებში, ასი წლის წინ. გასულ კვირაში თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს (ე. წ. არამიანცის) კომპლექსში შემავალი ”გინეკოლოგიური კლინიკის” მფლობელი ვინმე დანიელ გუფთა გახდა. იგი აუქციონზე სრულიად შიშველი გამოცხადდა, ხოლო როდესაც კლინიკა სათავისოდ დაიგულა, ვაზის ფოთოლში გაეხვია და პირველი კომენტარები ისე გააკეთა.

 

ვფიქრობ, საკმარისად ვისაუბრეთ ჩვენი მეზობლების სამეზობლო პოლიტიკის შესახებ და უკვე დროა ოთხი შტატივისა და ერთი ჩითის კაბის მორიგი იდეის შესახებ გიამბოთ.

 

ჯაბა სამუშია ახალი ინიციატივით გამოვიდა - ყაზბეგის გამზირზე, გოძიაშვილის სკვერში, დაიდგას ყაზბეგის ქანდაკება. ”ჩვენი მიზანია, 2003 წლის დასკვნის საფუძველზე, ამ ძეგლის აღსამართად მზადება დავიწყოთ” - აღნიშა სამუშიამ. ეგრე, რა, ყმაწვილებო! აბა, ის რა იყო - წყალი უფასოო, გაზი იაფადო... თარგამაძის დაჯგუფება რომანტიზმიდან ნეორეალიზმში გადავარდა, თან, როგორც აცხადებენ, ძეგლისთვის აუცილებელი ბრინჯაოს 50-60% უკვე მოძიებული ჰქონიათ.

 

იყოს ყაზბეგის ძეგლი, არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ რა უნდა ყაზბეგის ძეგლს გოძიაშვილის სკვერში? თუმცა, ხომ გვაქვს კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი გეგეშიძის ბაღში და ხომ აქვს ლევან ვეფხვაძეს მიხეილ სააკაშვილის ძეგლი გიორგი თარგამაძის ბაღში? ბაღში ვარდები... ლონდონში კი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის კარების წინ, ტელეკამერამ საკმაოდ მოზრდილი ვირთხა დააფიქსირა. ამ თარგამაძეზე უცნაური რამეები მახსენდება ხოლმე...

 

ეს სულაც არ არის პარადოქსი და არც ის არის პარადოქსი, რომ თბილისში გაიმართა ”მეგობრობის თასის” გათამაშება ბრძოლაში წესების გარეშე. სულ ოთხი გუნდი იყო, მათ შორის - რუსეთი და საქართველო.

 

გასულ კვირაში განათლების სამინისტრომ მანდატურებს წესები დაუდგინა:

მანდატურს დისციპლინურ გადაცდომად ჩაეთვლება შეუფერებული ვარცხნილობის ტარება, პირადი ჰიგიენის დაუცველობა, მიუღებელი სამკაულის ტარება (პირსინგი) და ტატუირება. მანდატურს სამსახურში ალკოჰოლური სასმელების ზემოქმედების ქვეშ გამოცხადებისთვისაც დასჯიან; მას სასჯელი დაემუქრება, თუ ფორმით საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელს მიიღებს ან არაფხიზელ მდგომარეობაში დააფიქსირებენ. ასევე - სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა, თამბაქოს მოწევაც აეკრძალათ.

 

სასჯელი? რით დასჯიან ღორივით მთვრალ და ინტიმურ ადგილებში რგოლებგაყრილ მანდატურს? რით და - საყვედურით, სასტიკი საყვედურით, ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავებით და/ან სამსახურიდან გათავისუფლებით. რაც მთავარია, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ისინი 3 თვის განმავლობაში ვერ შეძლებენ სკოლის დირქტორის თანამდებობის დაკავებას.

 

საქართველოსა და სომხეთის კონკურენციისა არ იყოს, საქართველოს მთვრობის წევრებს შორისაც არის კაი გვარიანი ქიშპი. ალბათ, გახსოვთ, რომ ხათუნა კალმახელიძემ პატიმრებს ავტომობილების ყოლა აუკრძალა. შაშკინის პასუხი კი ისეთი იყო, როგორც ზემოთ მოგახსენეთ - ინტიმურ ადგილებში რგოლგაყრილ მანდატურს სწორედ იმ რგოლით ჩამოკიდებენ უზნაძის ქუჩაზე, განათლების სამინისტროსა და ”ქართულ პარტიის” ოფისს შორის.

 

რაც შეეხება ”ქართულ პარტიას”... ჩემი მეგობარი სააგენტოს მიერ გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ”ქართული პარტია” დევნილების დასაცავად დღეიდან ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს სახელწოდებით – ”მე დევნილი ვარ!”  

 

ეს იყო და ეს. მეტი არაფერი მსმენია. ორიდან ერთი: ან ამ პარტიისთვის ”ფართომასშტაბიანი კამპანია” 200-კაციანი სუფრაა და ანაც მათთვის მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილია დევნილი. ეჰ, სოზარ... ეჰ, სოფო... რა გინდოდათ წვენებში... თან, ახლანდელი წვენი წვენია? ნოღაიდელის პარტიაში ხალხი იმიტომ შედიოდა, რომ ეგონათ, წვენებში შედიოდნენ. გასულ კვირაში ნოღაიდელმა ახალი პარტია შექმნა, როგორც თვითონ აღნიშნა, ფორმით სხვა, შინაარსით - იგივე. 90-იანი წლების დასაწყისში, თბილისში რაღაც ბულგარული შამპანური იყიდებოდა, რომელსაც ეტიკეტზე ვირი ეხატა და ამიტომ ”ვირის ნაჟურს” ვეძახდით... ნოღაიდელის ხალხიც ეგრეა - გენმოდიფიცირებულ წვენს სვამენ და პახმელიაზე დაღლილი ვირის ნაჟურით გამოდიან.

 

ერთი ძალიან მაგარი ანეკდოტი ვიცი, რომელიც ასე იწყება - ”კახელი და ინტელიგენტი მატარებელში ერთ კუპეში მოხვდნენ”. ეს იმიტომ გამახსენდა, რომ გასულ კვირაში ერთ-ერთი ნიუსი ასე იწყებოდა:

 

”დეპუტატმა და ალპინისტმა გია თორთლაძემ, პოლიტიკური მიზნით, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესი მწვარვალები ქართული ხუთჯვრიანი დროშით დალაშქრა”. მთავრდებოდა კი, ასე: ”ტელეკომპანია ”რუსთავი2”-ის ინფორმაციით, თორთლაძემ შემდეგი ვიზიტორებისთვის ადგილზე საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით სპეციალური ბუკლეტები დატოვა. ბუკლეტების დევიზია: ”საქართველო ოკუპანტების გარეშე, რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველო”. თორთლაძის თქმით, ამ ფორმით შეეცდება, მსოფლიოს გააგებინოს, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია.

 

აბა, აბა... ნიკოლა სარკოზი იმ მწვერვალზე რომ ასულიყო და თორთლაძის დატოვებული ბუკლეტები რომ ენახა, ხომ აღარ მიჰყიდიდა რუსეთს მისტრალს?!

 

თავი და ბოლო კი ვთქვი, მაგრამ შუა ნაწილიც საინტერესოა: ”თორთლაძემ თავდაპირველად აკლიმატიზაცია მწვერვალ მერსედარიოზე გაიარა, რის შემდეგადაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის უმაღლეს ადგილზე, აკონკაკუაზე მარტო ავიდა. დეპუტატი ამჟამად მესამე მწვერვალის დასალაშქრად ემზადება”.

 

აკონკაკუაზე მარტო ავიდაო და, მარტო ავიდოდა, მაშ როგორ? გარგარის მეექვსე კურკამ - ლადო ვარძელაშვილმა - მარტო თორთლაძე დააფინანსა. ახლა, კურკები სხედან და ელოდებიან, როდის ავა მთელი მსოფლიო აკონკაკუაზე, თორემ ბარაკ ობამას სხვანაირად ვერავინ აუხსნა, რატომ ჰქვია ახალგორს ლენინგორი. აკონკაკუა კედელიო, დაარიგე რეგვენიო.

 

გასულ კვირაში, სანამ სერჟიკას შეხვდებოდა, მიშიკა ბარაკას შეხვდა. მიშა იქ რიჩარდ ჰოლბრუკის ქელეხში იყო (არ გამაზა). მოგეხსენებათ, ქელეხი მალე მთავრდება და როდესაც სუფრაზე ჰამბურგერი შევიდა და ხალხი წამოიშალა, მიშამ დრო იხელთა და ობამასთან მიაჭრა. არ ვიცი, რა ილაპარაკეს, მთვრალებისას რას გაიგებ...

 

არავის ესმის და არც უნდა, რომ გაიგოს, როგორ მოახერხა გოგა ხაჩიძემ 2010 წლის 11 თვეში პრემიის სახით 62 580 ლარის აღება. მე გეტყვით და თუ გინდათ, გაიგეთ. 62 580 ლარი ეს არის ფასი იმისა, რომ ხაჩიძე იჯდეს კაბინეტში და არ წერდეს ისეთ სისულელეებს, როგორიც არის, მაგალითად ”როგორ მინდა მოგეფერო”. არადა, ხაჩიძის მთელი სანაცნობო ზის (სადაც ჯერ არს) და კამერულ მუსიკას წერს. ცირკია, რა!

 

ხოლო ბორჯომ-ბაკურიანის პარკთან ცირკ ”შაპიტოს” ცხოველები ხანძრის შედეგად დაიწვნენ. დაიწვა ორი მაიმუნი, ექვსი ძაღლი და ერთი ხვლიკი. ისე, ჩვენში დარჩეს და, საქართველოს პარლამენტშიც მხოლოდ ერთი ხვლიკია, სამაგიეროდ ძაღლია ბევრი და ბევრსაც მაიმუნობენ.

 

ეკა ტყეშელაშვილს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე თვეში 4 000 ლარი პრემია გამოუწერეს, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ღორის გრიპმა ჩაანაცვლა ქათმის გრიპი, ასევე ჩაანაცვლებს ღორის გრიპს მაიმუნის გრიპი.

 

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ქალაქ ობერჰაუზენში რვაფეხა პაულის მემორიალური კომპლექსი გაიხსნება. მომავალ კვირაში ცნობილი გახდება, რომ გიორგი თარგამაძემ  უკვე მოიძია მემორიალური კომპლექსისთვის საჭირო ვერცხლის 30 პროცენტი.

 

კოკო გამსახურდიამ ახალი იდეა მოიძია - სიმართლის დადგენა სურს. კოკოს აინტერესებს, რა მოხდა საქართველოში 1991-1992 წლებში. საქმე იმაშია, რომ მაშინ და მას შემდეგ კიდევ დიდხანს, კოკო ჟენევაში თბებოდა და აქაურ ამბებთან დაკავშირებით იმყოფებოდა საინფორმაციო ვაკუუმში. ჰოდა, აინტერესებს. ”ამის დადგენას ახალი, სხვა კომისია სჭირდება, რომელიც ისტორიულ სიმართლეს დაადგენს”.

 

კოკო თავმდაბალია, როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი - ”მე შეიძლება ვიყო მხოლოდ კონსულტანტი”.

 

ბაკურ კვეზერელი კარგია - ”საქართველოში შაქრის დეფიციტი არ არის”.

 

მანანა მანჯგალაძე კეთილია - ”საქართველოსა და სომხეთს შორის ყველა საკითხი კეთილმეზობლობის კონტექსტში განიხილება”.

 

ჰოოო... კეთილმეზობლობა... მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ და რამე...

მიხეიიილ... მეზობლის ქალს ტაქსით წრეს რომ დაარტყამ, ხელები დაიმოკლე.

თუმცა, მოახერხებს კი კურკების მბრძანებელი 80 დღის განმავლობაში ხელების დამოკლებას?

ეს არის მთავარი... გაგების შემდეგ, რასაკვირველია.

 

კ.ა. (კეთილმეზობლობის ამბავში) - ჰაეს? - მკითხა ბოლოს და ისეთი გადავიხარხარე, რომ ტკივილისაგან ორად მოვიკეცე.

- გრუზინ? - მკითხა ცოტათი შემცბარმა და წამოდგა,,,

...რა თქმა უნდა, რაფიკა ერქვა, რა თქმა უნდა, დიდი ცხვირი ჰქონდა, რა თქმა უნდა, სომეხი იყო და რა თქმა უნდა, ”ბრატს” მეძახდა.

(აკა მორჩილაძე, ”მოგზაურობა ყარაბაღში”)