პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივანი: უკრაინამ უნდა დაიწყოს იმის დაფასება, რასაც პოლონეთი მისთვის აკეთებს

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივანი: უკრაინამ უნდა დაიწყოს იმის დაფასება, რასაც პოლონეთი მისთვის აკეთებს

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივანმა და საერთაშორისო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, მარჩინ პშიდაჩმა განაცხადა, რომ უკრაინამ მართლაც დიდი მხარდაჭერა მიიღო პოლონეთისგან და უკრაინამ იმ როლის დაფასება უნდა დაიწყოს, რომელიც პოლონეთმა უკრაინისთვის ბოლო თვეებსა და წლებში შეასრულა.

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლონელი ფერმერის ინტერესების დაცვაა. მოსავლის აღების პერიოდში ვართ. პოლონური მარცვლეული უნდა გავრცელდეს შესაბამის, ღირსეულ ფასად. რაც შეეხება უკრაინას, უკრაინამ მართლაც დიდი მხარდაჭერა მიიღო პოლონეთისგან. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, [უკრაინას] დაეწყო იმ როლის დაფასება, რომელიც პოლონეთმა უკრაინისთვის ბოლო თვეებსა და წლებში შეასრულა“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

„სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის კონტექსტში, ჩვენ არ შეგვიძლია უკან დახევა. ჩვენ აქ მტკიცედ უნდა ვიდგეთ პოლონეთის სახელმწიფოს ინტერესებში და უკრაინამ უნდა დაიწყოს იმის დაფასება, რასაც პოლონეთი მისთვის აკეთებს“, - დასძინა მან.

28 ივლისს, პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინულ მარცვლეულს ქვეყანაში 15 სექტემბრის შემდეგაც არ შეუშვებს, როდესაც უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის ვადა იწურება.

20 ივლისს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვის შესახებ პოლონეთის გეგმებს არამეგობრული და პოპულისტური ნაბიჯი უწოდა.

ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანას -ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი- სურს, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს. პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ ხუთმა ქვეყანამ ხელი მოაწერა საერთო დეკლარაციას აკრძალვის, სულ მცირე, წლის ბოლომდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი ევროკომისიასთან მოლაპარაკებებში წარადგენენ.