ნორვეგიის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერმა თანამდებობა სათვალის ქურდობის გამო დატოვა

ნორვეგიის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერმა თანამდებობა სათვალის ქურდობის გამო დატოვა

ნორვეგიაში, მემარცხენე პარტიის „წითლები“ ლიდერმა ბიორნარ მოქსნესმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გაირკვა, რომ მან Hugo Boss-ის მზისგან დამცავი სათვალე მოიპარა. ამის შესახებ Politico წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მოქსნესმა სათვალე ოსლოს აეროპორტის მაღაზიაში, 16 ივნისს მოიპარა. ინციდენტი კამერამ დააფიქსირა და ქურდობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა. განცხადება პარტიის ლიდერის თანამდებობის დატოვების შესახებ პოლიტიკოსმა 24 ივლისს გააკეთა.

„ბევრი მეკითხება, ასეთი სისულელე როგორ ჩავიდინე. ბოლო კვირების განმავლობაში ამ კითხვას საკუთარ თავს მეც ხშირად ვუსვამ. ადეკვატური განმარტება არ მაქვს“, - დაწერა მოქსნესმა Facebook-ზე.

მან დასძინა, რომ პარტიის წევრობასა და პარლამენტის დეპუტატობაზე უარს არ ამბობს. „წითლებს“ ნორვეგიის პარლამენტში 8 ადგილი აქვთ. მოქსნესი პარტიას სათავეში 11 წლის განმავლობაში ედგა.