მამუკა მდინარაძე: ლოგიკა გვეუბნება იმას, რომ ყველაზე რადიკალი, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები დღეს შეიკრიბნენ 5 ნომრის ქვეშ

მამუკა მდინარაძე: ლოგიკა გვეუბნება იმას, რომ ყველაზე რადიკალი, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები დღეს შეიკრიბნენ 5 ნომრის ქვეშ

მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებას გამოეხმაურა. ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ბევრი ხუმრობა მოვისმინე, ბევრი სერიოზული კომენტარი, მაგრამ აქ ცოტა სხვა რამეშია სინამდვილეში ამბავი. ჩემი ვარაუდით, ლოგიკა გვეუბნება იმას, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს გადაჯგუფებასთან „ნაცმოძრაობის“ რიგებში - ანუ, დიდ კლასტერში, რომელიც რამდენიმე პარტიად არის საქართველოში გაშლილი. იგივე ლოგიკა საქართველოში გვეუბნება იმას, რომ ყველაზე რადიკალი, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები დღეს შეიკრიბნენ 5 ნომრის ქვეშ. ვაშაძის, როგორც პოლიტიკოსის ხასიათი (მის პირად ხასიათზე არ ვსაუბრობ, არ მაინტერესებს), ძალიან ჰგავს „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი ე.წ. თავმჯდომარის პოლიტიკურ ხასიათს - ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები, ისინი არიან ყველაზე რადიკალები - ასე პოზიციონირებენ და, როგორც ჩანს, ეს ჯგუფი ერთ მხარეს დააჯგუფეს. მათ ამ ყველაფერს არავინ ეკითხება - დავალებას აძლევენ, რასაც ეტყვიან იმას გააკეთებენ. ალბათ ვნახავთ მეორე კლასტერს, რომელიც ლიბერალებზე იმუშავებს, მაგრამ რეალურად ფსევდოლიბერალური ღირებულებებით. აქ იქნება მოაზრებული ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და მისი მხარე. შესაძლებელია მათთან ერთად ვიხილოთ „ლელო“, გახარია და ასეთი პოლიტიკური წარმონაქმნები ან ცალკე. ყველანი ცდილობენ ერთად მიიღონ ხმები, რომლებიც მოუგებს მომავალ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“, რაც წარმოუდგენელია“, - მიიჩნევს მდინარაძე.