2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიცია გაერთიანებას ცდილობს. ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვაშაძის ერთობა შედგა. ახლა უკვე კონსულტაციებს „ლელო“ მართავს. ვაშაძე ხაბეიშვილთან ერთად ახლა საკრებულოს წარმომადგენლებს ხვდება. ღონისძიებაზე დასწრების უფლება მედიას არ მიეცა. შეხვედრიდან გამოსულმა ვაშაძემ და ხაბეიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს.
„ლელო“ აქტიურ კონსულტაციებს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან მართავს. პარტიაში უშუალოდ პოლიტიკოსებთან კონსულტაციები არ დაუწყიათ, თუმცა როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა „ქრონიკასთან“ თქვა, გამარჯვების შანსი სწორედ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ორგანიზებაშია.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე ელოდებიან როგორი კონფიგურაცია დალაგდება საბოლოოდ ოპოზიციურ სპექტრში. „ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაბრუნებას ისინი აღარ აპირებენ.
„ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობა წითელი ხაზია გიორგი გახარიას პარტიისთვისაც და მათი პრინციპული არჩევანია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად იბრძოლონ.
ასევე დამოუკიდებელი საარჩევნო მარათონისთვის ემზადება „გირჩიც“. თუმცა, იაგო ხვიჩიას აქვს იდეა, რომ ისინი გახსნილი სიით იქნებიან წარმოდგენილი და შეაბაამისად, ყველა დაინტერესებულ ადამიანს ელოდებიან მათ რიგებში.