რომან გოცირიძე:  ყველა დემოკრატიული პარტიის და პოლიტიკური პირის გაერთიანება უნდა მოხდეს დიდ ბლოკში, შესაძლებელია ორიც იყოს ასეთი - ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის

რომან გოცირიძე:  ყველა დემოკრატიული პარტიის და პოლიტიკური პირის გაერთიანება უნდა მოხდეს დიდ ბლოკში, შესაძლებელია ორიც იყოს ასეთი - ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის

ყველა დემოკრატიული პარტიის და პოლიტიკური პირის გაერთიანება უნდა მოხდეს დიდ ბლოკში, შესაძლებელია ორიც იყოს ასეთი - ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" და სტრატეგია" აღმაშენებლის" გაერთიანების გარდა, აუცილებელია შეიქმნას სხვა დიდი პოლიტიკური გაერთიანებაც, რომელშიც გოცირიძე ხედავს იმ ადამიანებს, ვინც დღეს მათ შორის, პარლამენტში არიან.

კითხვაზე, იქნება თუ არა იმ გაერთიანებაში, რომელზეც საუბრობს "ლელო," გოცირიძე პასუხობს, რომ იქნება დიდ პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომელიც არ იქნება რომელიმე ერთი პოლიტიკური ცენტრის ირგვლივ.

"დიახ, მე ვიქნები იქ, სადაც იქნება დიდი პოლიტიკური გაერთიანება, ეს არ იქნება რომელიმე ერთი პოლიტიკური ცენტრის ირგვლივ გაერთიანება. ასეთი ფორმულირება აკნინებს ყოველთვის დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნას. გარდა "ნაციონალური მოძრაობისა", უნდა იყოს სხვა დიდი პოლიტიკური გაერთიანება, რომელშიც ვხედავ იმ ადამიანებს ასევე, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან", - აცხადებს გოცირიძე.

ამასთან, გოცირიძის თქმით, პარტია, რომელიც ცალკე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, უპასუხისმგებლო იქნება და აუცილებელია ყველამ საკუთარი თავი რომელიმე პირობით ბლოკში იპოვოს.

"რა თქმა უნდა არჩევნებისთვის მოხდება მსხვილი ოპოზიციური გაერთიანებები. პარტია, რომელიც არ იქნება რომელიმე მსხვილ პირობით ბლოკში, იქნება უპასუხისმგებლო, ვინაიდან ან ძალიან დიდ ილუზიებში იქნება ჩავარდნილი, რომ ცალკე 5 - პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, თუმცა, არ მგონია ასეთი გულუბრყვილო ვინმე იყოს ან უბრალოდ მონაწილეობს ფორმალურად არჩევნებში. ყველამ სადღაც უნდა იპოვოს ადგილი როგორც პარტიებმა, ასევე უპარტიო პოლიტიკოსებმა, ისევე როგორც სამოქალაქო სექტორიდან იმ ადამიანებმა, რომლებსაც პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება და პრეტენზია აქვთ, ყველამ უნდა შექმნას დიდი ანტისახელისუფლებო მოძრაობა. ეს რა თქმა უნდა, არ იქნება ერთი ან ორი მოძრაობა, იქნება რამდენიმე ბლოკი, სადაც მსგავსი პოლიტიკური ორგანიზაციები იპოვიან თავს. "ნაციონალურ მოძრაობას" რაც შეეხება, მას არ სჭირდება არავის დახმარება, ისედაც გადალახავს ბარიერს, მაგრამ თუ მათ ჩათვალეს, რომ ამ ტიპის კოალიცია კიდევ უფრო გააძლიერებთ, ეს არის მათი გადასაწყვეტი, თანაც როგორც ირკვევა, მაინც და მაინც დიდ გაფართოებას არ აპირებენ. შეიძლება პერსონალიები დაემატონ, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს მაინც და მაინც არ ეპატიჟებიან ამ ახალ გაერთიანებაში, ასეთი განცხადება მოვისმინე ორიოდე დღის წინ.

ასე რომ, მძლავრი, კოალიციური ოპოზიციური ბლოკის მოლოდინში არის დღეს საზოგადოება, მხოლოდ ამ ფორმით შეიძლება მოხდეს "ქართული ოცნებისთვის" რეალური კონკურენციის გაწევა. დიდი კოალიციური გაერთიანებისთვის უნდა ემზადოს ოპოზიცია და ისევ ვამბობ, ცალკე გასვლის სურვილი თუკი აქვს პარტიას, რომელსაც 5 პროცენტის ზღვარზეა, ისიც კი უზარმაზარ შეცდომას დაუშვებს. მე ვფიქრობ, რომ ერთი ძალიან დიდი საარჩევნო პირობითი ბლოკი იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი" ქართული ოცნების" დამარცხებისთვის. "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ჩამოყალიბდა ცალკე და დამთავრდა ეს პროცესი ალბათ, გარდა ამისა, ყველა დემოკრატიული პარტიის და პოლიტიკური პირის გაერთიანება უნდა მოხდეს ერთ დიდ ბლოკში, შესაძლებელია ერთი არა და ორიც იყოს, რა თქმა უნდა "ლელოც" შეიძლება იყოს, "რესპუბლიკური პარტიაც", "ევროპული საქართველოც", "გირჩიც," მეორე "გირჩიც",- განაცხადა გოცირიძემ.