ხაბეიშვილი-ვაშაძის ერთობა გაერთიანებაზე უფრო გარიგებას წააგავს. უნდა მივხვდეთ იმას, თუ ვინ რას მოელის ამ ე.წ. ხელის ჩამორთმევიდან, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ხაბეიშვილისთვის ვაშაძე თითქმის არაფერს წარმოადგენს, მას არავითარი პოლიტიკური წონა არ აქვს, არ ჰყავს ელექტორატი, მაგრამ ეს არის ერთგვარი გადაგდებული ხრიკი დანარჩენი ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც ე.წ. წვრილ--წვრილი პარტიები არიან და მხარდაჭერების ის რაოდენობა არ გააჩნიათ, რომ ბარიერი გადალახონ. ეს არის შეთავაზება ვაშაძის სახით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანარჩენებისთვის, რომ შემოგვიერთდით და ჩვენ გვაქვს იმის ძალა, რომ თქვენ პარლამენტში ადგილები დაიკავოთო“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანების შემდეგ რეფორმების ჯგუფის წევრები გიორგი ვაშაძეს და პაატა მანჯგალაძეს ჯგუფის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მიზეზი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთობაა. ვაშაძე და მანჯგალაძე კი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ.