Euronews: რუსული ნავთობის ექსპორტი უკრაინაში შეჭრის შემდგომ მაღალ დონეზეა. რომელი ქვეყნები ყიდულობენ მას

Euronews: რუსული ნავთობის ექსპორტი უკრაინაში შეჭრის შემდგომ მაღალ დონეზეა. რომელი ქვეყნები ყიდულობენ მას

რუსული ნავთობის ექსპორტი უკრაინაში შეჭრის შემდგომ მაღალ დონეზეა. მაგრამ რომელი ქვეყნები ყიდულობენ მას? ამ სათაურით სტატიას Euronews-ი აქვეყნებს.

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) ცნობით, რუსეთის ნავთობის ექსპორტმა 2022 წლის თებერვლის შემდეგ, ყველაზე მაღალ დონეს, აპრილში მიაღწია. რუსეთი აპრილში დღეში საშუალოდ 8,3 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს ახორციელებდა, რაც მარტთან შედარებით 50 000 ბარელით მეტია.

რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი 2022 წლის თებერვლის შემდეგ დაეცა 7,4 მილიონ ბარელამდე დღეში, სანქციებით კი მისი ვაჭრობა დაზარალდა.

IEA-ს ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით, ეს ზრდა შეესაბამება რუსეთის გაზრდილ ძალისხმევას ბაზრების ძიებასთან დაკავშირებით იმ ქვეყნებში, რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუწესებიათ სანქციები უკრაინის ომის გამო.

რუსეთის ბაზრის გადანაცვლება აღმოსავლეთისაკენ

IEA-ს ყოველთვიური ანგარიშების მიხედვით, აპრილში რუსული ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 80% მიდიოდა ინდოეთსა და ჩინეთში. BBC-ის მოხსენების თანახმად, ინდოეთის ნავთობის იმპორტი ათჯერ გაიზარდა. ინდოეთი ნავთობის სიდიდით მესამე იმპორტიორია მსოფლიოში.

ამავდროულად, ევროკავშირის ნავთობის იმპორტი შემცირდა. ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არაერთი რაუნდის ფონზე, აპრილში სტაბილურად დღეში 0,6 მილიონ ბარელზე დარჩა.

ევროკავშირის სანქციების პირველი რაუნდი რუსეთის ნედლ ნავთობზე ამოქმედდა 2022 წლის დეკემბერში, ხოლო მეორე, რომელიც ეხება რაფინირებულ ნავთობს, თებერვალში.

რუსული ექსპორტის ზრდამ კრიტიკა გამოიწვია - ინდოეთს ადანაშაულებენ იმაში, რომ ეხმარებოდა მოსკოვს ევროპული სანქციებისგან თავის არიდებაში. როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, ინდური ფირმები ყიდულობენ რუსულ ნავთობს და ყიდიან რაფინირებულ პროდუქტს.

თუმცა, ბორელმა თქვა, რომ ინდოეთი ყიდის, „რადგან ვიღაც ყიდულობს" და ევროკავშირმა უნდა აკონტროლოს მყიდველები.

ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ცნობით, ინდოეთის ძირითადი საექსპორტო ბაზრები მოიცავს ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას, მათ შორის ნიდერლანდებს, გერმანიას, იტალიას და საფრანგეთს.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი გამოეხმაურა ბორელის განცხადებას და მოუწოდა ევროკავშირს, დაფიქრდეს საკუთარ წესებზე.

„ნახეთ ევროკავშირის საბჭოს რეგულაციები, რუსული ნედლეული არსებითად ტრანსფორმირებულია მესამე ქვეყანაში და აღარ განიხილება როგორც რუსული“, - უპასუხა ჯაიშანკარმა. "მე მოგიწოდებთ, გადახედოთ საბჭოს დებულებას“, - აღნიშნა მან.

მისივე განმარტებით, ინდოეთი და რუსეთი მზად არიან გაზარდონ ვაჭრობა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილებოდეს იმპორტი, როგორც „ომის დაფინანსების პირდაპირი გზა".