რიკარდ იოზვიაკი: ველაპარაკე რამდენიმე ევროპელ მაღალჩინოსანს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამერიკა უკრაინის მომავალს დღესაც ხედავს, როგორც ნეიტრალური, ნატოს არაწევრი ქვეყნისა, რომელსაც ის კრემლთან სამომავლო მოლაპარაკებებში სავაჭროდ გამოიყენებს

რიკარდ იოზვიაკი: ველაპარაკე რამდენიმე ევროპელ მაღალჩინოსანს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამერიკა უკრაინის მომავალს დღესაც ხედავს, როგორც ნეიტრალური, ნატოს არაწევრი ქვეყნისა, რომელსაც ის კრემლთან სამომავლო მოლაპარაკებებში სავაჭროდ გამოიყენებს

მე ველაპარაკე რამდენიმე ევროპელ მაღალჩინოსანს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამერიკა უკრაინის მომავალს დღესაც ხედავს, როგორც ნეიტრალური, ნატოს არაწევრი ქვეყნისა, რომელსაც ის კრემლთან სამომავლო მოლაპარაკებებში სავაჭროდ გამოიყენებს, - წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სტატიაში სათაურით რა მიიღო (და რა ვერ მიიღო) უკრაინამ ვილნიუსში.

„ვილნიუსის შეკრების დეტალებში გასარკვევად ჯერ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის დეტალები უნდა გავიხსენოთ. მაშინ უკრაინამ (საქართველოსთან ერთად) ალიანსში გაწევრიანების დასტური მიიღო - თუმცა კონკრეტული გზის ან ვადების გარეშე. კიევს და მის მოკავშირეებს ნატოში - ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს - ამჯერად უფრო მეტის მიღება სურდათ. ყველაზე ხშირად ისმოდა ფრაზა: „თავიდან ავირიდოთ კიდევ ერთი ბუდაპეშტი“. არადა, ვილნიუსის და ბუქარესტის დეკლარაციებს თუ შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ კიევმა „ბუქარესტი 2.0“ ან, გნებავთ, „ბუქარესტი +“ მიიღო“, - წერს სტატიის ავტორი.

რიკარდ იოზვიაკი აღნ იშნავს, რომ 2008 წლის დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ უკრაინა და საქართველო გახდებოდნენ ნატოს წევრები და მათი შემდეგი ნაბიჯი MAP-ი - გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - იქნებოდა, ხოლო ვილნიუსში კი განაცხადეს, რომ უკრაინას MAP-ის ეტაპის გავლა აღარ დასჭირდებოდა - ფინეთისა და შვედეთის მსგავსად.

„თუმცა, ეს პროცესი ბოლომდე მკაფიოდ მაინც არ არის ჩამოყალიბებული. უკრაინელების იმედგაცრუება გამოიწვია ბოლო წინადადებამ, სადაც ხაზგასმულია, რომ უკრაინას ალიანსში გაწევრიანებას შესთავაზებენ მაშინ, როდესაც ამასთან დაკავშირებით მოკავშირეები შეთანხმდებიან და „პირობები შესრულდება“. გაბრაზებულმა ზელენსკიმ „ტვიტერზე“ დაწერა: „უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული არც უკრაინის NATO-ში მიწვევისთვის და არც ნატოს წევრობისთვის. ამავე დროს, უკრაინის NATO-ში მიწვევისთვისაც კი რაღაც ბუნდოვანი პირობებია გათვალისწინებული“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორის თქმით, ნატოს რამდენიმე ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის დაცვის პირობით მას გაუმხილა, რომ ისიც კი საოცრება იყო, რომ ტექსტში სიტყვა „მოწვევა“ საერთოდ ახსენეს, ვინაიდან ეს უფრო შორს მიდის, ვიდრე წინა დოკუმენტები, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული ვადებისა და პირობების გაწერის გარეშე ეს სიტყვა ბევრს არაფერს ნიშნავს.

„დიპლომატებმა მითხრეს, რომ ომის დასრულების შემდეგ გაწევრიანებაზე დოკუმენტში არაფერი წერია, რადგან ეს წაახალისებდა რუსეთს, რომ არასდროს დაესრულებინა ომი - თუნდაც მუდმივად ებომბა უკრაინა თავისი ტერიტორიიდან და ამით აღეკვეთა მისი ალიანსში გაწევრიანების მცდელობა. უკრაინას და მის უახლოეს მოკავშირეებს სურდათ, რომ ტექსტში ნახსენები ყოფილიყო რამე კონკრეტული ვადები ან ნაბიჯები კიევის ნატოში გასაწევრიანებლად - მაგალითად, რომ ამ საკითხს ნატოს შემოდგომის მინისტერიალზე განიხილავდნენ ან, რომ 2024 წლის ნატოს ვაშინგტონის სამიტზე შეაფასებდნენ ვითარებას. ამ მხრივ ბუქარესტის დეკლარაცია სჯობდა კიდეც. იქ ნათქვამი იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები 2008 წლის დეკემბერს უკრაინისა და საქართველოს პროგრესს შეაფასებდნენ, თუმცა რუსეთის თავდასხმამ საქართველოზე იმავე წლის აგვისტოში მთელი პროცესი ჩაშალა. დოკუმენტში ასევე ვერ მოხვდა ფრაზა: „უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია“ - წინადადება, რომელიც სტოლტენბერგმა კიევში ვიზიტის დროს წარმოთქვა. დიპლომატებმა მითხრეს, რომ დოკუმენტის პირველი მონახაზი მაისში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე დახურულ კარს მიღმა შეათანხმეს და მას შემდეგ ის მაინცდამაინც არც შეცვლილა. იქ ჩამოთვლილი იყო, თუ რას სთავაზობს ნატო კიევს - MAP-ი საჭირო აღარ არის, შეიქმნება ნატო-უკრაინის საბჭო და დაწესდება მრავალწლიანი დახმარების პროგრამა, რომელიც წელიწადში 500 მილიონი ევროთი განისაზღვრება“, - წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი.

სტატიის ავტორი აცხადებს, რომ ცხადი იყო, რომ აშშ-სა და გერმანიას უფრო შორს წასვლა არ სურდათ. მისი თქმით, დიპლომატებმა მას ორი განსხვავებული მიზეზი დაუსახელეს: პირველია შიში, რომ უკრაინაზე მეხუთე მუხლის - კოლექტიური თავდაცვის პირობის - გავრცელებასთან დაახლოებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნატოს პირდაპირი კონფრონტაცია მოსკოვთან, ხოლო მეორე მიზეზი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც მომავალ წელს ჩატარდება - ეს კი იმას ნიშნავს, რომ „მომავალ ზაფხულს ნატოს ვაშინგტონის სამიტისგან ბევრს არაფერს უნდა ველოდეთ - ამ დროს ამერიკაში საპრეზიდენტო კამპანია იქნება გახურებული“.

„ბევრი რამე იქნება დამოკიდებული უკრაინის სამხედრო წარმატებებზე. დიპლომატები, ვისაც მე ვესაუბრე, აღიარებენ, რომ უკრაინამ წელს ფრონტზე რაიმე წინსვლა უნდა აჩვენოს, რადგან ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში და, რაც მთავარია, აშშ-ში 2024 წელს მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება. მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თავად ზელენსკის დარწმუნების ძალა - ვილნიუსში ქუჩაში ხალხი მას ისე ხვდებოდა, როგორც როკვარსკვლავს ხვდებიან ხოლმე, თუმცა მოკავშირეები უკმაყოფილონი იყვნენ მის მიერ „ტვიტერზე“ გამოთქმული კრიტიკით.

მთელ ამ დისკუსიებს კი თან გასდევს მითქმა-მოთქმა, რომ თითქოს ამერიკელები თავიანთ არაოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთთან, რომელიც შეეხება ომის დასრულებას რაღაც სახით გარიგების მეშვეობით. მე ველაპარაკე რამდენიმე ევროპელ მაღალჩინოსანს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამერიკა უკრაინის მომავალს დღესაც ხედავს, როგორც ნეიტრალური, ნატოს არაწევრი ქვეყნისა, რომელსაც ის კრემლთან სამომავლო მოლაპარაკებებში სავაჭროდ გამოიყენებს“, - დასძინა სტატიის ავტორმა.