ვინ იხეირა ”ქამრების შემოჭერით”

ვინ იხეირა ”ქამრების შემოჭერით”

„ქამრების შემოჭერის“ ინიციატივით პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიდა. ამის ხარჯზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხის დაზოგვა მოხდა. თუმცა, ამავე პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო უწყებებში რეორგანიზაცია და თანამშრომელთა შემცირებები მიმდინარეობს. 

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ დემურ გიორხელიძის აზრით, „ქამრების შემოჭერის პოლიტიკას“ აზრი იმ შემთხვევაში ექნება, როცა ხელმძღვანელ პირს რიგით თანამშრომელზე ათჯერ მეტი ხელფასი არ ექნება. სოსო ცისკარიშვილის შეფასებით კი, „ქამრების შემოჭერის პოლიტიკის“ ფარგლებში „ხალხის ხარჯზე დაზოგილი“ ფული კონცერტებზე იხარჯება.

„ქამრების შემოჭერის პოლიტიკა“ – ეს ძალიან ლამაზი სიტყვებია და რა თქმა უნდა, უპირველესად ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ბიუროკრატიული ხარჯები უნდა შემცირდეს. ეს საჭიროცაა, თუმცა, სულაც არ ვფიქრობ, რომ არსებითი მნიშვნელობა აქვს სამსახურიდან რამდენ ადამიანს გაუშვებ. აქ ყველაზე მთავარი პრობლემა უწყების ხელმძღვანელი პირებისა და რიგითი თანამშრომლების ხელფასებს შორის უზარმაზარი დიფერენციაციაა, რაც, როგორც წესი, არც ერთი წამყვანი სახელმწიფოს სინამდვილეში არ ხდება. არ შეიძლება ხელმძღვანელ პირს თანამშრომლისგან განსხვავებით ათჯერ მაღალი ხელფასი ჰქონდეს. ასეთი რამ არ ხდება არსად და ხდება მხოლოდ საქართველოში“, - განუცხადა გიორხელიძემ „ჯი-ეიჩ-ენს“.

მისივე განმარტებით, „ქამრების შემოჭერის პოლიტიკას“ აზრი არ აქვს მაშინ, როცა „პრემიებისა და საზღვარგარეთ მივლინებების სახით ისევ ერთი ხელმძღვანელი პირი მოიხმარს იმ ფულს, რისი დაზოგვაც რამდენიმე ათეული კაცის სამსახურიდან გაშვების ხარჯზე მოხდა“.

„ჩვენ ვნახეთ კიდეც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მინისტრი მისი უწყების ლამის მთელ დაფინანსებას საკუთარ თავსა და ოჯახს ახმარს. ესაა რეალობა. ჩვენ კი სწორედ რეალობა გვაინტერესებს და არა ის, რაც დეკლარირებულია“, - განმარტა ექსპერტმა.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, „ქამრების შემოჭერის პოლიტიკის“ ფარგლებში „ხალხის ხარჯზე დაზოგილი“ ფული კონცერტებზე იხარჯება.

„ის, რომ მთავრობა სხდომებს მთელ საქართველოში, ჩამოტარებით მართავს და ასე ცინდალებივით დაატარებენ მინისტრებს სხვადასხვა ადგილას; ის, რომ ქუთაისში პარლამენტის მეორე შენობა და მთავრობის მეორე სახლი შენდება, უკვე ნიშნავს, რომ ქამარს თავად კი არ იჭერენ, არამედ უჭერენ სხვას“, - განუცხადა ცისკარიშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს“.

ამასთან, პოლიტოლოგის განმარტებით, თუკი „ქამრების შემოჭერის პოლიტიკის“ ფარგლებში გარკვეული ოდენობის თანხის დაზოგვა მართლა მოხდა, ეს სწორედ ის თანხებია, რომლებიც ქვეყანაში ბოლო პერიოდში გამართულ კონცერტებზე დაიხარჯა.

„თუკი რაიმე დაიზოგა ამ პოლიტიკით, რასაკვირველია, ისევ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე, ის კონცერტებში არ უნდა გავისროლოთ, რადგან კონცერტი და სიმღერა უნდა მას, ვისაც ელემენტარული კვების საშუალება მაინც გააჩნია. ჩვენ ასეთი ფუფუნების უფლება არ გვაქვს. საქართველოში, სადაც ნახევარზე მეტი მოსახლეობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დაბლაა, ნამღერი და ნაცეკვი თავის მიზანს ვერ აღწევს. ეს არის ცოდვა და არა კულტურული განვითარება ერის წინაშე“, - განმარტავს პოლიტოლოგი.

გარდა ამისა, სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, „ამდენი მშიერი და უსახლკარო ადამიანის ფონზე არც თბილისი უნდა იყოს მსოფლიოში ყველაზე განათებული ქალაქი“.

„როგორც არ უნდა გვსიამოვნებდეს განათებული თბილისის ყურება, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ სწორედ ჩვენი თანამემამულეების შიმშილის ფასად ნათდება საქართველოს დედაქალაქი და სწორედ ჩვენი თანამემამულეების შიმშილის ფასად მღერის და ცეკვავს ბათუმი“, - აცხადებს ცისკარიშვილი.