რობერტ კენედი უმცროსი: უკრაინაში ომის თავიდან აცილება ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე შეიძლებოდა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ჩაეშალათ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები

რობერტ კენედი უმცროსი: უკრაინაში ომის თავიდან აცილება ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე შეიძლებოდა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ჩაეშალათ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები

მე უმკაცრესად ვგმობ რუსეთის სასტიკ და სისხლიან შეჭრას უკრაინაში. თუმცა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენმა მთავრობამ თავისი წვლილი შეიტანა ამ გარემოებებში რუსეთის მიზანმიმართული პროვოკაციებით, დაწყებული 90-იანი წლებიდან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურვლემა რობერტ კენედი უმცროსმა განაცხადა.

„„დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ ადმინისტრაციებმა ნატო რუსეთის საზღვრებს მიუახლოვეს, რითაც დავარღვიეთ 90-იანი წლების დასაწყისიდან გაცემული დაპირება, როდესაც ჩვენ დავდეთ პირობა, რომ თუ რუსეთი ამ საშინელ დათმობას მიიღებდა - აღმოსავლეთ გერმანიიდან 400 000 ჯარისკაცის გაყვანა - და გერმანიის გაერთიანებას დაუშვებდა ნატოს არმიის, მტრული არმიის ქოლგის ქვეშ, ჩვენ ვალდებულებას ვიღებდით, რომ ამის შემდეგ ნატო აღმოსავლეთით არცერთი სანტიმეტრით არ გაფართოვდებოდა და ჯეიმს ბეიკერმა გასცა ეს გარანტია, როგორც ეს გააკეთეს ბრიტანელმა ოფიციალურმა პირებმა და სხვებმა, მაგრამ დღეს ჩვენ რუსეთი ალყაში მოვაქციეთ. რუსეთის გარშემო რაკეტები და სამხედრო ბაზები განვათავსეთ, რასაც ვერასდროს შევეგუებოდით, თუ ამას რუსები გაგვიკეთებდნენ. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ანალიტიკური ცენტრების განცხადებები ასახავენ უკრაინაში ომის მიზნებს: რეჟიმის შეცვლა რუსეთში, ვლადიმირ პუტინის დამხობა. ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა. რუსეთის არმიის გამოფიტვა და რუსეთის ფედერაციის დაშლა. ამ მიზნებიდან არცერთს არაფერი აქვს საერთო უკრაინის დახმარებასთან, რაც, რა თქმა უნდა, ომში ჩვენი ჩართვის საბაბი იყო. შემდეგ მათ აღიარეს, რომ არსებობს უფრო ფართო გეოპოლიტიკური დღის წესრიგი და რომ უკრაინა უბრალოდ პაიკია აშშ-სა და რუსეთს შორის მარიონეტული ომის დროს. ომის წამქეზებლები აშშ-ის ხელმძღვანელობის შიგნით საომარ თამაშებსა და სცენარებს ავითარებენ და ამტკიცებენ, რომ ბირთვული ომის მოგება შეიძლება. ეს საშიში ტყუილია, ეს არის ილუზია.

მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმას გამბედაობა სჭირდება. ვნახოთ, რა მოხდება, როდესაც პროვოკაციასა და ესკალაციას შევწყვეტთ და მის ნაცვლად ზეთისხილის რტოს შევთავაზებთ. ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, აიძულებს მათ, ვისაც ჩვენს მოწინააღმდეგეებს ვუწოდებთ, გადადგან შემდგომი ნაბიჯი. შეიძლება რუსეთი არ უპასუხებს [ამ ჩვენს ნაბიჯს მშვიდობისკენ], მაგრამ გვეცოდინება მაინც, რომ შევეცადეთ და ამას მთელი მსოფლიოც გაიგებს“, - განაცხადა კენედიმ.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის თავიდან აცილება ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე შეიძლებოდა, თუმცა, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაეშალათ.

„დღეს ამერიკამ რუსეთთან პრაქტიკულად ყველა დიპლომატიური კონტაქტი გაწყვიტა. კომუნიკაცია მართლაც მხოლოდ მუქარისა და შეურაცხყოფის გაცვლა გახდა. ნუთუ ბაიდენი ვერ შეხვდება პუტინს? ნუთუ არ შეგვიძლია მაინც დავიწყოთ საუბარი? ნუთუ ახლა გვაქვს ისეთი დამახინჯებული და სასოწარკვეთილი ხედვა მეორე მხარის მიმართ, რომ არც კი ველაპარაკებით? კონფლიქტის გარდაუვალად დანახვა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად იქცა. ორი-სამი ათეული წლის წინ, საქმე გვქონდა ცივილიზაციის შეჯახებასთან, ისლამსა და დასავლეთს შორის. დღეს, კვლევითი ცენტრების ის ლეგიონები, რომლებსაც თავდაცვის ინდუსტრია აფინანსებს, მოგვიწოდებენ, მოვემზადოთ ჩინეთთან გარდაუვალი ომისთვის. ომი გარდაუვალია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მას გარდაუვალს ვაქცევთ.

უკრაინაში ომის თავიდან აცილება ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე შეიძლებოდა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ჩაეშალათ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის, სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც უკვე ხელმოწერილი იყო და არა მხოლოდ ეს. რუსეთს უკვე დაწყებული ჰქონდა ჯარების გაყვანა კიევის ტერიტორიიდან. ჩვენ ახლა ვიცით, რომ ეს ომი გარდაუვალი არ იყო“, - განაცხადა კენედიმ.