მაშინ, როცა ბულგარეთისა და რუმინეთის გარემოს დაცვის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათ სანაპირო ზოლზე დასვენება უსაფრთხოა, საქართველოში გარკვეული ძალები მაინც თესავენ პანიკას, თითქოს შავ ზღვაზე დასვენება არ შეიძლება, რადგან რუსების მიერ ნოვა-კახვოკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაბინძურებულმა წყალმა შეიძლება ქოლერა და სხვა დაავადებები გამოიწვიოს. ეს მაშინ, როცა საქართველოზე ადრე დაბინძურებულმა წყალმა ბულგარეთის და რუმინეთის სანაპირო ზოლამდე უნდა მიაღწიოს.
თავის მხრივ, ბულგარეთსა და რუმინეთში მიიჩნევენ, რომ ჰესის აფეთქების შედეგთან დაკავშირებულ გადაჭარბებულ შიშს რუსი პროპაგანდისტები ნერგავენ უკრაინის წინააღმდეგ უკმაყოფილების გასაზრდელად. ამიტომაც გვესმის აპოკალიფსური შეფასებები, თითქოს შავ ზღვაში ადამიანთა გვამების, ცხოველთა ლეშის, ნაღმების, ნავთობპროდუქტების, პესტიციდების შერევის საშიშროება მაღალია.
შავი ზღვა რომ სუფთაა, ამას არა მხოლოდ საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევები ადასტურებს, არამედ შავი ზღვის გეოგრაფიული მდებარეობაც, რომ დინება ყოველთვის სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, ანუ ოდესისკენ მიემართება და არა პირიქით. თუკი თვეების შემდეგ შავ ზღვაში დაბინძურება მაინც მოხდება, ეს დაბინძურება მარილიანი წყლით გადამუშავდება. ქოლერის გავრცელება კი შეუძლებელია მარილიან წყალში, ინფექცია გადამდებია მხოლოდ მტკნარ წყალში.
„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, ჰიდროლოგი, ყოფილი დეპუტატი გია გაჩეჩილაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არ არსებობს პანიკის საფუძველი კახოვკის კაშხლის აფეთქებით საქართველოს ზღვის სანაპიროს დაბინძურების თვალსაზრისით და ზღვაზე წამსვლელებს შეუძლიათ უპრობლემოდ დაისვენონ.
გია გაჩეჩილაძე იხსენებს, რომ თავის დროზე რამდენიმე შემთხვევა მომხდარა, მაგრამ შავ ზღვაზე ეს არ ასახულა. კერძოდ, შავი ზღვის აუზში სიდიდით მეორე მდინარე არის დუნაი, წლების წინ დუნაიზე მოხდა საშინელი კატასტროფა, იქ სამრეწველო ობიექტია და დიდი რაოდენობით ციანიდები ჩაიქცა, იმანაც კი ვერ მოაღწია შავ ზღვამდე, თანაც, დუნაი უფრო ახლოს არის. იქ იყო კიდევ წითელი შლამის პრობლემა, მძიმე ლითონებით გაჯერებული შლამი ჩავიდა დუნაიში და ამის მიუხედავად არაფერი არ მომატებულა შავ ზღვაში, რადგან ზღვას თავისი ჰიდროდინამიკა, ჰიდროლოგია აქვს და თვითგაწმენდის უნარი გააჩნია.
ამდენად, გია გაჩეჩილაძე თვლის, რომ უკრაინაში კახოვკის კაშხლის აფეთქება გავლენას ვერ იქონიებს საქართველოს შავი ზღვის წყლის ხარისხზე. კაშხლის აფეთქების შემდეგ მდინარე დნეპრის მიერ შავ ზღვაში ჩატანილი ნივთიერებები საქართველოში შეიძლება მოხვდეს მხოლოდ შავ ზღვაში არსებული დინებებით, რაც ნაკლებ სავარაუდოა, რადგან შავ ზღვაში ნივთიერებების გადატანა ძირითადად საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრავი დინებების საშუალებით ხდება, დნეპრის შესართავიდან საქართველომდე სანაპირო ზოლის სიგრძე კი 2100 კილომეტრამდეა. ეს ნიშნავს, რომ ზღვის მთავარმა დინებამ ჯერ უნდა გაიაროს რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის წყლები და მერე შემოვიდეს საქართველოში.
გარდა ამისა, შავი ზღვის დინებები სუსტია. ძირითადი დინების საშუალო სიჩქარე 0,4 მეტრია წამში, ანუ კახოვკის დაბინძურებულმა წყალმა საქართველომდე რომ მოაღწიოს, მინიმუმ ორი თვე მაინც დასჭირდება. თუმცა ეს საქართველოს სანაპირო ზოლს მაინც ვერ შეეხება, რადგან ნაკადი მოძრაობს სანაპიროდან 3-7 კილომეტრის დაშორებით. უშუალო სანაპირო ზოლზე კი დინების სიჩქარე კიდევ უფრო დაბალია, დაახლოებით 0,1-0,2 მეტრი წამში, ანუ 0,6 კილომეტრი საათში და დაბინძურებული წყლის აქამდე მოღწევას მინიმუმ ექვსი თვე მაინც სჭირდება.
„გასათვალისწინებელია ისიც, რომ დამაბინძურებელი ნივთიერების უმეტესი ნაწილი უკრაინის სანაპირო რაიონებში ფსკერზე დაილექა, დარჩენილი ნაწილის კონცენტრაცია კი შემცირდება ზღვაში მიმდინარე თვითგაწმენდის ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების და ზღვის წყალთან ინტენსიური შერევის შედეგად. ამდენად, კახოვკის წყლებმა რამდენიმე თვეშიც რომ მოაღწიოს საქართველომდე, მათი შემადგენლობა, პრაქტიკულად, უსაფრთხო იქნება და სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იმოძრავებს. ზღვის ღელვის დროსაც ნაკლებად სავარაუდოა დამაბინძურებელი ნივთიერებები შემოიტანოს ტალღებმა, რადგან ღელვის ინტენსიობა მაქსიმუმს გვიან შემოდგომასა და ზამთარში აღწევს და არა საკურორტო სეზონზე“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.
ეკოლოგი მანანა დევიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შავ ზღვაზე, დასვენების კუთხით, ამ ეტაპზე, პრობლემა არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში რა მოხდება, ეს არაპროგნოზირებადია და ზღვის დინებებზეა დამოკიდებული.
ეკოლოგის თქმით, საქართველოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა შემოწმება და, როგორც ამბობენ, შავი ზღვის წყლის დაბინძურების ხარისხი ნორმის ფარგლებშია. თუმცა, სანამ კახოვკის ელექტროსადგური აფეთქებოდა, მანამდე შავ ზღვაზე არსებობდა პრობლემა ურეკი-გრიგოლეთის მონაკვეთზე ე.წ. წყლის აყვავილება ხდებოდა, ორი წლის წინ წყალი იყო ამწვანებული წყალმცენარეების მასობრივი გამრავლების გამო, იქ მერე ლპობის პროცესი წავიდა, საშინელი სუნი დაფიქსირდა, ტოქსიკები გამოიყოფოდა და საოცრად მძიმე მდგომარეობა იყო. ამ ეტაპზე წყლის ამწვანება არ ჩანს და, გარემოს სააგენტოს თანახმად, დაბინძურების ყველა ქიმიური პარამეტრი ნორმის ფარგლებშია.
„კახოვკიდან მოაღწია თუ არა დაბინძურებამ, ამას მარტო საქართველოს კი არა, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ერთობლივი, უფრო სერიოზული კვლევა სჭირდება, უნდა ვიცოდეთ რუმინეთში, ბულგარეთში, თურქეთში რა ხდება. ამ ქვეყნების ანალიზების პასუხების მიხედვით, დაბინძურება არ ჩანს. სპეციალურად შავი ზღვის კვლევაზე მუშაობს და პერიოდულად სინჯებს იღებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ბათუმის განყოფილება, მათი კვლევის მიხედვით, განსხვავებული არაფერი არ დაფიქსირებულა შავ ზღვაში წინა წლებთან შედარებით. დროთა ვითარებაში როგორ შეიცვლება მდგომარეობა, პროგნოზირებადი არ არის ეს საკითხი, ეს წყლის დინებებზეა დამოკიდებული, წყლის ტემპერატურაზე, ჩამდინარე წყლებზე. ისე, ჯერჯერობით ჩამდინარე წყლებით უფრო ბინძურდება ზღვა, ვიდრე კახოვკიდან მოსული დაბინძურებით“, - აღნიშნა მანანა დევიძემ.
მისვე შეფასებით, წესით, რუსეთის ინტერესში არ უნდა იყოს ჭორი, თითქოს შავ ზღვაზე დასვენება არ შეიძლება და ტურისტული ბიზნესი უნდა ჩავარდეს, რადგან იგივე პრობლემა რუსეთსაც შეექმნება, ყირიმში რუსები ისვენებენ, ასევე, სოჭში, აფხაზეთშიც ეგენი არიან. ცხადია, ბულგარეთსაც, რუმინეთსაც, საქართველოსაც სურს, რაც შეიძლება მეტი ტურისტის მოზიდვა, შესაბამისად, ზღვის წყალიც უნდა კონტროლდებოდეს.
ეკოლოგი აცხადებს, რომ ზღვის მარილიანი წყალი თავად ანეიტრალებს დაბინძურებას, მაგრამ კახოვკის აფეთქების შედეგად დიდი რაოდენობით ჩასულმა მტკნარმა, არამარილიანმა წყალმა შავი ზღვაც გაამტკნარა, ჰესის წყალი ხომ მდინარის წყალი იყო და არა ზღვის წყალი, მაგრამ მალევე მოხდება შავი ზღვის აღდგენა-გამლაშება.
სპეციალისტის თქმით, მტკნარი წყალი სადაც ჩავიდა, სანაპირო წყლებში აუცილებლად გამოიწვევდა მარილიანობის დაქვეითებას, ზღვის წყლის გამტკნარებას. თუმცა ზღვის წყლის გამტკნარება პერიოდულად გაზაფხულზეც ხდება, წყალდიდობის დროს, მდინარეები როცა ადიდდება, მაგრამ შემდეგ ზღვა აღიდგენს თავის მარილიანობას. ზღვის წყალმცენარეები, თევზები შეგუებულნი არიან მარილიანობის ოპტიმუმს, რა ოპტიმუმშიც არსებობდნენ, გამტკნარება ასე უცებ გამოიწვევდა თუ არა ზოოპლანქტონის და ფიტოპლანქტომის შეცვლას, ამას ანალიზი სჭირდება. მარილიანობამ შეიძლება შეცვალოს წყლის ეკოსისტემა იმ შემთხვევაში, თუ ეს ხანგრძლივი პროცესია და წლების მანძილზე მიმდინარეობს. ამის მაგალითია პალიასტომის ტბა, როდესაც არხი გაჭრეს და შეუერთეს ზღვას, მტკნარწყლიან პალიასტომში შევიდა ზღვის წყალი და მარილიანობა შეიცვალა, ამან გადააშენა თევზები და წყალმცენარეები, რომლებიც იქ ბინადრობდნენ.
„საერთოდ, ზღვას და წყალს თვითაღდგენის, თვითრეგულაციის უნარი გააჩნია და შეუძლია ძალიან სწრაფად აღიდგინოს თავისი მარილიანობა. შავი ზღვის დინება სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ რომ მიემართება, შესაძლოა, ეს სასარგებლოა ჩვენი სანაპირო ზოლისთვის, მაგრამ, ზოგადად, შავი ზღვა ნახევრად ჩაკეტილი ზღვაა, კონტინენტური, ანუ მდინარის ბევრი წყალი ჩადის მასში, რის გამოც დაბინძურება უფრო ინტენსიურია შავ ზღვაში“, - აღნიშნა ეკოლოგმა.