ლეგენდარული „შერბურის ქოლგების“ მუსიკის ავტორი მიშელ ლეგრანი მასზე ამბობდა, რომ მის შესრულებაში იგრძნობოდა სიღრმე და ემოციურობა, რაც პიანისტთა 90%-ს არ ჰქონდა და ურჩევდა, ყოველთვის საკუთარი თავის ერთგული დარჩენილიყო. მსოფლიოში ცნობილი პიანისტი და კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი უდიდეს ორკესტრებთან თანამშრომლობს, სიმფონიურ, საგუნდო, კამერულ, საფორტეპიანო ნაწარმოებებს ქმნის, მაგრამ ყოველთვის ბრუნდება იქ, საიდანაც მისი ცხოვრება და შემოქმედება დაიწყო. საქართველოში მას უამრავი პროექტი განუხორციელებია, მათ შორის, მონაწილეობს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის მიმართულ ღონისძიებებში.
კიბოს სკრინინგის პროგრამის მხარდასაჭერად ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მერიის მხარდაჭერით გამართულ კონცერტში სხვა ცნობილ მუსიკოსებთან ერთად „ქართული მუსიკის ცენტრი“ ნიკა ნიკვაშვილიც მონაწილეობდა. ღონისძიება საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და „ქართული მუსიკის ცენტრის“ მხარდაჭერით დაწყებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა სიმსივნური დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკას, პრევენციასა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციას.
ნიკა ნიკვაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში ცნობადი სახეების ჩართვა, რადგან საქართველოში კიბოს სკრინინგთან დაკავშირებული ცნობადობის ამაღლება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. ეს მაშინ, როცა ონკოლოგიური დაავადება და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში მზარდია.
For.ge-ს ნიკა ნიკვაშვილი ესაუბრა.
- დიდი ენთუზიაზმით შევხვდი ეროვნული სკრინინგ ცენტრის წამოწყებას, რადგან ჩავთვალე, რომ მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებას სკრინინგთან დაკავშირებით. უმნიშვნელოვანესია, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთონ მსგავს ღონისძიებებში. ამ შემთხვევაში, მე წარმოვადგენ სახელოვნებო სფეროს, ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი კოლეგები, ყველასთვის ძვირფასი და საყვარელი შემსრულებლები, რომლებიც ჩაერთნენ ამ კამპანიაში, ეს იყო ქალბატონი ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნატო მეტონიძე, კონსტანტინე ყიფიანი, გიორგი ლომისელი, ნინო სურგულაძე. ნინო სურგულაძეს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის, რადგან პარალელურად საკუთარ ფონდშიც წარმართავს საქმიანობას, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარებას ემსახურება და საოცარი ენთუზიაზმით განეწყო და ჩაერთო სკრინინგის საქმიანობაშიც. ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრიც, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდითაა და ასეთ მნიშვნელოვან წამოწყებებს გვერდში უდგას, ასევე, საღამოზე წარდგა ანსამბლი „შვიდკაცა“, ახალგაზრდა შემსრულებელი თინათინ წიქარიშვილი. მსგავსი ტიპის აქტივობები მსოფლიო პრაქტიკაში მიღებულია. როდესაც ხელოვანი ადამიანები, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები ასეთი ტიპის კამპანიებში იღებენ მონაწილეობას, ეს დადებითად მოქმედებს საზოგადოებაზე ნდობის ფაქტორის თვალსაზრისით. ცხადია, უფრო მეტ ნდობას იწვევს, როცა შენთვის ძვირფასი ხელოვანი, შემოქმედი, მომღერალი მოგმართავს და გეუბნება, დიახ, უნდა გაიკეთო დროული სკრინინგი, რადგან ეს მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, ამას ბევრი ადამიანი ითვალისწინებს და მე ვიცი, რომ ამ კონცერტს მოჰყვა მიმართვიანობის გაზრდა. ჩვენი მიზანიც ეს იყო.
ქართველები უძველეს კულტურულ ერს განეკუთვნებიან, მაგრამ ეს კულტურა, რასაც ჰქვია ექიმთან მისვლა, დილემად რჩება. ვერ გადაულახავთ შიში, რა დიაგნოზს დაუსვამს ექიმი. ამდენად, ურჩევნიათ, გაურკვევლობაში იყვნენ. თქვენ პარიზში ცხოვრობთ, მოსკოვშიც გიცხოვრიათ, საინტერესოა, რა ვითარებაა მიმართვიანობის თვალსაზრისით ამ ქვეყნებში?
- მოსკოვთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი, რადგან დიდი ხანია, შეხება არ მქონია. მოსკოვში ცოტა დრო გავატარე და მათი ჯანმრთელობის და დაზღვევის ფორმები ნაკლებად ვიცი, რადგან მაშინ ასაკით პატარა ვიყავი.
თუმცა ბევრის მთქმელია ის ფაქტი, რომ თქვენ უარი თქვით რუსეთის მოქალაქეობაზე, რათა საქართველოს მოქალაქეობა შეგენარჩუნებინათ.
- ადამიანების საქციელით ვაკეთებთ დასკვნას მათზე. მართლაც იყო ასეთი ფაქტი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ საკუთარ თავზე მიჭირს საუბარი. მე გეტყვით უფრო საფრანგეთთან დაკავშირებით, ბოლო რვა წელია, რაც ნახევარ დროს ვატარებ საფრანგეთში, სულ ახლახანს ჩამოვფრინდი პარიზიდან და შემიძლია საფრანგეთის შესახებ უფრო თამამად ვისაუბრო. საფრანგეთის მოსახლეობაში ექიმთან მისვლის კულტურა მაღალ დონეზეა, ის, რომ 6 თვეში ერთხელ ანალიზი უნდა გაიკეთოს ადამიანმა, ეს მათთვის დაუწერელი კანონივითაა. იქაური სადაზღვევო სისტემა ავალდებულებს ადამიანებს სავალდებულო გამოკვლევას გარკვეული ასაკის მიხედვით, არ არის ისე, რომ ნებაყოფლობით მიხვალ ანალიზის გასაკეთებლად, ან არ მიხვალ. ეს სავალდებულოა და გულისხმობს იმას, რომ, გინდა თუ არა, მაინც მიდიხარ და გადიხარ სკრინინგს. ბუნებრივია, იქაური ჯანდაცვის სისტემა ძალიან აქტიურად მუშაობს წლების განმავლობაში, რომ მოსახლეობამ სისტემატურად მიიღოს ეს სერვისი. ბევრად უფრო ნაკლები ხარჯი უჯდება სახელმწიფოს ადამიანის ადრეულ ეტაპზე განკურნება და ფინანსები, ვიდრე შემდგომ ეტაპზე. აქედან გამომდინარე, ყველა ქვეყანას და, მათ შორის, ჩვენს სახელმწიფოსაც ანალოგიურად ურჩევნია თავშივე აღმოიფხვრას პრობლემა, ვიდრე გართულებული და შორს წასული ფორმით.
ამითაც აიხსნება, რომ უცხოეთში სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში. თქვენ ამბობთ, რომ უცხოეთში სავალდებულოა გამოკვლევების ჩატარება, მაგრამ, ვთქვათ, არ მივიდა საფრანგეთის მოქალაქე გამოკვლევაზე და ქართული ხასიათი გამოავლინა, მაშინ ჯარიმის გადახდა მოუწევს?
- იქაური სადაზღვევო სისტემა მრავალფუნქციურია, რაც გულისხმობს, რომ ადამიანს შეიძლება შეუჩერდეს სადაზღვევო მომსახურება. ეს კი იქაურ მოქალაქეს არაფრით არ აწყობს, რადგან საფრანგეთი ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამართული ქვეყანაა ჯანდაცვის სფეროს კუთხით. წამლებიდან დაწყებული, ყველაფერი იქ შეიძლება უფასოდ მიიღონ, არავის აწყობს სადაზღვევო სისტემის გაფუჭება, რომელიც ძალიან ეხმარება ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თქვენს შესახებაც მინდა გკითხოთ. ბევრს მოგზაურობთ და ხანგრძლივად ერთ ქალაქში ცხოვრება არ გიყვართ. თქვენი პერსონიდან გამომდინარე, არის პარიზი ის ქალაქი, სადაც თბილისის შემდეგ ადამიანმა შეიძლება ხანგრძლივად იცხოვროს?
- საფრანგეთში, პარიზში ბევრი წლის გატარება მომიწია, ეს ქალაქი ჩემთვის დაკავშირებულია სტუდენტობასთან, სტუდენტურ წლებთან, იქ ორჯერ დავამთავრე კონსერვატორია ჯერ საკომპოზიტორო, მერე საორკესტრო განხრით და მშობლიურია ჩემთვის. როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად ჩემი ცხოვრების გარდატეხის ეტაპი უკავშირდება პარიზს, ბუნებრივია, ამ ქალაქის მიმართ დიდი სიყვარული გამაჩნია. თუმცა ბოლო პერიოდში იქაც შეიცვალა სურათი, ბევრი ემიგრანტია, ქალაქი გადატვირთულია, ყოფითი პრობლემები წარმოიშვა, რომლებიც ერთგვარ დისკომფორტს გიქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბოლო დროს სისტემატურად აღარ ვარ პარიზში, თუმცა ნახევარ დროს მაინც პარიზში ვატარებ. თქვენ მკითხეთ, თუ არის კიდევ ჩემთვის სასურველი ქვეყანა, ეს არის იტალია, რომელიც უკიდეგანოდ მიყვარს და ყოველთვის ვეძებ მიზეზს და მივისწრაფი იქითკენ, რომ ვესტუმრო ამ ქვეყანას, ეს იქნება კონცერტი, თუ უბრალოდ განტვირთვის პერიოდი. იტალია განსაკუთრებულად მშობლიურ გრძნობებს მიღვივებს. სხვათა შორის, სექტემბერში იტალიაში მაქვს კონცერტი და ყოველთვის სიამოვნებით ჩავდივარ.
ასაკში რომ შედიან ადამიანები, ხშირად ემართებათ სამშობლოსადმი ნოსტალგია, ჯერ შორს ხართ ამ ასაკისგან, მაგრამ სად წარმოგიდგენიათ თავი წლების შემდეგ - უცხოეთში, თუ საქართველოში?
- წლებთან ერთად სამშობლოს მიმართ მონატრება მატულობს. პანდემიის პერიოდში საქართველოში რომ ჩამოვედი, ამის შემდეგ დიდი ხნით დავრჩი. მაშინ განსაკუთრებით დავაფასე ჩემი ქვეყანა. როცა მძიმე პერიოდში ხარ შენს სამშობლოში, შენს ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, ის დიდი მხარდაჭერა, საოცარი ძალა, რომელიც მოდის შენი ქვეყნიდან, თითქოს შენ გიცავს ყველაფრისგან და გაძლიერებს. ეს ისეთი გრძნობაა, რომ ამის შემდეგ აღარ გინდა დიდი ხნით სადმე წასვლა. შინ ყოფნა მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერი და მენტალური მდგომარეობისთვის.
ილია მეორე ხშირად მოუწოდებს ემიგრანტებს საქართველოში დასაბრუნებლად, მაგრამ სოციალური მდგომარეობა ემიგრანტებს არ აძლევს ამის ფუფუნებას. ისიც ცნობილია, რომ ილია მეორემ თქვენ გზა დაგილოცათ და გითხრათ, თქვენი ხელები რახმანინოვის ხელებს მაგონებსო.
- უცხოეთში ადამიანები წასულები არიან შრომისთვის, რომ მიეხმარონ საკუთარ ოჯახებს. მძიმე სურათია ამ თვალსაზრისით, მაგრამ ჩემი შემთხვევა ასეთი არ ყოფილა. ჩემი გამგზავრება კარიერასთან იყო დაკავშირებული, დღემდე იქაურ კომპოზიტორთა კავშირის წევრი ვარ, ახალგაზრდა ასოციაციის წევრი ვარ, რეგულარული კონცერტები მაქვს, ახლაც ჩაწერებზე გახლდით, ჩემს მიერ გაორკესტრებული ორი მნიშვნელოვანი მიუზიკლი ჩაიწერა ორკესტრთან ერთად. ვფიქრობ, რომ ერთ ქვეყანაში ხელოვანი ადამიანი არ უნდა იყოს ჩაკეტილი, თუნდაც ეს იყოს ყველაზე ძვირფასი - შენი სამშობლო. ჩემთვის არც ერთი ქვეყანა არ არის ისე ძვირფასი, როგორც ჩემი სამშობლო. მაქსიმალურად ვცდილობ, საქართველოში განვახორციელო პროექტები და ჩემი ნასწავლი საქართველოს მოვახმარო.
თქვენთვის განსაკუთრებული მაესტრო იყო ბიძინა კვერნაძე, ერთხანს მისი მოწაფე იყავით, შემდეგ მეგობრობდით. რა დაგრჩათ ცხოვრებაში მისგან, ცხადია, შემოქმედებით და ადამიანურ მხარეს ვგულისხმობ.
- ბატონ ბიძინასთან იმ პერიოდში გახლდით, როდესაც კონსერვატორიაში ვაბარებდი, ანუ აბიტურიენტობიდან დაწყებული. ამ პერიოდში ყალიბდები ადამიანური, შემოქმედებითი თვალსაზრისით. ბიძინა კვერნაძემ ჩემზე გარდამტეხი გავლენა მოახდინა თავისი უსპეტაკესი ბუნებით, ეს იყო კეთილშობილი ადამიანი, რა გენიოსიც იყო, ეს კიდევ ცალკე თემაა. მან დიდი კვალი დატოვა ქართულ მუსიკალურ ისტორიაში, როგორც კომპოზიტორმა, 60-იან წლებში აბსოლუტური გადატრიალება მოახდინა, პირველმა შეიგრძნო იმპრესიონისტული ჟღერადობა, რომელიც მკაფიოდ გამოვლინდა მის პირველსავე დიდი ფორმის ნაწარმოებებში. ბიძინა კვერნაძემ, როგორც კომპოზიტორმა, დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ჩემთვის ოცნების ახდენა იყო მასთან სწავლა, ურთიერთობა, მეგობრობა. ბედნიერი ვარ ამ სამყაროსი, რომ მან მოინდომა ჩემთან როგორც მეგობრობა, ისე ის, რომ მისი სტუდენტი ვყოფილიყავი, ბევრი ლამაზი წელი გამეტარებინა მის სიახლოვეს. ხუმრობით ამბობდნენ ხოლმე ჩემზე, ნაშვილები ჰყავსო, რადგან ეს არ იყო მხოლოდ სტუდენტის და პედაგოგის ურთიერთობა, თამამად ვიტყვი, ეს იყო ძალიან დიდი მეგობრობა, ახლობლობა და აზრების თანაზიარობა.
მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ ვერ გაბედეთ გამოცდაზე მასთან გასვლა, რადგან მოგერიდათ?
- ნამდვილად ასე მოხდა თავიდან, ჩემთვის იმდენად დიდი იყო ეს ადამიანი, რომ მიჭირდა ჩემი ნაწარმოები მომესმინებინა ადამიანისთვის, რომელიც ჩემთვის და ბევრისთვისაც კუმირი და ფენომენალური კომპოზიტორი იყო. სხვათა შორის, თქვენთან პირველად ვამბობ, სწორედ ახლა იგეგმება სატელევიზიო ეთერები, რადგან წელს ბიძინა კვერნაძის 95 წლის საიუბილეო თარიღია, პირველად ეს თარიღი აღინიშნება 29 ივლისს, მის დაბადების დღეს, ბათუმში იქნება მისი შემოქმედებითი საღამო, ჩვენთვის ძვირფას შემსრულებლებთან ერთად წარიმართება ეს საღამო ბათუმის დრამატულ თეატრში, ეს გახლავთ პირველი მასშტაბური ღონისძიება, სადაც აჟღერდება მისი კინომუსიკა, თეატრის მუსიკა, რაც ყველა ქართველისთვის ძვირფასია. უკვე შემოდგომაზე დაბრუნდება ფესტივალი, რომელიც ბატონ ბიძინას უკავშირდება, ორი წლის წინ ჩავუყარე საფუძველი ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალს, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ კონკურსსაც მოიცავს, ახალგაზრდა კომპოზიტორებს ვეძებთ და შეძლებისდაგვარად ვუკვალავთ შემოქმედებით გზას. ფესტივალის ფარგლებში ოთხი საინტერესო კონცერტი გაიმართება. წელს ბიძინა კვერნაძის წელია და ღირსეულად გვინდა აღვნიშნოთ.
რაც შეეხება „შერბურის ქოლგების“ მუსიკის ავტორს, ლეგენდარულ მიშელ ლეგრანს, მან თქვენს შემოქმედებაში სიღრმე და ემოციურობა დაინახა, რაც იშვიათად აქვთ შემსრულებლებს.
- მიშელ ლეგრანთან განსაკუთრებული მეგობრობა არ მქონია, მქონია შეხვედრა, შემოქმედებითი მომენტები და მისი მხრიდან დადებითი დამოკიდებულება წამოსულა, რაც დასაფასებელია, რადგან საკმაოდ რთული ხასიათის ადამიანი გახლდათ. ეს ვიცი ჩემი ფრანგი კოლეგების გადმოცემით. სხვათა შორის, ჩაწერაზე სტუდიაში რომ მოდიოდა, ყოველთვის დაძაბულები იყვნენ ჩემი კოლეგები, ხმის რეჟისორი მეუბნებოდა, მხოლოდ შენს მიმართ არის კეთილგანწყობილიო, მე კი მიკვირდა მათი შეშინებული სახეების ხილვა მიშელ ლეგრანის გამოჩენისას. მისი დამოკიდებულება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ძალიან მიყვარს მისი მუსიკა, პატივს ვცემ, როგორც დიდ კინოკომპოზიტორს, ახალგაზრდა მუსიკოსისთვის ბევრს ნიშნავს, როდესაც ასეთი დიდი ხელოვანი მზად არის, შენთან ერთად შეასრულოს თავისი ნაწარმოები.
საქართველოში ყველაფერ დასავლურის მიმართ მიმბაძველობის ტენდენციაა, მათ შორის, მუსიკალური შესრულების კუთხითაც. თქვენ კი უპირატესობას ანიჭებთ ქართულს და მიიჩნევთ, რომ ქართული ფოლკლორი ბევრად საინტერესო აღმოჩენაა უცხოელებისთვის. რა რეაქციები მოდის უცხოელებისგან?
- დავესესხები ჩემს პედაგოგ ბიძინა კვერნაძეს, რომელიც ახალი ნაწარმოების შექმნას როცა დავაპირებდი, ყოველთვის მეუბნებოდა, აუცილებლად ღერძად ქართული უნდა აიღო, რაზედაც მერე უკვე დააშენებ ევროპულს, თანამედროვეს. ფუნდამენტი თუკი ქართული და არქაული ხასიათისაა, გაცილებით საინტერესოა, ბევრად უფრო მიმზიდველია უცხოელი მსმენელისთვის, ვიდრე ის, რაც მათი, ანუ უცხოურია. შენ შენი გენეტიკური კოდი გაქვს, ჩვენს ქვეყანას აქვს მუსიკალური კულტურა. ვფიქრობ, როცა ხელოვან ადამიანს რაღაცის შექმნა სურს, აქ აუცილებლად ინდივიდუალიზმი უნდა იყოს, ეროვნული მარცვალი მაინც უნდა იყოს ჩადებული, რომელსაც გააღვივებ და რომელზეც დააშენებ ევროპასა და ამერიკაში ათვისებულს. სწორედ ეროვნულის სინთეზი დასავლეთთან მიმაჩნია ჩემთვის მისაღებ გზად, თორემ ყველა ადამიანს და მუსიკოსს აქვს თავისი შემოქმედებითი გზა, რაზეც არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ვფიქრობ, ჩემი მიდგომა ამითაა საინტერესო. ევროპის სხვადასხვა ფილარმონიაში როცა გამოვდივარ (გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი და სხვა), ვცდილობ, ჩემი ნაწარმოების გარდა, ყოველთვის შევთავაზო ქართული, ჩვენი ქართული კლასიკა, რომელიც იმსახურებს იმას, ნელ-ნელა ყველა ქვეყანაში გახდეს ბევრად უფრო ცნობილი, ვიდრე დღეს არის.
რომელი ქართული კომპოზიცია უფრო მოსწონთ უცხოელებს?
- ვერ ვიტყვი, რეზო ლაღიძე უფრო მოსწონთ, თუ გია ყანჩელი, ბატონი ბიძინას მუსიკაც ძალიან მოსწონთ. არის ნაწარმოებები, რომლებიც უფრო მომგებიანია კონკრეტულ კონცერტზე, მაგრამ მთლიანი სურათი ისეთია, რომ უცხოელები ძალიან კარგად იღებენ ქართულ მუსიკას, ძალიან მოსწონთ, ამას აპლოდისმენტებიც ადასტურებს. პანდემიამდე წარვდექი ქართული მუსიკით, პანდემიის შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა, ახლა ისევ თავიდან იწყება. საფრანგეთის კონსერვატორიაშიც არაერთხელ წარვადგინე ბიძინა კვერნაძის მუსიკა, როგორც ქართული მუსიკა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
თქვენთვის, როგორც კომპოზიტორისთვის, ახალი კომპოზიციების შექმნის პროცესი როგორია?
- ახალ კომპოზიციებს ვქმნი. სწორედ ახლა ვიყავი ჩასული და კიდევ ერთი ახალი კომპოზიცია ჩავწერე და ცოტა ხანში ალბომის სახით გამოვუშვებ. ამდენ ხანს თავს ვიკავებდი, მოგეხსენებათ, არასდროს არ გაკმაყოფილებს, რაც არის, უფრო უკეთესი შეიძლება გამოვიდეს, ამ უკეთესის ლოდინში ბევრი წელი გავიდა და ბევრი ჩანაწერი დაგროვდა. ალბათ, დრო არის, ალბომის სახით ვაქციო ეს ჩანაწერები, რომლებიც უმეტესად საფრანგეთში დავწერე.