მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: შვებულება არ გექნებათ - როცა ვიტყვით, მაშინ მოხვალთ, იმუშავებთ და მიხვდებით, რა არის საპარლამენტო საქმიანობა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: შვებულება არ გექნებათ - როცა ვიტყვით, მაშინ მოხვალთ, იმუშავებთ და მიხვდებით, რა არის საპარლამენტო საქმიანობა

შვებულებას რომ იხვეწებოდით, შვებულება არ გექნებათ, როცა ვიტყვით და შევიკრიბებით, მაშინ მოხვალთ, იმუშავებთ და მიხვდებით, რა არის საპარლამენტო საქმიანობა, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც დღეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე იმყოფებოდნენ, მაგრამ რეგისტრაცია არ გაიარეს, მხოლოდ მმართველ გუნდს კი კვორუმის შეკრება გაუჭირდა.

„ჩვენმა ოპონენტმა კოლეგებმა ზუსტად იციან, რომ საქართველოში იმდენი დეპუტატი არ არის, რომ დღეს კვორუმი მხოლოდ უმრავლესობამ შექმნას. ჩვენი კოლეგები ფრანკოფონიის ღონისძიებაზეც არიან. იმის მცდელობას ვერ შევძლებთ, რომ კვორუმი მარტო უმრავლესობით შევკრათ. თავის დროზე ჩვენი პატივცემული კოლეგები ამას საბოტაჟს ეძახდნენ.

კარგია, რომ დაფიქსირდა, რომ ეს საპარლამენტო ინსტრუმენტი ყოფილა და ეს ინსტრუმენტი გამოიყენეს. როდესაც ჩვენი კოლეგები, ვინც ქვეყნის გარეთაა, უცხოეთიდან ჩამოვლენ და როცა ფრანკოფონიის ღონისძიებებიც დასრულდება - იქნება ეს ივლისის ბოლო რიცხვები თუ აგვისტო, მობრძანდებით და იმუშავებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კვორუმის არქონის გამო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით უნდა განეხილათ.