ნუგზარ პაპუნიძე: შემიძლია გითხრათ, რომ კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად, არანაირი მნიშვნელოვანი ზემოქმედება სანაპირო ზოლზე და უშუალოდ შავი ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებელზე მოსალოდნელი არ არის

ნუგზარ პაპუნიძე: შემიძლია გითხრათ, რომ კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად, არანაირი მნიშვნელოვანი ზემოქმედება სანაპირო ზოლზე და უშუალოდ შავი ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებელზე მოსალოდნელი არ არის

რამდენად უსაფრთხოა წყალი შავ ზღვაში - ამ თემაზე გადაცემაში „იმედი LIVE“ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსმა, ნუგზარ პაპუნიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული პანიკა უსაფუძვლოა, შესაბამისი სამსახურები კი საჭირო კვლევებს რეგულარულად ატარებენ.

„დღემდე ჩატარებული კვლევების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ ზღვის წყლის ხარისხი მთელს პერიმეტრზე რეგიონში, შვიდივე წერტილში დამაკმაყოფილებელია, დადგენილი ნორმის ფარგლებშია, საბანაოდ ვარგისია“, - განაცხადა მან.

პაპუნიძემ ასევე განმარტა, რომ უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების გამო რაიმე მნიშვნელოვანი ზემოქმედება ზღვის წყლის ხარისხზე ამ ზაფხულის განმავლობაში მოსალოდნელი არ არის.

„გარემოს დაცვითი ექსპერტების, სპეციალისტების დასკვნების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი მნიშვნელოვანი ზემოქმედება სანაპირო ზოლზე და უშუალოდ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებელზე მოსალოდნელი არ არის. არსებობს რაღაც მინიმალური რისკები და ისიც, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, თუკი იქნება, 5-6 თვის შემდეგ, გვიან შემოდგომაზე [გამოვლინდება]“, - აღნიშნა მან.