ირაკლი კობახიძე: ვინც იძალადა ზურა ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე, ამ ხალხს ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ დააჯერეს, რომ ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი

ირაკლი კობახიძე: ვინც იძალადა ზურა ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე, ამ ხალხს ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ დააჯერეს, რომ ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი

ვინც იძალადა ზურა ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე, ამ ხალხს ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ დააჯერეს, რომ ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თვეებისა და წლების განმავლობაში ჩვენ ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, გამოსვლებს, სიუჟეტებს და ა.შ. იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც აჭარის უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა, მათ თავზე დაამხეს ნაგვის ურნა და ამის წამახალისებელი სიუჟეტები კეთდებოდა ტელევიზიებში. პოლიტიკოსები აკეთებდნენ ამის წამახალისებელ განცხადებებს, ელჩების დუმილიც იყო ამის წახალისება. ადამიანი, რომელიც პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდა ლამის გმირად გამოაცხადეს იგივე ადამიანებმა. ეს ყველაფერი არის ძალადობის წახალისება. როდესაც ადამიანები პირდაპირ რუსთაველზე გამოდიოდნენ და იგინებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს, ეს კონკრეტული ელჩის მხრიდან შეფასდა, როგორც გამოხატვის თავისუფლება. ეს არ შეიძლება. ეს ადამიანები ძალადობას არქმევდნენ სამოქალაქო აქტივიზმს და ეს ბევრმა დაიჯერა. ვინც იძალადა ზურა ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე, ამ ხალხს ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ დააჯერეს, რომ ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი. ჩვენ ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის ტყუილი. ეს უნდა შეიგნოს ყველამ, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, რომ არაფერი კავშირი არ აქვს ფიზიკურ და ვერბალურ ძალადობას სამოქალაქო აქტივიზმთან. ეს არის რეალობა“,- აღნიშნა კობახიძემ.