ჩვენი ოპონენტები ყველაფერზე ცდილობენ სპეკულირებას - სინამდვილეში, ჩვენმა სახელმწიფო სტრუქტურებმა აღკვეთეს სანქციების გვერდის ავლის ათეულობით მცდელობა და ეს ფაქტები ცნობილია ჩვენი პარტნიორებისთვის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის საქართველოში ვიზიტს ეხებოდა.
„თუმცა ყველა ეტაპზე საჭიროა კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და ზუსტად ამ კოორდინაციის გაძლიერებას ემსახურება ის ვიზიტი, რომელიც განხორციელდა. რა თქმა უნდა, ამას სპეკულირებისთვის გამოიყენებდნენ ჩვენი ოპონენტები, თუმცა სინამდვილეში სასპეკულაციო აქ არაფერია. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ, მაგრამ არავის ვაძლევთ ამ ქვეყნის ტერიტორიის გამოყენების საშუალებას სანქციების გვერდით ავლისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.