მამუკა მდინარაძე: მოვუწოდებ ოპოზიციას, ნუ შეუშინდებიან კანდიდატის სტატუსის მიღებას და რამენაირად ყველამ უნდა შევძლოთ რომ გავერთიანდეთ ამ ყველაფრის ირგვლივ

მამუკა მდინარაძე: მოვუწოდებ ოპოზიციას, ნუ შეუშინდებიან კანდიდატის სტატუსის მიღებას და რამენაირად ყველამ უნდა შევძლოთ რომ გავერთიანდეთ ამ ყველაფრის ირგვლივ

მამუკა მდინარაძე გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ამ თემაზე მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, რადიკალური ოპოზიციის გეგმა ყოველთვის იმაში მდგომარეობდა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიეღო, რადგან ეს ოპოზიციისთვის დამანგრეველი იქნება.

მდინარაძე ეთანხმება იმ აზრს, რომ სტატუსის მიღება ხელისუფლებისთვის სასარგებლო იქნება, თუმცა აღნიშნავს, რომ წარმატება ევროპული ინტეგრაციის გზაზე პირველ რიგში ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება არის ის საკითხი, რომლის ირგვლივაც ყველამ უნდა შეძლოს გაერთიანება.

„უნდა მოვუწოდოთ მათ, რომ ეს არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის მიერ მიღებული სერიოზული სარგებელი. ეს არის ქვეყნის სარგებელი. ეს არის ქვეყნის წინ წაწევა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რომელიც ჩვენ გაცხადებული გვაქვს და კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ეს არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის მონაპოვარი - იყოს ყველასი. ქართველი ხალხის მონაპოვარია თუკი რაიმე პროგრესული ცვლილება ამ ქვეყანაში არსებობს. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ, ნუ შეუშინდებიან კანდიდატის სტატუსის მიღებას და რამენაირად ყველამ უნდა შევძლოთ, რომ გავერთიანდეთ ამ ყველაფრის ირგვლივ. მათი მხრიდან გახმოვანებული ნეგატიური დღის წესრიგი აფერხებს კანდიდატის სტატუსის მიღებას და ამას უნდა შევხედოთ თვალებში“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ახლა რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, ქოცები ბოლომდე გადაჯეჯილდებიან“, - ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.