”ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში” ეთიკური პრობლემებია

”ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში” ეთიკური პრობლემებია

მიმდინარე წლის 23 იანვარს, სასტუმრო ”შერატონ მეტეხში” ჟურნალისტთა ”ეთიკის საბჭოს” მორიგი შეკრება  გაიმართა, რომელსაც საბჭოს ახალი წევრები და თავმჯდომარე უნდა აერჩია. საბჭოს კომისიის წევრებად გელა მთივლიშვილი, ია მამალაძე და მედია-ექსპერტი ზვიად ქორიძე აირჩიეს, ეს უკანასკნელი კი მოგვიანებით საბჭოს თავმჯდომარეც გახდა.

 

თუმცა, ჟურნალისტების შეკრება ამჯერად, სკანდალით დასრულდა, რადგან საბჭოს სარევიზო კომისიის თავმჯდომარემ და რადიო ”ჰერეთის” დირექტორმა, რამაზ სამხარაძემ გელა მთივლიშვილის საბჭოში არჩევის გამო უფლებამოსილება შეიჩერა და ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც.

ამ ყველაფერზე ოდნავ ქვევით ვისაუბრებთ, მანამდე კი, ქარტიის ერთწლიან ისტორიას გავიხსენებთ.

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2009 წლის 4 დეკემბერს დაფუძნდა და იმავე დღეს ხელი 138-მა ჟურნალისტმა მოაწერა. იმავე სხდომაზე სხვადასხვა ვადით აირჩიეს ქარტიის საბჭოს 9 წევრი და სარევიზიო კომისია.

 

ქარტიის საბჭომ მუშაობის ერთი წლის განმავლობაში 9 საჩივარი მიიღო და 5 საქმე განიხილა. ყველაზე ხმაურიანი და სკანდალური მოდელირებული ”ქრონიკის” წამყვანის, ნათია კობერიძის საქმე გახლდათ, რომელიც ქარტიის ხელმომწერი იყო.

 

კობერიძის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის ავტორი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა „პატივი არ სცა სიმართლეს და საზოგადოების უფლებას  მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, რითიც დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი“.

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, კობერიძემ  მართლაც დაარღვია ჟურნალისტთა ქარტიის პირველი პრინციპი, რის შემდეგაც ჟურნალისტმა ქარტია ისე დატოვა, რომ სხდომაზე მისვლაც არ იკადრა.

 

მაშინ ნათია კობერიძემ ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა, რომ  მისი გადაწყვეტილების მიზეზი ქარტიის საბჭოს მიკერძოებული გადაწყვეტილება გახდა:

 

„საბჭომ გადაწყვეტილება ჩემთან ინტერნეტით და სატელეფონო კავშირის შედეგად მიიღო. მე მზად ვიყავი შევხვედროდი ”ეთიკის ქარტიის” საბჭოს, მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგა. საბჭომ ძალიან ცუდი პოზიცია დაიკავა. არ გამაფრთხილეს, რომ ისინი ჩემთან შეხვედრას კამერების თანდასწრებით აპირებდნენ. მე ამის შესახებ საკმაოდ გვიან გავიგე. მე საბჭოს სხდომაზე მიბარებდნენ და არ მაფრთხილებდნენ, რომ იქ დამხვდებოდა კამერები. მე ეს, ზოგადად, მიმაჩნია ჩემი უფლებებისა და ქარტიის პრინციპების დარღვევად. საბჭოს მიზანი იყო სიმართლის დადგენა, სიმართლის დაცვა და პირველივე საქმეში, რომელიც ხმაურიანი იყო, მათ გამოამჟღავნეს საკუთარი მიზანი, რომ აქედან კიდევ უფრო მეტი ხმაური მიეღოთ და არ დაედგინათ სიმართლე. სიმართლე რომ დაედგინათ, ამისთვის კამერების დაბარება საჭირო არ იყო, არამედ, ჩემთან პირისპირ და ღია საუბარი კამერების გარეშე“ - ასე ახსნა ნეტგაზეთთან საკუთარი გადაწყვეტილება ნათია კობერიძემ. უთხრა ნეტგაზეთს ნათია კობერიძემ.

 

„მე მას (ნათია კობერიძეს) ყველანაირი პირობა მივეცი, რომ ქარტიის საბჭოს სხდომაზე ამბის გასაშუქებლად მოსული ჟურნალისტები მას ზედმეტ სიტყვას ვერ ეტყოდნენ, რომ  მას არავინ „ჩაქოლავდა“. დავპირდი, რომ მანქანასთან დავხვდებოდი და წამოსვლის დროსაც გამოვაცილებდი, რომ ის ზედმეტად არ შეეწუხებინათ. საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმესთან მიმართებაში იყო ძალიან მაღალი. „მოდელირებული ქრონიკის“ ამბებს მთელი  მსოფლიო აშუქებდა. ქარტიის საბჭოს სხდომა არის ღია და მე  ჟურნალისტებს იქ ყოფნას ვერ დავუშლიდი,“ - აღნიშნა კობერიძის ბრალდებებთან დაკავშირებით ეთიკის საბჭოს თავმჯდომარემ ეთერ თურაძემ.

 

საბჭომ გამამტყუნებელი განაჩენი ჟურნალისტს ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგაც მიიღო. ელისაშვილს მკაცრი შეფასებები არ გაუკეთებია, თუმცა ბევრმა ჟურნალისტმა ეს გადაწყვეტილებაც არაობიექტურად მიიჩნია.

 

არაობიექტურაობაში ხმამაღლა დაადანაშაულა საბჭო კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, გელა მთივლიშვილმა.

 

მთივლიშვილის წინააღმდეგ საჩივარი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“  2010 წლის ნოემბერში შეიტანა და მას ქარტიის პირველი, მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე მუხლების დარღვევაში დასდო ბრალი. საბჭოს შეფასებით, მთივლიშვილმა ქარტიის მხოლოდ პირველი და მესამე მუხლები დაარღვია.

 

„ეთიკის საბჭო არის არაობიექტური და ტენდენციური, განსაკუთრებით კი ის წევრები, რომლებსაც ”კახეთის საინფორმაციო ცენტრის” აქტიური მუშაობა არ მოსწონთ და სხვადასხვა გზით ცდილობენ მის დისკრედიტაციას. ამის შემდეგ გამიჭირდება ეთიკის იმ საბჭოსთან თანამშრომლობა, რომლის წევრებიც ორმაგი სტანდარტებით მუშაობენ და გადაწყვეტილებებს დისკრიმინაციული მიდგომით იღებენ. არასწორად მიმაჩნია ისიც, რომ ერთი და იგივე მედია-საშუალებიდან, ვგულისხმობ შპს ”გაზეთ ბათუმელებს”, ოთხი ადამიანი იყოს წევრი ეთიკის საბჭოს ცხრაკაციან შემადგენლობაში, არაფერი რომ აღარ ვთქვა იმაზე, რომ არ ვიცით, ვინ როდის გადის და შედის საბჭოში,“ - აღნიშნა მაშინ მთივლიშვილმა.

 

ამ ეტაპზე შპს "გაზეთ ბათუმელების“ სამი თანამშრომელი ნამდვილად არის ქარტიის საბჭოს წევრი: ეთერ თურაძე  "გაზეთ ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, თედო ჯორბენაძე  ამავე გაზეთის ჟურნალისტი, მაია მეცხვარიშვილი  „გაზეთ ბათუმელების“ ნაციონალური ვებ-გვერდის ნეტგაზეტი.გე-ს რედაქტორი. მეოთხე წევრს, კონსტანტინე სტალინსკს უფლებამოსილება 23 იანვარს შეუჩერდა.

 

ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ ნეტგაზეთთან საუბრისას მთივლიშვილის პრეტენზიებს ასე უპასუხა: „სანამ ქარტიას ხელს მოაწერ, მის წესდებას კარგად უნდა გაეცნო. თავდაპირველად, ქარტიის წევრები ვიყავით მე და თედო ჯორბენაძე. ჩვენ აგვირჩია უმრავლესობამ ქარტიის პირველ საერთო კრებაზე. რაც შეეხება მაია მეცხვარიშვილს, ქარტიაზე ხელმოწერის დროს ის ქუთაისში გამომავალი „ახალი გაზეთის“ რედაქტორი იყო. მან ნეტგაზეთში მუშაობა ქარტიის საბჭოს წევრობიდან რამდენიმე თვეში, 2010 წლის შემოდგომაზე, დაიწყო. 2010 წლის შემოდგომაზე საბჭოს წევრი ლიკა ჩახუნაშვილი გავიდა საბჭოდან. წესდების შესაბამისად, იგი ჩაანაცვლა კონსტანტინე სტალინსკიმ, ვისაც, 4 დეკემბრის არჩევნების მონაცემებით, ყველაზე მეტი ხმა ჰქონდა მიღებული ლიკა ჩახუნაშვილის შემდეგ. სტალინსკის ნაცვლად 23 იანვარს სხვა წევრი უნდა ავირჩიოთ. შესაბამისად, კარგად თუ წავიკითხავთ ქარტიის წესდებას, მსგავსი პრეტენზიები არავის გვექნება“ - აღნიშნა ეთერ თურაძემ.

 

მიმდინარე წლის 23 იანვარს, სასტუმრო ”შერატონ მეტეხში” გამართულ ჟურნალისტთა საერთო კრებაზე გელა მთივლიშვილი ეთიკის საბჭოს კომისიის წევრად 27 ხმით აირჩიეს. 32 ხმით კომისიის წევრი გახდა გაზეთ ”გურია ნიუსის” დამფუძნებელი და საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაციის ხელმძღვანელი ია მამალაძე. ამდენივე ხმით აირჩიეს საბჭოს წევრად მედია-ექსპერტი ზვიად ქორიძე, რომელიც მოგვიანებით საბჭოს თავმჯდომარეც გახდა.

 

ჟურნალისტების არჩევანის გახმაურების შემდეგ საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა საბჭოს სარევიზო კომისიის თავმჯდომარემ და რადიო ”ჰერეთის” დირექტორმა რამაზ სამხარაძემ:

 

„მე დროებით ვიხსნი უფლებამოსილებას და დროებით ვაჩერებ  ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიასთან თანამშრომლობას ჩემი კერძო მოსაზრებების გამო. საბჭოში მე ვერ ვიქნები იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ფულს მარცხენა და მარჯვენა ჯიბეშიც იდებენ. ძალიან დიდი მადლობა, გემშვიდობებით!” - ამ განცხადების გაკეთების შემდეგ, სახმარაძემ დარბაზი დატოვა.

 

დამსწრე ჟურნალისტები თავდაპირველად ვერ მიხვდნენ, სამხარაძემ სკანდალური განცხადება რატომ და ვისთან დაკავშირებით გააკეთა. ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ წარმომადგენელმა, რომელიც ქარტიის საბჭოს დონორია, საკითხის  ფონდის ოფისში გარკვევა მოითხოვა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამხარაძემ გამოსვლის დროს, ფინანსურ საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საბჭომ მას ანგარიში სხდომამდე ერთი დღით ადრე მიაწოდა, ისიც არაბული შრიფტით და ამიტომ მას დახარჯული თანხის ანალიზის წარმოდგენა არ შეეძლო.

 

”დარბაზში არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად ვერ მიხვდნენ, რა მოხდა.  ზოგიერთს  ჰქონდა წინასწარ ინფორმაცია, რას გულისხმობდა რამაზი, როცა ამბობდა, რომ ორ დღეში ის აპირებდა საგამოძიებო მასალების დადებას. იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც არ იცის, რას ეხებოდა ეს მასალები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და მე მგონი, ზუსტი ინფორმაცია მაქვს, მასალები ეხებოდა რაღაც გამოძიებას ჟურნალისტ გელა მთივლიშვილთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ დღეს ქარტიის შემადგენლობამ ნდობა გამოუცხადა გელას და ის აირჩიეს ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად, ამასთან დაკავშირებით რამაზ სამხარაძემ მიიღო თავისი კერძო გადაწყვეტილება”, - რამდენიმე წუთის შემდეგ განმარტება გააკეთა ჟურნალისტმა ია ანთაძემ. 

 

ქარტიის საბჭოს ახალი ხელმძღვანელის, ზვიად ქორიძის თქმით, შეფასებებს მას შემდეგ გააკეთებს, რაც საბჭო სამხარაძეს შეხვდება.

 

”ჩემი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება ქარტიის ფინანსებს. მე ძალიან გამიკვირდა, როდესაც ქარტიის საბჭოში აღმოვაჩინე ისეთი ადამიანები, რომლებიც მარცხენა და მარჯვენა ჯიბეში იდებენ ფულს. როგორც პროფესიონალისთვის, როგორც ადამიანისთვის, მიუღებელია, როდესაც ორმაგი სტანდარტით მუშაობს მედია-ორგანიზაცია. მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი მედია ცოტა სხვა კატეგორიაა და  არა ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ოთხაშაბთს რადიოს საიტზე დაიდება ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ყველაფერს მოფენს ნათელს”, - აღნიშნა პრესაგე.ტვ-სთან საუბრისას რამაზ სამხარაძემ.

 

რამაზ, შენი წასვლის მერე გაკეთდა განცხადება, რომ პროტესტი გელა მთივლიშვილის არჩევის გამო გამოთქვი. ცოტა ხნის წინ შენ გამოაქვეყნე ინფორმაცია სათაურითგაყიდული მედია”, სადაც აღნიშნული იყო, რომელმა მედია-საშუალებამ რა რაოდენობის დაფინანსება მიიღო კახეთის ხელისუფლებიდან. ბევრი ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ღიად დაფინანსებული და გარკვეულ მომსახურებაში გადახდილი ფული არ ნიშნავს გაყიდულ მედიას. სხვაა, თუ საუბარი არაკანონიერი გზით მიღებულ შემოსავალ ფინანსებს ეხება...

- მე მიმაჩნია, რომ მედიამ ხელისუფლების სასარგებლოდ არცერთი ინფორმაცია არ უნდა გამოაქვეყნოს. როგორც გითხარით, ოთხშაბათს დავდებთ გამოძიების შედეგებს, რომელიც ყველას დაანახვებს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ორმაგი სტანდარტებით მუშაბენ.

 

შენმა განცხადებამ - “საბჭომ ისეთი ადამიანებიაირჩია - ბევრი დააბნია, მით უმეტეს, რომ კონკრეტული ადამიანი არ დაგისახელებია...

- ჩემი განცხადება კონკრეტულ ადამიანს ეხებოდა და მის დასახელებას ნამდვილად არ ვაპირებ. შეიძლება, არასწორი ინტერპრეტაციის გამო მოხდა ეს ყველაფერი... კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მიუღებელია საბჭოში ისეთი ადამიანების ყოფნა, რომლებიც თვითონვე არღვევენ ქარტიას.

 

ასეთი დიალოგი შდგა პრესაგე.ტვ-სა და რამაზ სამხარაძეს შორის, რომელმაც დასძინა, რომ საეჭვო წარსული ადამიანის საბჭოში არჩევით ქარტია კარგ შედეგებამდე ვერ მივა:

 

”ქარტიამ თავად უნდა შექმნას ეფექტური მექანიზმი. საეჭვო წარსულის ადამიანები არ უნდა იყვნენ საბჭოში და სხვას მორალი არ უნდა უკითხოს. ასე ქარტია კარგ შედეგებამდე ვერ მივა. მე დადებითად ვიყავი ქარტიის მიმართ განწყობილი და ახლაც ასე ვარ, თუმცა არ მიმაჩნია, რომ დემოკრატიის ძახილით, უფრო უმიშვნელოვანესი ღირებულება, როგორიც საზოგადოების მიერ სიმართლის გაგებაა, უნდა დაგვავიწყდეს”.

 

გელა მთივლიშვილის განმარტებით, „სამხარაძეს ასეთი უაზრო და უსაფუძვლო გამოხტომები პერიოდულად ახასიათებს.“

 

”2006 წელს, როცა ჩემს მიმართ რამდენიმე თავდასხმა განხორციელდებოდა და იყო ჩემი  მკვლელობის მცდელობა, მას არ შერცხვა და კახეთში მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად შექმნა ე.წ. ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი და გარკვეული პერიოდის მუშაობის შემდეგ დადო დასკვნა, რომ ვითომ ამ თავდასხმების ინსცენირება თავად მე მოვაწყვე, რათა გავმხდარიყავი პოპულარული ჟურნალისტი. სამხარაძეს მსგავსი თავდასხმები მაშინ ახასიათებს, როცა ”კახეთის საინფორმაციო ცენტრი” სხვადასხვა კუთხით აქტიურდება და მრავალფეროვან პროექტებს წარმატებით ახორციელებს. რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებას, გეტყვით, რომ  მისი ყველა ბრალდება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრი არის საინფორმაციო სააგენტო, რომელსაც ჰყავს ხელმომწერები, როგორც სახელისუფლებო, ისე - არასაბიუჯეტო ორგანიზაციები და ფიზიკური პირები.

 

სახელისუფლებო ორგანიზაციები ოფიციალურად ჩვენგან ყიდულობენ ინფორმაციას, რასაც კორუფციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ყველა საინფორმაციო სააგენტო ასე მუშაობს და ინფორმაციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არის შემოსავლის წყარო. ვერც სამხარაძე და ვერავინ ვერ დამისახელებს ფაქტს, რომ ამ  ხელმოწერის გაფორმების გამო მე რომელიმე უწყებისადმი გავმხდარიყავი ანგარიშვალდებული. მე დაველაპარაკები იურისტებს და შესაბამისად, არ არის გამორიცხული სამხარაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც კი შევიტანო”, - გვითხრა გელა მთივლიშვილმა.

 

იმის მიუხედავად, რომ სამხარაძის განცხადებამ შეკრებაზე განხილული ყველა სხვა საკითხი დაჩრდილა, უნდა აღინიშნოს, რომ ქარტიის წევრთა არასაკმარისი რაოდენობის და აზრთა სხვადასხვაობის გამო ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც წესდებაზე შესატან ცვლილებებს ეხებოდა. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საბჭოს უფლებამოსილი გახდებოდა საჩივრის შეტანის შემდეგ, იმ ჟურნალისტის ქმედების შესახებ მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც ქარტიის ხელმომწერი არ არის. გარდა ამისა, ცვლილების შეტანა  დაგეგმილი იყო მე-14 პუნქტის პირველ პუნქტში, რომლის თანახმად “ქარტიის წევრი, რომელსაც უკავია რედაქტორის ან სხვა მმართველობითი უფლებამოსილების განმახორციელებელი თანამდებობა მედია საშუალებაში, ვალდებულია საკუთარ გამოცემაში გამოაქვეყნოს საბჭოს განცხადება, ან გადაწყვეტილება”.

 

როგორც აღვნიშნეთ, წესდებაში ცვლილებების შეტანა დამსწრე ჟურნალისტების არასაკმარისი რაოდენობის გამო ვერ მოხერხდა.

 

”შერატონ მეტეხი პალასში” შეკრებილ ჟურნალისტებს არ დაუმალავთ, რომ არსებოსბ საშიშროება, ქარტიამ, რომლის პოპულარიცაზია მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმად არის დასახული “სული დალიოს”. ჟურნალისტები ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ, რომლის შექმნაზე ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა, ერთ დროს, ასევე გაპიარებული მედიასაბჭოს ბედი გაიზიაროს, რადგან მოლოდინი, რომელიც ამ ქარტიის მიმართ არსებობდა უკვე გაქრა.

 

შექმნილი სიტუაციის და მოსმენილი ბრალდებების შემდეგ კი, მართლაც რთულია კარგი მომავლის რწმენა გქონდეს, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ 23 იანვარს გამართული არჩევნები, არასწორი ბიულეტენებით და რამდენიმე სხვა ნიუანსით ძალიან ჰგავდა ჩვენი ხელისუფლების მიერ ჩატარებულ რიგით არჩევნებს, რომელსაც ჩვენ, ჟურნალისტები ვაპროტესტებთ და ვასაჩივრებთ.

 

უნდა ითქვას ისიც, რომ ბიულეტენები პირველად ჩატარებული არჩევნების (2009 წლის 4 დეკემბერი) დროსაც შეცდომით დაიბეჭდა და იმის გამო, რომ ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გვარი შეცდომით იყო დაბეჭდილი, კენჭისყრა არავის შეუწყვეტია, რაც 23 იანვრის არჩევნებზე არ განმეორებულა. ბიულეტენში აღმოჩენილი შეცდომის შემდეგ (ერთი კანდიდატის შეყვანა დაავიყდათ) კენჭისყრა შეწყვიტეს და სხვა ფერის ბიულეტენი ხელახლა დაბეჭდეს.