ცნობილი ამერიკელი მოდელი და ტელევარსკვლავი კენდალ ჯენერი თავის ოჯახზე საუბრობს და ამბობს, რომ კარდაშიან-ჯენერებში თავი უცხოდ უგრძნია. ჯენერმა გამოცემა The Wall Street Journal-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მოჰყვა, როგორ ცდილობდა ახლობლებისგან დისტანცირებას წლების განმავლობაში.
"საკუთარ ოჯახში ბავშვობიდან უცხოდ ვგრძნობდი თავს", — ამბობს ჯენერი, — "ასეთ ცხოვრებაში დავიბადე, ეს მე არ ამირჩევია".
მაშინ, როცა ჯენერის ოჯახმა გახმაურებული სატელევიზიო რეალითი შოუ Keeping Up With the Kardashians დაიწყო, კენდალი მხოლოდ 11 წლის იყო. დღე კი მოდელი ამბობს, რომ მოზარდობის წლების საზოგადოების თვალწინ გატარება მისთვის რთული იყო.
"მესმის, რომ დები კარდაშიანების ქოლგის ქვეშ მოვყევი, მაგრამ ჩემთვის ეს უჩვეულოა", — ამატებს ტელევარსკვლავი, — "მე მამაჩემს უფრო ვგავარ ბევრი რამით. ნამდვილი ჯენერი ვარ".
კენდალი, რომელიც საცხენოსნო სპორტითაა გატაცებული, მამამისზე, ოლიმპიურ ჩემპიონ ქეითლინ ჯენერზე მიუთითებს.
მოდელის თქმით, თავისი დები, განსაკუთრებით კიმ კარდაშიანი, მუდმივად ყურადღების და პაპარაცების კამერების ცენტრში ყოფნისთვის არიან დაბადებულები, თავად კი ამ ყველაფერთან გამკლავება უჭირს.
პოპულარობა კი მხოლოდ კარდაშიანების ოჯახის წევრობამ როდი მოუტანა — უკვე რამდენიმე წელია, ჯენერი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად სახელდება.
მარცხნიდან მარჯვნივ: კორი გემბლი (კრის ჯენერის ბოიფრენდი), კრის ჯენერი, კიმ კარდაშიანი, კანიე ვესტი, კენდალ ჯენერი, კაილი ჯენერი და მისი პარტნიორი ტრევის სკოტი. მეთ გალა 2019.
კარდაშიან-ჯენერების რეალითი შოუს, Keeping up with the Kardashians, 20 სეზონის განმავლობაში მილიონობით მაყურებელი ადევნებდა თვალს. გადაცემა 14-წლიანი ისტორიის შემდეგ, 2021 წელს დასრულდა, თუმცა, 2022 წელს ოჯახი ახალი რეალითი შოუთი — The Kardashians — დაბრუნდა Hulu-ზე. შოუს მესამე სეზონის პრემიერა სულ რამდენიმე კვირის წინ შედგა.