უცნაური არჩევნები

უცნაური არჩევნები

I. ოპტიმისტური სტარტი.
ერთი წლის წინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ და, რაც მთავარია, ქართველმა ხალხმა ობიექტურად სრულიად მოსალოდნელი და პოლიტიკურად სავსებით მოულოდნელი „ძლევაი საკვირველი“ მოახდინეს, თითქმის ყველა პოლიტოლოგმა – შინაურმა თუ გარეულმა – განაცხადა, რომ ამით 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ბედიც უკვე გაირკვა – „ქართული ოცნების“ კანდიდატი (სავარაუდოდ, მაშინ ირაკლი ალასანია ან ვახტანგ ხმალაძე სახელდებოდნენ), თითქმის ყველა ობიექტური ექსპერტის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებს კიდევ უფრო დამაჯერებლად მოიგებდა.

მართალია, გარკვეული ეჭვები არსებობდა იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი ინარჩუნებდა კონსტიტუციური რევანშის არცთუ უსაფუძვლო შანსს. მაგრამ მას შემდეგ, რაც 2013 წლის გაზაფხულზე, ნაციონალური მოძრაობის პარლამენტარებმა თავადაც მისცეს ხმა იმ საკონსტიტუციო ნორმის გაუქმებას, რომლის წყალობით პრეზიდენტს ერთდროულად პარლამენტის და მთავრობის დათხოვნაც და ერთპიროვნულად მთავრობის დანიშვნა შეეძლო, ფართოდ დაანონსებულმა და ნაცმოძებისათვის სანუკვარ-სანატრელმა ოპერაცია „აპრილმა“ ჩაილურის წყალი დალია. იმის ფონზე, როგორ „მოსვა“ ივანიშვილმა სააკაშვილიც და უგულავაც, და როგორ ჩასვეს წინასწარ პატიმრობაში ახალაიაც და მერაბიშვილიც, როგორ ნება-ნება ხდებოდა რიგრიგობით პრეზიდენტის ნებისმიერი ვეტოს დაძლევა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, როგორ იშლებოდა და იფშვნებოდა ნაცმოძრაობის ფრაქცია და ადგილობრივი თვითმმართველობები, და როგორ თანდათან სუსტდებოდა სააკაშვილის უცხოელ დამცველთა მოძახილის ძალა და კოჰერენტულობა, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც 2013 წლის ზაფხულის დასაწყისში შეიქმნა იმის განცდა, რომ 2013 წლის ოქტომბერში საქართველოში „ქართული ოცნების“ ტრიუმვირატის (პრეზიდენტი-პრემიერ-მინისტრი-პარლამენტის თავ-რე) მმართველობა რეალობად იქცეოდა.

მართალია, გიორგი მარგველაშვილის დასახელებამ პრეზიდენტის პოსტზე ძალიან ბევრი დააბნია, მაგრამ მე პირადად, არ გამკვირვებია, რადგან ამ ადამიანის უნარ-ჩვევებში კარგად ჩანდა „ქართული ოცნების“ ლიდერის ხედვა იმაზე, თუ როგორი წარმოედგინა მას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, და რაც მთავარია, ეს ხედვა არცთუ შორს იდგა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში ძლევამოსილი პრეზიდენტის როლის და უფლებამოსილებების შესუსტების იმ ვექტორისაგან, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის საკონსტიტუციო რეფორმაში ჩაიდო, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“, პრემიერ-მინისტრის არნახული უფლებამოსილებების შეკვეცით, კიდევ უფრო გააძლიერა.

II. შეფერხებები

მაგრამ მოვლენების განვითარების თითქოსდა მწყობრი სისტემა 2013 წლის მაისის შემდეგ თანდათან სერიოზულად შეფერხდა. ამის მიზეზები რამდენიმეა:
1) საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი ძალების სრული მობილიზაცია მოახდინა დესტრუქციული პი-არ-ის თუ ქმედებების განსახორციელებლად. მიხეილ სააკაშვილის თითოეული გამოსვლა, ჟესტი, სიტყვა, თუ ღონისძიება მიმართულია ერთი კონკრეტული მიზნისაკენ – რომ მსოფლიოში შექმნას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ნეგატიური სახე. პიროვნება, რომლის რეჟიმის პირობებში მასიურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ურცხვად ლაპარაკობს გაცილებით ნაკლები სიმძიმის და სიხშირის დარღვევებზე დღევანდელ საქართველოში. მას და მის დამქაშებს არ ეპრობლემებათ ილაპარაკონ არც საქართველოს ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე და პატიმრის ძალადობრივი გარდაცვალების ერთადერთ ფაქტზე, რადგან ეს ფაქტი დღევანდელი ხელისუფლების ოდნავ ნაგვიანევი, მაგრამ ობიექტური გამოძიების წყალობით დადასტურებულია, მაშინ როცა სააკაშვილის დროს ყოველწლიურად ციხეებში მრავალი პატიმრის გარდაცვალება (2007 – 92, 2008 – 90, 2009 – 90, 2010- 144, 2011 – 132, 2012 – 63, 2013 – 16!), მათ შორის მრავალი ისეთი, როცა ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები სახეზე იყო, დღესაც გამოუძიებელი რჩება, რომ არაფერი ვთქვათ პატიმართა სადისტური წამების და გაუპატიურების დადასტურებულ ფაქტებზე ნაცმოძრაობის მმართველობის დროს. მიხეილ სააკაშვილი, რომლის ხელისუფლება უამრავ ბიზნესმენს აშინებდა და ციხეში სვამდა, ფაქტიურად ატყავებდა და ბიუჯეტში საკუთარი ქონების დათმობას, ან მუქარისქვეშ ინვესტირებას აიძულებდა, და რომელმაც 2012 წლის ბოლოს 2013 წლის მოგების გადასახადი – დაახლოებით 1 მილიარდი ლარი წინასწარ საკუთარი ხელისუფლებისათვის გადაახდევინა მეწარმეებს (რითაც იმავე ერთი მილიარდით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის 2013 წლის საბიუჯეტო შემოსავლები შეამცირა!), დღეს უტიფრად ლაპარაკობს იმაზე, რომ ინვესტირების და ეკონომიკური ზრდის ტემპები და სტატისტიკური მაჩვენებლები, თურმე, გაუარესდა!.. დღეს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ჰყავს იმაზე დიდი ცილისმწამებელი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილია…

2) ხოლო ამ დროს საქართველოს ხელისუფლება იძულებულია, სწორედ ამ მაოხრებელ გზირთან კოჰაბიტაციის რეჟიმის ერთგული დარჩეს. აბსოლუტურად მარაზმატული ჩანს დასავლეთის მხრიდან უკვე თითქმის გამჭვირვალედ გამოჩენილი სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც მოქმედი პრეზიდენტი, მართლმსაჯულების წინაშე არ წარდგეს. ევროპის სახალხო პარტია და სააკაშვილის პირადი მეგობრები თუ წარსულში დაქირავებული კონსულტანტები (კარლ ბილდტი, არიელ კოენი, კშიშტოფ ლისეკი და სხვები) ურცხვად ითხოვენ, რომ შეწყდეს ნაცმოძრაობის პოლიტიკოსების „დევნა“, და ლამის მზად არიან საქართველოში მართლმსაჯულების ასრულებაზე საერთოდ მორატორიუმი მოითხოვონ.

3) ამას დავამატოთ სასამართლოების დამოუკიდებლობის შენარჩუნების იმპერატიული სურვილი და ის გზა, რომლითაც ივანიშვილის ხელისუფლება წავიდა, როდესაც თავისი ნებით უარი თქვა აბსოლუტურად უსამართლო სასამართლო ვერტიკალის მსხვრევაზე. ამის გამო, ქვეყნის უზენაეს სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს დღესაც იგივე ადამიანები მართავენ, ვინც ნაცმოძრაობის დროს რეჟიმის მიერ მოქალაქეებზე ძალადობის „გაპრავების“ და სამართლის დასაფლავების შემოქმედებად გვევლინებოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ოქტომბრის შემდეგ საზოგადოებისთვის პირველი სერიოზული იმედგაცრუება სწორედ სასამართლო რეფორმის სათავეში კუბლაშვილის და მეიშვილის დარჩენამ გამოიწვია. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ახალი ხელისუფლების მიერ მოსახლეობისათვის მიცემულ უპირველეს პირობას სწორედ სამართლის აღდგენა შეადგენდა. ახლა კი გამოდის, რომ ამ პირობის შესრულების გარანტი იგივე პირებით დაკომპლექტებული სასამართლოა, რომელიც აქამდე, ნაცმოძების მონური ერთგულების გარდა, არაფრით გამოირჩეოდა.

4) პოლიციის და პროკურატურის კადრები (საშუალო დონეს ვგულისხმობ) 80-90%-ით ასევე იმავე პირებითაა წარმოდგენილი, ვინც, ლამის ათი წელია, საზოგადოების მიმართ რეპრესიული მანქანის აქტიური წევრი თუ არა, კარგად გაზეთილი ჭანჭიკი მაინც იყო. ხშირია შემთხვევა, როცა ნაციონალური ეპოქის მსხვერპლი პირები საკუთარი უფლებების აღსადგენად საჩივარს სწორედ იმავე ადამიანებს აბარებენ, გაოგნებულნი, ვისაც ამ საჩივრებში უჩივიან.

5) საქართველოში მოსახლეობა შეჩვეულია, რომ არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხებას ადგილებზე ხელისუფლებასთან ასოცირებული პირების დასრიალება და გამარჯვებულ ოპოზიციის რიგებიდან მოსული ახალი სახეების „ასრიალება“ მოჰყვება ხოლმე. მიუხედავად ნაცმოძრაობის ლიდერების აღშფოთებებისა და მათი ევროპელი მხარდამჭერების შეშფოთებებისა – ადგილობრივ ხელისუფლებაში მიმდინარე მასობრივი ცვლილებების შესახებ, – რაც მათ მიერ ლამის „ქართული ოცნების“ ფანატასტიური ზეწოლის შედეგად აღიქმება და პიარდება, ამ დონეზე ცვლილებები მაინცდამაინც არ ჰგავს წინა შემთხვევებში მომხდარ გადაადგილებებს. მართალია, ბევრ რაიონსა (დაახლოებით 40%) და სოფელში მოვლენები ნაცნობი სცენარით წარიმართა და ათობით ადამიანმა საოცარი სინქრონულობით დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ, მაგრამ საინტერესოა, რომ ასევე ძალიან ბევრ რაიონსა და სოფელში ადგილობრივ ხელისუფლებაში, პირიქით, ახალი სახეები კი არ მოსულან, არამედ ადგილობრივმა ნაცებმა უცებ გაიძვრეს გველის პერანგი, და ცხვრის ქურქები მოისხეს! ადგილებზე, ზოგან ნაცმოძების „გაოცნებება“ მართლაც შთამბეჭდავად მიდის. ამის მაგალითია თბილისის საკრებულოც, სადაც ყოფილი ხელისუფლების ადეპტები დღეს თავისი დახვეწილი რენეგატობის წყალობით ისევ ინარჩუნებენ ადგილებს, პრივილეგიებს, გავლენას, ხელფასს, და უკვე ანტინაცმოძური ლოზუნგებით ცდილობენ მზის ქვეშ ჩვეული ადგილის გამყარებას. ამან სერიოზულად შეარყია როგორც ადგილობრივ ხელისუფლების ორგანოებში საკაშვილის და ნაცმოძრაობის დასაყრდენი, ასევე – ადგილობრივ მოსახლეობაში „ქართული ოცნების“ რეპუტაცია. “ოცნების” აქტივისტები, რომლებიც გურიასა და სამეგრელოში არჩევნების წინ ნაცმოძების, პოლიციის და ზონდერების მძიმე წნეხს უძლებდნენ, გაოცებულები დადგნენ იმ ფაქტის წინაშე, რომ ისტორიული ანალოგიისგან განსხვავებით, ადგილები და გავლენა მათ კი არ შეხვდათ, არამედ სწორედ მათ გუშინდელ მჩაგვრელებს, რომლებმაც ხელის სისწრაფის წყალობით ყვერყვარე თუთაბერივით უცებ დააძვრეს სეიფებიდან ახალი დროშები, ხოლო ძველი საგულდაგულოდ შეინახეს – „რა იცი, რა ხდება“ მოტივით.

6) დაბოლოს, პრემიერ-მინისტრის უკვე არჩევნებამდე გაცხადებული და ბოლო დროს სულ უფრო მოხშირებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ იგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თავის პოსტს დატოვებს და სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის თითქმის ისევე ძნელად გასაგები და დამაბნეველი აღმოჩნდა, როგორც დასავლელი პოლიტიკოსებისათვის.

ზემოთდასახელებულ თითქმის ყველა მოვლენაში (ისევე როგორც ნაცმოძრაობის მიერ ლამის 100%ით პრივატიზირებული უმაღლესი განათლების, საავადმყოფოების, სადაზღვევო კომპანიების თუ ბიზნესის წინა ხელისუფლების ლიდერებისა და დამქაშებისათვის სწრაფი ტემპებით ჩამორთმევაზე უარის თქმაში) არ შეიძლება მხოლოდ საზოგაგადოების იმედგაცრუების მიზეზები და ნეგატიური ასპექტები დავინახოთ! პრემიერ-მინისტრის ბოლო პრეს-კონფერენციაზე ა.წ. 4 სექტემბერს ხაზი გაესვა იმას, რომ ეს ხშირად არა უღონობის ნიშანი, არამედ შეგნებული არჩევანი და სამართლიანობის უსამართლო გზით აღდგენაზე ნებელობითი უარის თქმაა!

მართლაც და, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ალბათ, არამცთუ გაგებით, არამედ ენთუზიაზმითაც კი მოეკიდებოდა არჩევნების მოგების შემდეგ ნაცმოძრაობის ლიდერების ხაზგასმულად აფიშირებულ ჩაყრას ციხეებში და რამდენიმე კვირაში მათგან სატელევიზიო აღიარებების ხილვას. უმსამართლო სასამართლოს ვაი-მესვეურების გამოყრაც სასამართლოებიდან ბევრი ჩვენთაგანისათვის, სავარაუდოდ, სამართლის მიერ პურის სწრაფი და ენერგიული ჭამის დასტური გახდებოდა, და სოფლების მოსახლეობაც თავისი ნაცმოელი მამასახლისების 10-წლიანი გაზულუქებული და ცინიკური გატყავების შემდეგ სიამოვნებით მოიფშვნეტდა ხელებს დასრიალებული მესვეურების ოჯახების სიმწარის შემხედვარე…
მაგრამ ეს ყველაფერი ხომ უკვე ბევრჯერ ვნახეთ?..

და ეს ყველაფერი არასოდეს დასრულებულა სიმართლის გამარჯვებით.

ყველაფერი – „ძირს ნიკოლოზ! მაღლა მუშა!“ ლოზუნგის მსგავსად მხოლოდ ერთი ტიპის ავტორიტარიზმის მეორეთი შეცვლით მთავრდებოდა.

ამიტომ, საკუთარ თავსაც ძალიან ხშირად ვიჭერ იმაზე, როგორ მიჭირს საკუთარი მოუთმენლობის და იმედგაცრუების მოთოკვა და იმის სწორად დანახვა, რომ უსამართლობა უსამართლობით თუ დაამარცხე, ეს მხოლოდ ახალი უსამართლობის დასაწყისი იქნება და არაფერი უკეთესი.

ჭეშმარიტება, როგორც ყოველთვის, სადღაც შუაშია – არც ყველაფრის მიტევება იქნება სწორი და არც ყველაფერზე სამართლებრივი პასუხისგების მაძიებლობა.

III. წასვლა-არწასვლის შუქ-ჩრდილები

ჯერ კიდევ ბევრი დაიწერება და ითქმება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ვადამდე წასვლის გადაწყვეტილების შესახებ.

ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ამ ნაბიჯით ქართული ხელისუფლების ლიდერი მართლაც მსოფლიოს აკვირვებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკაში გაკვირვება კი არა, გამარჯვებაა მთავარი. და პოლიტიკა, მიუხედავად ყველაფრისა, საკმაოდ კონსერვატიული რამ არის – ძალიან ბევრი დამწყები პოლიტიკოსი მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ შეუფასებიათ, ხოლო ზოგი აღიარებული მეტრი (ჰინდენბურგი, ჩემბერლენი) ბოლოს კატასტროფული შეცდომების ავტორებად დარჩენილან ისტორიაში.

რა თქმა უნდა, სავსებით გასაგებია ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ წავიდეს პოლიტიკიდან. ამაზე მან პოლიტიკაში მოსვლისთანავე განაცხადა. აი, რას სწერდა ია ანთაძე 2011 წლის დეკემბერში თავის ბლოგში „წასვლა სჯობს წარმავალისა, არ დაყოვნება ხანისა“:
„ჩემი აზრით, ღირსეულად წასვლის შანსი ახლა მხოლოდ მომავალ ლიდერს აქვს. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა გააცნობიერა წინამორბედების მთავარი შეცდომა და თავისი პოლიტიკური ცხოვრება სწორედ ამიტომ დაიწყო წასვლის ვადის განსაზღვრით – ორ-სამ წელიწადში ხელისუფლებას დავტოვებ და ოპოზიციაში გადავალო. მხოლოდ იმ ლიდერს (ივანიშვილს ან სხვას), რომელიც პირველი პირის პოსტს და ძალაუფლებას არ ჩაებღაუჭება, შეუძლია, დაუშვას და უზრუნველყოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ორ-სამ წელიწადში ქვეყნის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ თამაშის ახალი წესების შემოღება ნამდვილად მოესწრება.“

პრემიერის ამ, გარკვეულად გასაგებ და საკმაოდ დიდი ხნით ადრე ანონსირებულ, სურვილს დიდი ალიაქოთი მოჰყვა, რომელშიც ისმის როგორც შეშფოთება-აღშფოთების, ასევე აღფრთოვანების ნოტები, თუმცა იმედგაცრუება და „რა გვეშველება“ სჭარბობს.

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია:
სახლში რომ ყაჩაღები მიჭროდნენ მავანს, გაეკოჭათ ოჯახის წევრები, ეწამებინათ, სუფრა გაემართათ ამათ ზურგებზე და ღრეობა დაეწყოთ. მოსულიყო ოჯახის მეზობელი, რომელიც ამ უბედურებას არ განერიდა, ეს ყაჩაღები იქედან გაეყარა და ოჯახი გაენთავისუფლებინა.
ჰოდა, ახლა ამ ოჯახის თავმა რომ დაუჟინოს გადამრჩენ მეზობელს – არ გაბედო, შენი ჭირიმე, აქედან წასვლა, აქ უნდა დარჩე და როგორც ახლა დამიცავი, ისე უნდა დამიცვა კიდევ ოთხი წელიო (ან – მთელი სიცოცხლეო)!..

გვითხრა ამ ადამიანმა მოსვლისთანავე – mission impossible-ზე ვარ მოსული და რომ გადაგარჩენთ ქაჯებისგან, მერე წავალო… ჩვენ კი ვერ მოგვინელებია, რომ მიწიერი სამოთხის აშენებამდე არ დარჩა პოსტზე!

ყველაზე მარაზმი კი ისაა, ის ყაჩაღები და მათი მოყვრები რომ იძახიან გაწიწმატებით – ახლა მაგის წასვლა უპასუხისმგებლო გაქცევააო!!!

მოკლედ, “მოსვლა შენი ნება იყო, წასვლა ჩვენი ნებააო!” – ისეა, ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ამბავი!

- „უნდა გვიპატრონოს, აპა რავა!“ – ისმის მესიებზე შეყვარებული საზოგადოების იმპერატიული სურვილი…

თუმცა რა გასაკვირია, აქამდე ყველა მოსულის გადაგდებაზე ვიყავით ორიენტირებული და ნებით წამსვლელი ხელისუფალი შოკში გვაგდებს – “მიჩვეულს ნუ გადამაჩვევ და მიუჩვეველს ნუ მიმაჩვევო” – იმ დევიზის თანახმად…

თუმცა, მოდით, ჯერ პოტენციურ სარგებელზე ვიფიქროთ. წესით, ეჭვს არ უნდა იწვევდეს სარგებელი სერიოზული წონის და რესურსების მქონე და თავდაჯერებული ადამიანის საზოგადოებრივ სექტორში გადანაცვლების და ამ სექტორის გაძლიერებისათვის ზრუნვის პოზიტიური ხასიათი. მართლაც, ქართული პოლიტიკური სპექტრის შედარებითი განუვითარებლობა (ბალტიისპირეთთან და ევროკავშირის წევრ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით) გადაჯაჭვულია სამოქალაქო საზოგადოების შედარებით სისუსტესთან. ამიტომ პარტიების გაძლიერება უნდა მოხდეს როგორც სწორი საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების რეგულაციებით, ასევე – საზოგადოებრივი სექტორის დამოუკიდებლობის მხარდაჭერით. ამ მხრივ, ივანიშვილის მოსვლამ შეიძლება ქართული საზოგადოებრივი და არასამთავრობო სექტორი უცხოური ფონდებზე მკვეთრი დამოკიდებულებიდან გამოიყვანოს, რასაც გარკვეულწილად პოზიტიური ეფექტი ექნება და, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს საზოგადოების დიდი ნაწილის ენჯეო სექტორისადმი, როგორც „უცხოური გავლენის დამნერგავი ერუდირებული კასტისადმი“ დამოკიდებულების გაჯანსაღებას.

თავისი ამ ძალიან არაორდინარული ნაბიჯით ბიძინა ივანიშვილი არა მარტო ტოვებს პოლიტიკას, როგორც სფეროს, რომელიც მას აშკარად არ მოსწონს, არამედ მართლაც საფუძველს აცლის შვარცის მზეჭაბუკის დრაკონად ქცევის და მესიანიზმის მდგრად ტენდენციას ქართულ პოლიტიკაში. გავიხსენოთ 2011 წლამდე პერიოდის ქართული პოლიტიკური სპექტრი – ლამის 80% ნაციონალური მოძრაობა და მისი გაბელადებული ქურუმი, დაახლოებით 10% ნაცმოძრაობის წინააღმდეგ ყასიდად გაშმაგებული და სინამდვილეში სააკაშვილ-მერაბიშვილის ხელიდან მსუყედ ნაკვები ფსევდოოპოზიციური სატელიტები და დაახლოებით 10% რეალური ოპოზიცური ძალები, რომლებიც მხოლოდ მედია-სივრცეში არსებობდნენ, და არა ოფიციალურ პოლიტიკურ (საპარლამენტო, სამთავრობი, ადგილობრივი თვითმმართველობის) არენაზე. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მთავარი დანაპირები – ქართული პოლიტიკიდან უსამართლო და მიზანთროპი რეჟიმის მოშორების შესახებ – პირნათლად შეასრულა. ახლა ამ რეჟიმის ნარჩენებს პოლიტიკურ სპექტრში 40%-ზე ნაკლები უჭირავთ და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, 10%-ს ჩამოცდებიან. მაგრამ თუ მოხდება დარჩენილი 90%-ის შევსება მხოლოდ ერთპარტიული და ისევ ერთ ადამიანზე აწყობილი მონოლითით, ეს ადამიანი, რაგინდ პოლიტიკის მოძულე იყოს, და ეს პარტია, სულ რომ ნარჩევი დემოკრატებით იყოს დაკომპლექტებული, სავარაუდოდ, შეიძლება, მაინც იქცეს ახალ მესიად და პოლიტიკურ მონსტრად. ამდენად, პოლიტიკური ველიდან თავისი გასვლით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდ სივრცეს ანთავისუფლებს და როგორც საკუთარი კოალიციის წევრებს – „ქართულ ოცნებას“, რესპუბლიკელებს, თავისუფალ დემოკრატებს და სხვებს, ასევე – არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებსაც, ბურთს და მოედანს უტოვებს, რაც ნებისმიერი სხვა ანალოგიური რეპუტაციის ლიდერის შემთხვევაში ნაკლებ მოსალოდნელი იქნებოდა. ამაში ნამდვილად არის ქართული პოლიტიკური სპექტრის ზრდის და განვითარების სერიოზული შანსი.
მაგრამ, არა მარტო – ზრდის და განვითარების.

როგორც წინა ქვეთავის ელემენტების განხილვის დროს, აქაც უნდა აღვნიშნო, რომ ყველა მედალს ორი მხარე აქვს. და არ შეიძლება, მხოლოდ პროგრესულ ზრახვებზე და ევოლუციის უპირატესობაზე ვილაპარაკოთ, ისევე როგორც პირიქით. აქაც, რეალობაც არის გასათვალისწინებელი. და რეალობა ისაა, რომ როგორც არსებობს პრემიერის ადრე წასვლის სერიოზული პლიუსები, ასევე არსებობს სერიოზული კითხვები და ჩრდილები, რაც ამ წასვლას გააჩნია. და რომელთა ნიველირება ან იგნორირება გაუმართლებელი ფუფუნება შეიძლება აღმოჩნდეს:
- ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდხანს (მინიმუმ 22 წელი) იყო ერთპარტიული და ერთი კაცის სურვილებით მართული, კონსტიტუცია ჯერაც დაუხვეწავია და პოლიტიკური პლურალიზმის პირობებში მმართველობა – უცნობი ხილი.

- სამთავრობო სახელისუფლებო გუნდი, განსაკუთრებით – პარლამენტში, არ არის გამობრძმედილ თანამოაზრეთა გუნდი. იგი უფრო ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა მიმართულების და შეხედულებების პოლიტიკოსების (და არცთუ-პოლიტიკოსების) ჯგუფია. პრემიერის წასვლის შემდეგ ამ ჯგუფის ერთიანობაც და ვექტორებიც საკითხავი შეიძლება გახდეს. გარკვეული აზრით, ჯობდა ეს ჯგუფები ცალკე სიებით არჩეულთა გამარჯვების შემდგომი გაერთიანებით შექმნილი კოალიცია ყოფილიყო, ვიდრე თავიდან კოალიციურად გამარჯვებული გუნდი, რომელსაც ახლა გამაერთიანებელი ლიდერი ეცლება.

- ქვეყნის საგარეო რისკები ძალიან მაღალია და არსებობს გარე ძალები, რომლებიც დიდი ხანია ერთანეთს უპირისპირდებიან ქვეყნის საშინაო ფაქტორებზე და პოლიტიკურ ძალებზე გავლენის მოსაპოვებლად. თუ 1999 წლიდან ქვეყნის საგარეო ვექტორი მეტნაკლებად დასავლური იყო, დღეს რუსული ვექტორი ძლიერდება და ასეთ დროს სერიოზული ტრანსფორმაციული რისკები ძლიერი პროდასავლელი ლიდერის გარეშე შეიძლება გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრის წასვლის გამოცხადებამ, როგორც გარე, ისე შიდა „პრორუსულ“ ძალებს შეიძლება სწრაფად და სერიოზულად გაუზარდოთ ამბიციებიც და აჟიოტაჟიც. საერთო ჯამში, მომავალში ალბათ ჩვეულებრივი ამბავი იქნება, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში წარმოდგენილნი იქნებიან “პრორუსული” ძალები, მაგრამ ამჟამად მათი ქვეყნის სათავეში უეცარი მოსვლა ნამდვილად მიუღებლად მიმაჩნია მრავალი მიზეზის გამო, რომელთა განხილვას აქ არ შევუდგები.

- მიუხედავად მთავარი დაპირების ასრულებისა, და რიგი პოზიტიური ტენდენციებისა (პენსიების და მინიმალური ხელფასის მატება, საგარეო ვალის შემცირება, გლეხებისთვის დარიგებული სერიოზული ვაუჩერები, სახელმწიფო დაზღვევის ამოქმედება, ჯანდაცვის გაპარტახება, კომუნალური გადასახადების მცირე, მაგრამ მაინც შემცირება, აბსურდული მეგაპროექტების შეჩერება, მედიის განთავისუფლების დაწყება, პროკურატურის და პოლიციის დეპოლიტიზაცია, ეკონომიკური რეალიზმი და ეკონომიკის ხალხისაკენ შემობრუნება) ივანიშვილის ბევრი დაპირება ჯერ შეუსრულებელია. განსაკუთრებით სავალალო დღეშია ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და განათლება. სერიოზული მრეწველობა პრაქტიკულად გაჩანაგებულია. ინვესტორები ერთ წელზე მეტია ლოდინის რეჟიმში არიან, რომლის კიდევ გახანგრძლივება მძიმე გადასატანი იქნება ისედაც გართულებულ პოზიციაში მყოფი ეკონომიკისათვის.

- ქვეყანაში სამართლის სწრაფი აღდგენის ილუზიების გაფანტვის შემდეგ და გაცილებით ლიბერალური ხელისუფლების მოსვლის ფონზე, ჯერ მცირედ, მაგრამ მაინც, გაიზარდა ინდივიდუალური წესით სამართლის პოვნის სურვილიც და მიდრეკილებებიც, რამაც სავალალო ტენდენციის ხასიათი შეიძლება მიიღოს.

- პრემიერის პასუხები იმაზე, რომ იგი უეჭველად მიიჩნევს საკუთარი გუნდის წარმატებას, მაგრამ მათი წარუმატებლობის შემთხვევაში შეიძლება დაბრუნდეს პოლიტიკაში, წინააღმდეგობრივია. ხოლო მისი განცხადებები იმის თაობაზე, რომ უსუფაშვილმაც კი ვერ დაანახა მას ვადაზე ადრე წასვლის გადაწყვეტილების პოტენციური რისკები – არადამაჯერებელი. უფრო სწორედ, ჩემთვის ეს იმდენად არა უსუფაშვილის სისუსტის მანიშნებელია, როგორც იმის, რომ პრემიერ-მინისტრის თავდაჯერებულობა ამ შემთხვევაში მის მიერ არგუმენტების გაზიარების შესაძლებლობას ხელს უშლის.

- პრემიერის მიერ სხვადასხვა დროს გაჟღერებული „პოლიტიკაში მობრუნების ვარიანტი“ დაზუსტებას მოითხოვს – როდის და რა შემთხვევაში ჩათვლის იგი შესაძლებლად დაბრუნებას და როგორ მოხდება ეს? მით უფრო, თუ იგი კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე ოფიციალურ პოსტზე ყოფნას, ან – პოლიტიკურ პროცესებზე კულუარული გავლენის შესაძლებლობას.

- რაც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ პოლიტიკიდან საზოგადოებრივ სექტორში წასვლა ძალიან მომგებიანი ნაბიჯია, საქართველოს რეალობაში ამის გამგები და დამფასებელი ხალხი ჯერჯერობით აშკარა უმცირესობაშია. და სავარაუდოდ, საკმაოდ ბევრი კი ამას პასუხისმგებლობიდან წასვლის მცდელობად ჩათვლის, მით უფრო, რომ როგორც ნაციონალები, ასევე არანაციონალი ოპონენტებიც (მათი პოზიციების გაძლიერების შემთხვევაში) სწორედ ამაზე აკეთებენ ან მომავალში გააკეთებენ აქცენტს.

- ყველაზე ახლო პერსპექტივაში კი, შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ვადამდე ადრე წასვლის გადაწყვეტილება, არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის დღეს არსებული გამოწვევებიდან, ალბათ, ყველაზე უფრო სერიოზული გამოწვევა. სამთავრობო გუნდი, ამ გამოწვევის ღირსეულად გამკლავების შემთხვევაში, მართლაც ძალიან გაძლიერდება და გაიზრდება შიდა და გარე დაკვირვებლის თვალში, მაგრამ, არ ვიქნებოდი გულწრფელი, ეს რომ გარანტირებულად, ან – თუნდაც მაღალი შანსის მქონე ალტერნატივად – შემერაცხა. ჯერჯერობით, კი, ჩემი აზრით, სწორედ პრემიერის ამ მოსალოდნელმა წასვლამ გაზარდა მნიშვნელოვნად გიორგი მარგველაშვილის კონკურენტების შანსები, თითქმის ყველა კონკურენტის, გარდა – დავით ბაქრაძისა.

IV. კანდიდატები და შანსები.

გიორგი მარგველაშვილი:
(+) აქტივი: ჭკვიანი ადამიანი, კარგი მოაზროვნე, კარგი პოლემისტი (რომელიც საკმაოდ კარგად იცნობს როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე – ნინო ბურჯანაძის ბანაკის არგუმენტებს და სტილს); რამდენადაც არ ყოფილა პოლიტიკაში, მის მიმართ ყველაზე ცოტაა სერიოზული კომპრომატი ან „ბაგაჟი“; ნამდვილად ტოვებს გულწრფელი ადამიანის შთაბეჭდილებას (განსაკუთრებით, თავის საყვარელ ადამიანზე საუბრისას).

(-) პასივი: არ გააჩნია პოლიტიკური მმართველობის პირადი გამოცდილება; იმის ხაზგასმა, რომ იგი ივანიშვილის იდეების ერთგულია, უფრო სერიოზული დამხმარე ფაქტორი იქნებოდა, ივანიშვილი რომ თავად არ მიდიოდეს პოლიტიკიდან; გააჩნია დაბალი ცნობადობა რაიონებში, სადაც შედარებით კონსერვატიული მოსახლეობისათვის მისი პროდასავლური იმიჯი ზედმეტად პროდასავლური შეიძლება აღმოჩნდეს; იგრძნობა, რომ ზოგადსაკაცობრიო და ჰუმანიტარულ საკითხებზე გაცილებით უკეთ მსჯელობს, ხოლო ეკონომიკასა და აგრარულ სექტორზე – ნაკლებ დამაჯერებლად; განათლების სისტემის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ცდუნებამ, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა, დათვის სამსახური შეიძლება გაუწიოს; თითქოს ყველაზე წარმატებული მესიჯი იყო, როდესაც განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებით კოჰაბიტაციაც დასრულდებოდა, მაგრამ ეს ცოტა სხვის მოედანზე თამაშს ჰგავს, და არ ვარ დარწმუნებული, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს დააჯერებს ამაში.

ნინო ბურჯანაძე:
(+) აქტივი: აქტიური, ყველაზე ცნობადი პოლიტიკოსი, ყველაზე გამოცდილი (ორჯერ უკვე ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას), საკუთარ შეცდომებზე სერიოზულად სწავლის უნარით, რეგიონებში კარგი ცნობადობით; სერიოზულად მომზადებული და მოსახლეობისათვის გასაგები მესიჯებით, რომელიც ზუსტად იმაზეა გათვლილი, რისი მოსმენაც დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სიამოვნებს – იქნება ეს ყბადაღებული კოჰაბიტაციის დასრულება, თუ ნაცმოძრაობის გასამართლება, როგორც დამნაშავე რეჟიმისა, თუ დასავლური ღირებულებების ზოგიერთი იმ ტენდენციებისაგან დისტანცირება, რაც ქართულ საზოგადოებაში პოპულარობით არ სარგებლობს, (კერძოდ, სექსუალური თუ რელიგიური ტოლერანტობის საზღვრების შესახებ საუბრებით იგი ხაზს უსვამს თავის „ტრადიციონალიზმს“) და პირიქით, რუსეთთან ეკონომიკური კავშირების სამოთხის დაპირება, რაც ასევე ადვილად „იყლაპება“ დასავლური ინტეგრაციის ეკონომიკური სარგებლის მოსახლეობისათვის რთულად აღსაქმელობის ფონზე. ბურჯანაძეს ასევე შეიძლება აქტივად ჩაეთვალოს 7 ნოემბერს სააკაშვილის ხელისუფლებიდან შედარებით ადამიანური პოზიციის დაფიქსირება, და 2008 წლის ომისშემდგომი პერიოდიდან სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ ძალიან აქტიური, თანმიმდევრული და შემტევი დაპირისპირება, რომლის დროსაც მან სერიოზული ნებისყოფა და სიმტკიცე გამოავლინა. ბურჯანაძე ხშირად იმეორებს, რომ იგი ერთადერთია, ვინც ხვდებოდა პუტინს და შეუძლია პუტინთან ერთიერთობის დალაგება. ეს ადრე სრული კომპრომატი იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას პრიორიტეტად თვლის და „რუსეთის აგენტობის“ გამუდმებულმა სააკაშვილისეულმა ბრალდებებმა პარადოქსულად, ანტირუსული სენტიმენტები კი არ ჩააცემენტა, არამედ ყბადაღებულად აქცია.

(-) პასივი: იგივე პოლიტიკური გამოცდილება, რომლის უდიდესი ნაწილი მას ნამდვილად ვერ ჩაეთვლება ქართველი ხალხის ინტერესების მსახურებად. 2008 წლის გაზაფხულამდე, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ბურჯანაძე პარლამენტის უპირობო ლიდერობაზე „არ დაამტკიცა“, სწორედ ბურჯანაძე იყო სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე დიდი ბურჯი და „რკინის ლედი“; 7 ნოემბრის და „იმედის“ დარბევის გამართლება, პატარკაციშვილის მიერ მოწყობილ პუტჩზე დღემდე აქტიური საუბრები; და სიჩუმე სანდრო გირგვლიანის საქმეზე; ისევე როგორც 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების „გაპრავება“ – ბურჯანაძის სერიოზული შეცდომებია. არაა გამორიცხული მისი პირადი პასუხისმგებლობის დაყენებაც 26 მაისის აქციის ორგანიზაციის დროს მოსალოდნელი მძიმე შედეგების გაუთვალისწინებლობაზე. ჩემთვის დანაშაულად, რა თქმა უნდა არა, მაგრამ საკმაოდ სერიოზულად შეცდომად და კონფუზად რჩება 2008 წელს წყნეთის აგარაკის სატყუარის გადაყლაპვა უკვე პოლიტიკური მოწინააღმდეგისგან, რაც უცნაურია, რატომ უნდა მოსვლოდა მისი გამოცდილების და ოპონენტის ცოდნის მქონე პირს. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ძნელი სათქმელია, რამდენად შეიძლება ბურჯანაძემ სერიოზული ოპონენტობა გაუწიოს პუტინს, რომელიც სააკაშვილზე კიდევ უფრო გაქნილი პოლიტიკოსია და რომელსაც უკან სააკაშვილზე უფრო დახვეწილი და საშიში სისტემა უდგას. დაბოლოს, ბურჯანაძის მამის კორუფციულ სქემებში მონაწილეობის ისტორიები, რომლებიც ასე დიდხანს ცოცხლობენ და თავად ქ-ნ ნინოს ცხოვრების სტილი, რომელშიც 90-იანი წლებიდან ბოლო ხანებამდე ხალხისაგან დისტანცირებულ და საკუთარ „ფეშენებელურ იმიჯზე“ ზედმეტად მზრუნავი ქალბატონად უფრო აღიქმებოდა.

სალომე ზურაბიშვილი:
(+) აქტივი: სერიოზული დასავლური პოლიტიკური გამოცდილება, საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის არქიტექტორის დამსახურებული იმიჯი, პრინციპული პოლიტიკოსი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა სააკაშვილის რეფორმატორულ ხელისუფლებაში და რომელიც ერთ-ერთი პირველი იმდენად აქტიურად გაემიჯნა მას, რომ მისგან ხაზგასმულად აუტანლობა დაიმსახურა. პიროვნება, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს „ქართული ოცნების“ მრავალ ცნობილ სახესთან და თავად ბიძინა ივანიშვილთან, და რომელიც მაინც არ დათანხმდა რაიმე კომპრომისულ თანამდებობას.

(-) პასივი: არ ჰყავს სერიოზული საკადრო რესურსი – პარტიული რგოლები ადგილებზე. არცთუ მაღალი ცნობადობა რაიონებში, და ის ფაქტი, რომ ბოლო წლები საქართველოდან წასული იყო. ყველაზე სერიოზული პასივი კი მისი გაურკვეველი სტატუსია – იღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას თუ ვერა. თან რაც უფრო მცირე დრო რჩება, ეს სულ უფრო გადამწყვეტი ხდება.

დავით ბაქრაძე:
(+) აქტივი: ჯერ კიდევ ადგილობრივი თვითმმართელობების/გამგეობების ნახევარი ნაციონალთა ხელშია, რაც არცთუ მცირე ადმინისტრაციული რესურსია, თუმცა მისი დიდი ნაწილი ბოლო დროს შესამჩნევად „აოცნებდა“. ბაქრაძე ბურჯანაძის შემდეგ ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია, მუდმივად აქცენტს აკეთებს ნაკლებ კონფრონტაციულობაზე; მის მიმართ არ გაჟღერებულა რაიმე მნიშვნელოვან კორუფციულ სქემებში მონაწილეობის სერიოზული კომპრომატი; ბოლო დროს მისმა შეხვედრებმა სახლებიდან და ეზოებიდან სოფლების ცენტრებში გადმოინაცვლა და უკვე რამდენიმე ათეულ და ასეულ ადამიანსაც იკრებს! ყურადღებიდან გამოსატოვებელი არ არის ამერიკის მხრიდან დაფიქსირებული სურვილი, რომ ნაცმოძრაობა სრულად არ გაქრეს ქართული პოლიტიკური სპექტრიდან და რომ ამ მძიმე ამოცანისთვის ყველაზე შესაფერისად როგორც დასავლეთმა, ასევე თავად ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა სწორედ დავით ბაქრაძე დაასახელეს ე.წ. „პრაიმერების“ ყბადაღებული კამპანიის შემდეგ (და არა – შედეგად).

(-) პასივი: არასოდეს მოიაზრებოდა ნაცმოძრაობის ლიდერთა ხუთეულში, სანამ ამ ლიდერებიდან ერთი – გაქცეული ძებნილია, ერთი – დაჭერილი, ერთი – დასაჭერი და ერთი – კოჭლი (თუ გასაპუტი) იხვი არ გახდებოდა… სავარაუდოდ, არ გააჩნია თავისივე პარტიის ზედაფენის უპირობო მხარდაჭერა; ომის დროს მისი მთრთოლვარე მოწოდება ზუგდიდის დანა-ჩანგლებით დაცვის შესახებ საყოველთაო დაცინვის საგნად რჩება. და თუ კოალიცია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ცნობილი წარმომადგენელი ნინო ბურჯანაძისადმი არ იშურებს „მკვლელის“ ეპითეტებს და ნაცმოძრაობის ყველა ცოდვაზე მას უზიარებს პასუხისმგებლობას, გაუგებარია, რატომ არ უნდა იქნას გამოყენებული მაშინ იგივე მიდგომა ბაქრაძის მიმართაც, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო მიხეილ სააკაშვილის ერთგული ოფიცერი და არასოდეს ბოლომდე არ გამიჯვნია ნაცმოძრაობის წარსულს (თუ თურმეობითი ფორმის ნახევარბოდიშებს არ ჩავთვლით). დაბოლოს, თავად ბაქრაძის საარჩევნო კამპანია, რომელიც უფრო უდროოდ გარდაცვლილის წლისთავის კარგად და ორგანიზებულად ჩატარების კამპანიას ჰგავს, განსაკუთრებით იმის ფონზე ადრე როგორი შუშპარა და მჩქეფარე იყო ნაცმოძრაობის საარჩევნო „ოლიმპიური მარათონები“.

დანარჩენი კანდიდატები, ჩემი აზრით, 5%-ზე ნაკლებ შედეგს აჩვენებენ. ალბათ, მათ შორის უკეთესი შანსები აქვთ კობა დავითაშვილს (განსაკუთრებით, თუ სალომე ზურაბიშვილმა ვერ მიიღო საარჩევნო რეგისტრაციის უფლება, რაც საეჭვო მგონია) და მარადიულ, მაგრამ კადრებშემოძარცულ შალვა ნათელაშვილს, რომლის კამპანიის ახალი ვარსკვლავია ამერიკასთან უვიზო რეჟიმის დაპირება! (კაცი დღეში ათჯერ ამერიკას აგინებს და იმას გვპირდება, რაც არც მიშას, არც ბიძინას, არც მარგველაშვილს და არც სალომეს მოსვლიათ თავში!).

V. შესაძლო სცენარები
ამ საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის შესახებ ერთი წლის წინ ვფიქრობდი, რომ იგი იმდენად უინტერესო (წინასწარცნობილი) იქნებოდა, რომ სოციოლოგიური გამოკითხვების ინტერესიც კი არ იქნებოდა. მოვლენების განვითარებამ აჩვენა, რომ ინტრიგა გაჩნდა. თავიდან ეს ინტრიგა მხოლოდ მეორე ადგილზე გამსვლელის სახელი იყო, უფრო სწორედ ის, მოახერხებდა თუ არა ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალია რეპუტაციის შენარჩუნებას. ახლა კი, არც ისაა გამორიცხული, რომ მეორე ტური რეალობად იქცეს, თუმცა ამის შანსი ჯერჯერობით მინიმალურია. ყოველ შემთხვევაში, წესით, სერიოზული სოციოლოგიური გამოკითხვები ამ საპრეზიდენტო კამპანიის თანმდევი უნდა ყოფილიყო. ასე კი ჯერ მაინც არ ხდება. არ მინდა დავამცირო „ქართული ოცნების“ დაკვეთით შესრულებული საკვლევ ცენტრ „ფსიქოპროექტის“ კვლევების მონაცემები, მაგრამ არის თავად ამ კვლევების ჩატარებაში, მეთოდოლოგიასა და ველის გაუხსნელობაში რაღაც მსგავსება NDI-ის ყბადაღებულ კვლევებთან, და როგორც ადრე ნავაროს კვლევების რეალობასთან სიახლოვის დაჯერება მიჭირდა, ახლაც გარკვეული სკეპტიციზმი მაქვს ანალოგიური კვლევების შეუცდომლობის მიმართ. გასაგებია, რომ ამჟამად არც ნაციონალური მოძრაობის და არც ნინო ბურჯანაძის მომხრეების მიმართ არ მიმდინარეობს ისეთი რეპრესიული ქმედებები, რასაც ადრე ადგილი ჰქონდა, და მაინც, არ გამიკვირდება, რძით დამწვარი ამომრჩეველი ახლა წყალსაც სულს უბერავდეს და დასახელებული ოპოზიციური ძალების მხარდამჭერებს არ სურდეთ ღიად თავისი სიმპათიების დაფიქსირება, როდესაც იციან, რომ კვლევა “ქართული ოცნების” დაკვეთით “ქართული ოცნებისვე” აქტიური მხარდამჭერი პიროვნების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის მიერ ტარდება. რატომღაც არ მგონია, რომ დასახელებული გამოკითხვის ავტორებმა სრულად გაითვალისწინეს „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფონდის მიერ უცხოური ავტორიტეტული ორგანიზაციების – „ესომარის“ და “WAPOR”-ის დახმარებით განხორციელებული კვლევის “საზოგადოებრივი აზრის კვლევის როლის გაძლიერება საქართველოში“ შედეგები. და საერთოდ, თუ თუ წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ერთიან პრინციპებზე და ერთმანეთის შედეგების გადამოწმების შესაძლებლობაზე ვერ შევთანხმდებით, სულ იქნება უნდობლობა და ეჭვიანობა ან კვლევების შედეგების მიმართ. უცნაური იქნება, თუ ნინო ბურჯანაძე არ დადებს „თავისი“ კვლევის შედეგებს, მერე ანალოგიურად მოიქცევიან, ალბათ, სხვა კანდიდატებიც.

როცა ნინო ბურჯანაძე ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ იგი კოჰაბიტაციას დაასრულებს, მას მხედველობაში აქვს ნაციონალებთან კოჰაბიტაცია. არაა გამორიცხული, რომ მას, გამარჯვების შემთხვევაში, მართლაც დაგეგმილი ჰქონდეს გაცილებით უფრო მასშტაბური „კბილი კბილის წილ“ ქმედებები, ვიდრე მთელი ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან ვიხილეთ. მაგრამ, ჯერ ერთი, საკითხავია, რამდენად წაადგება ქართულ საზოგადოებას ანგარიშსწორების აგრესიული პერიოდი. და თანაც, თუ ახლა პრეზიდენტი ნაცმოძრაობიდანაა, ხოლო ხელისუფლება „ქართული ოცნებიდან“, პრეზიდენტად ნინო ბურჯანაძის მოვლინება კოჰაბიტაციას გააქრობს? თუ, უბრალოდ, ერთ – „ოცნება-სააკაშვილის“ – კოჰაბიტაციას მეორე – „ოცნება-ბურჯანაძის“ – კოჰაბიტაციაში გადაიყვანს? და თუ დღევანდელი კოჰაბიტაციის ორივე მოქმედი პირი, დასავლეთის პოლიტიკური წრეების ზეგავლენით, იძულებულნი არიან გარკვეული ჩარჩოები დაიცვან, მინიმუმ, – საგარეო პოლიტიკაში, მომავალი კოჰაბიტაციის პირების საგარეო ვექტორები როცა დაპირისპირებული აღმოჩნდება, ხომ არ შეუწყობს ეს ხელს გაცილებით უფრო მძიმე დაპირისპირების აღმოცენებას, რითაც მომენტალურად ისარგებლებენ ჩვენი იმპერიული მეზობლები? და როგორ „წაადგება“ ეს ყველაფერი ისედაც ერთი წელის მოლოდინის რეჟიმში მყოფ საქართველოს ეკონომიკას და პოტენციურ ინვესტიციებს?

ნინო ბურჯანაძის ან თუნდაც სალომე ზურაბიშვილის ჰიპოთეტური პრეზიდენტობა არ იქნებოდა ძირეული ცვლილებების და სერიოზული დისბალანსის საწინდარი, თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად დარჩებოდა. მაგრამ იმ პირობებში, როცა ივანიშვილის წასვლა უკვე ყველას გვჯერა, მართლაც, ძნელია იმის წარმოდგენა, რამდენად მოახერხებს მომავალი (ჯერ უცნობი) პრემიერ-მინისტრი სხვა ძალის წარმომადგენელ გამოცდილ პოლიტიკოსთან ურთიერთობების დალაგებას, განსაკუთრებით, თუ ბურჯანაძის შემთხვევაში ამ ურთიერთობების უკან რუსეთის ფაქტორი იქნება. მით უფრო, – იმ რუსეთისა, რომელსაც ალბათ მალე სირიაში საკუთარ უკანასკნელ მოკავშირესთან გამომშვიდობება შეიძლება დაემუქროს და ყველანაირად შეეცდება, სადმე რევანში აიღოს. რა თქმა უნდა, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ნინო ბურჯანაძე აქტიურად შეეცდება საბანი თავისკენ გადაქაჩოს და სასწრაფოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს, რაც ამ კონტექტში, კიდევ უფრო დაძაბავს პოლიტიკურ ჭიდილს, სერიოზულად გაართულებს მდგომარეობის შესაძლო პროგნოზირებას და ეკონომიკაც, შეიძლება, მართლა სტაგნაციაში შეიყვანოს.

როდესაც ზემოთმოყვანილ პოტენციურ სცენარზე ვლაპარაკობ, არ უნდა ჩაითვალოს, რომ მე ამის ალბათობა მაღალი მგონია. არა მგონია, ნინო ბურჯანაძემ არჩევნებში 20-30%-ზე მეტი აიღოს, იმის გათვალისწინებით, რომ მას არა მარტო პოზიტიური რეიტინგი გააჩნია, არამედ სერიოზულად მაღალი ნეგატიური რეიტინგიც უნდა ჰქონდეს (ანუ, არის საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომლისთვისაც ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის პოსტზე მიუღებელი ფუგურაა) და, სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო იკავებს იგი თავს თუნდაც ღია სოციოლოგიური კვლევების ჩატარებისაგან. და მაინც, ვიმედოვნებ „ქართულ ოცნებაში“ აცნობიერებენ, რომ პოლიტიკაში და ბიზნესში ვარდისფერი ილუზიები გაცილებით საშიშია, ვიდრე თუნდაც დაბალი ალბათობის მქონე, ცუდი სცენარის გათვლები და პრევენციები.

რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის განწყობებზე:
1) ახალაიას, მერაბიშვილის და ნაცმოძრაობის სხვა ლიდერების სასამართლო პროცესების შედეგებმა. მაგალითად, ჩემი აზრით, ბურჯანაძის მომხრეებისთვის საოცრად „მომგებიანი“ აღმოჩნდა ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი.
2) სირიის კონფლიქტმა და მისმა ახლო და სავარაუდო შორეულმა შედეგებმა.
3) ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ პოლიტიკაში დარჩენის ან შესაძლო დაბრუნების პირობების შესახებ.

დაბრუნებას რაც შეეხება, ბატონმა ვაჟა ბერიძემ გამოთქვა საინტერესო ვარაუდი, რომ პრემიერობიდან წამსვლელი ივანიშვილი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი თუ მოგვევლინებოდა, ეს ბევრ კითხვას მოხსნიდა! აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ვაჟას, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტურისათვის პრემიერ-მინისტრობა და პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების ყოველდღიური მართვა გაცილებით მძიმე ხვედრია, ვიდრე საპრეზიდენტო მმართველობა მომავალ საპარლამენტო რესპუბლიკაში. და მაინც, მიმაჩნია, რომ ივანიშვილს ახლა პრეზიდენტობის სურვილიც არ ექნება და თან ეს ახლა მართლაც ძალიან ნაგვიანები „რაზვაროტი“ შეიძლება გამოვიდეს -ასეთი განვითარება მაის-ივნისში კიდევ შეიძლებოდა და არა – ამჟამად. გავკადნიერდები და გავიმეორებ, რომ მდგომარეობის ყველაზე მისაღები თანამდებობა მაინც უშიშროების საბჭოს მდივნობა მგონია.
http://solomonternaleli.wordpress.com/2013/06/27/წასვლადარჩენის-ფენომენ/
აღნიშნული და მსგავსი პოსტები სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა დროს განსხვავებული რეჟიმით და ძალაუფლებრივი სტატუსით გამოირჩევა. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა, როგორც ადრე ვთქვი, სრულად დაუტოვებდა ბიძინა ივანიშვილსაც და ხელისუფლების დანარჩენ შტოებსაც მანევრის ძალიან დიდ თავისუფლებას და ივანიშვილის მიერ პოლიტიკური პროცესებზე საჭიროების შემთხვევაში გავლენის მომხდენი „კონსელეიროს“ ფუნქციების ოფიციალურად გამოყენების ველსაც.