კასილიასი „მანჩესტერ სიტისაც“ მოუნდა

კასილიასი „მანჩესტერ სიტისაც“ მოუნდა

ათი დღის წინ ესპანურმა გამოცემამ „Marca” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. ამ გაზეთის ჟურნალისტების მტკიცებით, დიდია ალბათობა ესპანეთის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯმა იკერ კასილიასმა კარიერა ლონდონის „არსენალში“ გააგრძელოს.

გასულ სეზონში კასილიასს ჟოზე მოურინიომ უნდობლობა გამოუცხადა და სათადარიგოთა სკამის მუდმივ ბინადრად აქცია. მდგომარეობა არც კარლო ანჩელოტის მოსვლის შემდეგ შეცვლილა. „კარლიტო“ კარში უფრო ხშირად დიეგო ლოპესს აყენებს.

ესპანური მას-მედიის მტკიცებით, ეროვნული გუნდის მეკარეს „სამეფო კლუბის“ დატოვება არ სურს, მაგრამ მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროება.

ცნობილი გახდა, რომ იმ დღეებში იკერი გუნდის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა და ერთი წლით გასხვისება მოსთხოვა.

აღმოჩნდა რომ კასილიასს ლონდონის „არსენალის“ წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ და „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში დროებით გადაბარგება შესთავაზეს.

არსენ ვენგერის გუნდს კონკურენტი გამოუჩნდა. რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „The Sun” გაავრცელა ცნობა, რომ ესპანეთის ნაკრების კარის დარაჯის შეძენა „მანჩესტერ სიტისაც“ მოუნდა.

უახლოეს დღეებში ბრიტანული კლუბის წარმომადგენლები მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას დაუკავშირდება და კასილიასის სატრანსფერო ღირებულების დასახელებას მოსთხოვს.