ვაზიანის ბაზაზე აეროპორტის მშენებლობის იდეას ოპოზიცია კრემლის ინტერესებით ხსნით

ვაზიანის ბაზაზე აეროპორტის მშენებლობის იდეას ოპოზიცია კრემლის ინტერესებით ხსნით

ახალი აეროპორტის ასაშენებლად ტერიტორიის კვლევა დაწყებულია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი აეროპორტი შესაძლოა, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე აშენდეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს ქვეყანას აქვს ამის საშუალებაც, გამოცდილებაც და რაც მთავარია, მიზანი, რომ გახდეს რეალურად რეგიონში საავიაციო ჰაბი.

„არსებულ აეროპორტს აქვს თავისი მინუსები, შეზღუდვებიც და რეალურად, ვერ იძლევა დიდი განვითარების შესაძლებლობას. ახალი აეროპორტისთვის ადგილი თბილისში არის, შეიძლება ითქვას, იდეალური ამ მიზნით, ვაზიანის ყოფილი აეროდრომი“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს ყველაზე დიდი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში მდებარეობს. ბოლო რამდენიმე კვირაა, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არსებული სივრცე არ იძლევა გაფართოების შესაძლებლობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის პირველ სამ თვეში ეს აეროპორტი 733 ათას მგზავრს მოემსახურა. დედაქალაქში ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით აქტიური საუბარი რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, თბილისის დღევანდელ აეროპორტს გაფართოების შესაძლებლობა არ აქვს იმ მოცულობით, რა მოცულობაც ქვეყანას სჭირდება და შესაბამისად, დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის აშენება, რომელსაც მეტი გამტარობა ექნება.

რაც შეეხება ვაზიანის სამხედრო აეროდრომს, ის 1940-იან წლებში შევიდა ექსპლუატაციაში. აეროდრომზე პირველი საბჭოთა საავიაციო შენაერთი 1942 წლის აგვისტოში გამოჩნდა. ვაზიანის აეროდრომის ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კმ იყო, ხოლო სიგანე - 60 მ. გამომდინარე იქიდან, რომ ვაზიანის ბაზა სტრატეგიული დანიშნულების ადგილია თბილისის თავდაცვისთვის, ოპოზიციის შეფასებით, იქ აეროპორტის მშენებლობა არის დამატებითი საჩუქარი კრემლისთვის.

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხდებით, თავდაცვის სამინისტროს დუმილი ამ საკითხზე, არის უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. როგორც აქუბარდია ამბობს, მისი ინფორმაციით, საკითხი ადრეც განიხილებოდა, თუმცა არ განხორციელდა.

„ვაზიანის ბაზა არის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული დანიშნულების ადგილი თბილისის თავდაცვისთვის და 2000 წლიდან მოყოლებული საქართველოს აქვს იქ სამხედრო ინფრასტრუქტურა, მიწები, რაზეც საუბარია, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაშია. ჩვენ არ გვითხრა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, რა პოზიცია აქვს თავდაცვის სამინისტროს იქ სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ყველა საერთაშორისო სწავლება, იქნება ეს ნატო-საქართველოს, თუ აშშ-საქართველოს, ტარდება ვაზიანის ტერიტორიაზე. იქვე არის სამხედრო აეროდრომი და სასროლეთი.

საუბარია გადაწყვეტილებაზე, სადაც თავდაცვის უწყების პოზიცია უცნობია და მე მივმართე წერილობით მათ ამასთან დაკავშირებით და მოვითხოვ, იყოს პასუხი. ეს გადაწყვეტილება ასუსტებს ჩვენს შესაძლებლობას. ვაზიანი არის შესაძლებლობა, რომ სამხედრო ინფრასტრუქტურა განვითარდეს, ისევე როგორც ვაზიანიდან თბილისის დაცვა, საჭიროების შემთხვევაში, არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, იყო ოპოზიციაში არ ნიშნავს, რომ ასეთი მყვირალა, უაზრო და უსაფუძვლო განცხადებები გააკეთო. ვოლსკი აცხადებს, რომ აბსურდია მოსაზრება, თითქოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სამხედრო ინფრასტრუქტურის ხარჯზე განვითარდება.

„თეონა აქუბარდიას უნდა ამ ნიშიდან არ გამოვიდეს და საექსპერტო მონაცემებით უნდა თავი მოაწონოს საზოგადოებას. გაუგონარ რაღაც ვერსიას წამოაყენებს ხოლმე. მიაჩნია, რომ თუკი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განვითარდება, ეს განვითარდება სამხედრო ინფრასტრუქტურის ხარჯზე, რაც თავისთავად აბსურდია როგორც შინაარსობრივად, ასევე პათოსითაც. იყო ოპოზიციაში არ ნიშნავს, რომ ასეთი მყვირალა, უაზრო და უსაფუძვლო განცხადებები გააკეთო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გამომდინარე იქიდან, რომ ვაზიანის ბაზა არის სტრატეგიული დანიშნულების ადგილი თბილისის თავდაცვისთვის და იქ აეროპორტის მშენებლობა არის დამატებითი საჩუქარი კრემლისთვის, ამ მოსაზრებას არ იზიარებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, სამხედრო ინფრასტრუქტურის ხარჯზე სამოქალაქოს განვითარება რუსეთისთვის საჩუქრად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუკი უკვე თვლი, რომ სამხედრო ინფრასტრუქტურის ისეთი რესურსი, როგორიც არის აეროპორტი, იქნება ერთ-ერთი წამყვანი თუკი რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება მოხდა.

„არ ვიცი, რამდენად სწორია ასეთი ვერსია, იმიტომ, რომ არ ვიცი რამდენი თვითმფრინავი გვყავს საერთოდ და არის თუ არა თვითმფრინავების რაოდენობა და ხარისხი იმ დონის, რომ აეროპორტის სამოქალაქოდ გადაკეთება საჩუქრად იყოს განხილული. მით უმეტეს, რომ მეეჭვება სამხედრო რეჟიმზე გადასვლის შემთხვევაში აეროპორტების გადაყვანა სამხედრო რეჟიმზე შეუძლებელი იყოს. ტრაქტორის ქარხნები გადაიყვანა საბჭოთა კავშირმა ტანკების წარმოებაზე თავის დროზე. მოვლენის ასეთი სასოწარქვეთილი შეფასება ჩემთვის გაუგებარია, თუ სხვა რამე დამატებითი არგუმენტი არ არის.

დამატებითი არგუმენტი შეიძლება გაჩნდეს იმ მხრივ და შეიძლება თვლიდნენ, რომ ეს საჩუქარია პუტინისთვის, რადგან პუტინმა გახსნა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან და ამ გაზრდილი მოთხოვნილების საპასუხოდ იხსნება აეროპოტიო. ეგეც, ისევ და ისევ არასერიოზულია, იმიტომ, რომ ეს აეროპორტი რომ აშენდება იმ დროისთვის პუტინი იქნება თუ არა იმ სახით, რა სახით დღეს არის, კიდევ საკითხავია. ამიტომ, გაუგებარი არგუმენტებია. რაც შეეხება დამატებითი აეროპორტების საჭიროებას, ქუთაისის აეროპორტი მიუთითებს ასეთ საჭიროებაზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

რაც შეეხება იმას ქვეყნის უსაფრთხოებასთან რამდენად მოდის წინააღმდეგობაში ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობა, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ არსებობს სპეციალური სამსახურები, რომლებიც ამა თუ იმ პროექტის მიზანშეწონილობის შესახებ აკეთებენ დასკვნას. თუ, ეს პროექტი უსაფრთხო არის, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს ექნება შესაბამისი დასკვნა კონტრდაზვერვის შესაბამისი უწყებისგან.

„თუ ვსაუბრობთ სახელმწიფოსთვის სატრატეგიული დანიშნულების ობიექტზე, ე.ი. უცხო ქვეყნების სამხედრო დაზვერვისათვის მოწყვლად მნიშვნელოვან სექტორზე, ამ შემთხვევაში მხოლოდ კონტრდაზვერვის უწყებას და შესაბამისად, ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევით ცენტრს აქვს დასკვნის გაკეთების უფლება. მაქვს მაღალი რწმენა იმისა, რომ ასეთი დასკვნა პრემიერის სამუშაო მაგიდაზე არსებობს.

რაც შეეხება ყველაფრის რუსულად მონათვლას, შემიძლია გითხრათ ის, რაც სპეცსამასხურების საქმიანობაში ხშირად ფიქსირდება - ყველაზე მეტად პროგანწყობებთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ხელისუფლება არის პრორომელიმე სახელმწიფოს განწყობის მქონე, უმეტეს წილად შესაძლებელია ყვიროდნენ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ამ სახელმწიფოს ქოლგის ქვეშ მოღვაწეობენ და უბრალოდ, ამ ტერმინოლოგიას იყენებენ, რადგან იციან, რომ ასეთი დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნაკადი არის მომგებიანი იმ სახელმწიფოსათვის, ვისაც სურს, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.

 

ლაზი ოღონდ ამ ქვეყანაში არაფერი გაკეთდეს და რას არ მოიფიქრებენ. აბა რა, საქართველოში საკონსერვო ქარხნის აშენებაც არ შეიძლება, რუსები სამხედრო კონსერვებს დაამზადებენ და იმიტომ.
1 წლის უკან
Gami ამ აქუბარდიას დამრიგებელი ვინ არის - მამა თუ დედინაცვალი? რა შტერი ჰყავს გამჩენს.
1 წლის უკან