მსახიობმა ემი შუმერი ამბობს, რომ ბარბის ახალ ფილმში მონაწილეობაზე უარი იმის გამო თქვა, რომ ორიგინალი სცენარი "არასაკმარისად ფემინისტური" იყო. იქამდე, სანამ ბარბიში მთავარ როლს მარგო რობი მოირგებდა, ხოლო მის სცენარზე მუშაობას პატარა ქალების რეჟისორი გრეტა გერვიგი დაიწყებდა, თავდაპირველად ბარბის როლზე ემი შუმერი დაამტკიცეს.
2016 წელს, როდესაც ფილმზე მუშაობა დაიწყო, რომლის სცენარი ჰილარი უინსტონს ეკუთვნოდა, გუნდმა მთავარი როლისთვის ემი შუმერი შეარჩია. ცნობილმა კომიკოსმა და მისმა დამ, კიმ კარამელმა სცენარზე მუშაობაც კი დაიწყეს, თუმცა მსახიობმა მალევე როლზე უარი თქვა, რის მიზეზადაც მაშინ დაკავებული გრაფიკი დაასახელა.
"სამწუხაროდ, გრაფიკის შეუთავსებლობის გამო, ბარბიზე მუშაობას ვეღარ მოვახერხებ. Sony და Mattel შესანიშნავი პარტნიორები იყვნენ. გული მწყდება, თუმცა მოუთმენლად ველი ბარბის ეკრანზე ხილვას", — აღნიშნავდა მსახიობი.
მიუხედავად ამ კომენტარისა, მოგვიანებით, როდესაც ბარბის ახალი თრეილერი გამოვიდა, შოუში Watch What Happens Live with Andy Cohen შუმერმა აღნიშნა, რომ სინამდვილეში როლზე უარის თქმის მიზეზი სრულიად სხვა იყო.
"მაშინ, მგონი, უარის მიზეზად გრაფიკის შეუთავსებლობა დავასახელეთ, თუმცა რეალურად ერთმანეთს კრეატიულ ნაწილში ავცდით. სონის გუნდი ნამდვილად ვერ ხედავდა ფილმს ისე, როგორც მე, ბარბიზე მუშაობას კი სხვა შემთხვევაში ვერ დავთანხმდებოდი. ახლა ფილმზე სხვა გუნდი მუშაობს და თავდაპირველი სცენარისგან განსხვავებით, ძალიან ფემინისტურია, ამიტომ დიდი სიამოვნებით ვნახავ", — ამბობს შუმერი.
მსახიობის თქმით, ჯერ კიდევ მაშინ უნდა მიმხვდარიყო, რომ გუნდთან ვერ შეთანხმდებოდა, როცა როლზე დამტკიცების აღსანიშნად სტუდიამ ფეხსაცმელი გაუგზავნა.
გრეტა გერვიგის ახალი ფილმის პრემიერა 21 ივლისსაა დაგეგმილი, რომელშიც მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ.