ტომ ჰოლანდმა ახლახან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მსახიობობას 1 წლით თავს ანებებს, რათა მენტალურ ჯანმრთელობაზე იზრუნოს. მსახიობის თქმით, ბოლო პროექტზე მუშაობამ ძალიან დაღალა და მძიმე პერიოდი ჰქონდა, ამიტომ ახლა დასვენება საუკეთესო გამოსავალია.
პროექტი, რომელმაც ჰოლანდი დაღალა, ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრის ახალ სერიალი The Crowded Room-ია. Apple TV+-ის სერიალი დენიელ კიზის ცნობილი წიგნის, ბილი მილიგანის მრავალი გონების, შთაგონებით რეჟისორმა და სცენარისტმა აკივა გოლდსმენმა შექმნა. ამავე ავტორს ეკუთვნის 2001 წლის გახმაურებული ფილმი ბრწყინვალე გონება.
The Crowded Room-ში ჰოლანდის პერსონაჟის, დენი სალივანის, პროტოტიპი სწორედ ბილი მილიგანია. ბილი ამტკიცებდა, რომ მის სხეულში 24 ალტერნატიული პიროვნება ცხოვრობდა, ბოლოს კი იდენტობის დისოციაციური აშლილობის გამო უდანაშაულოდაც ცნეს.
"ჩემთვის თავდაუზოგავი შრომა უცხო სულაც არ არის, მაგრამ ამ შოუმ ძალიან დამღალა. დადგა დრო, როცა შესვენება დამჭირდა და მექსიკაში 1 კვირით გავუჩინარდი. ახლა კი 1 წლით ვაპირებ დასვენებას და ეს იმაზე მიუთითებს, რომ სერიალის გადაღებების პროცესი მართლაც რთული იყო. ერთი სული მაქვს ვნახო, როგორი გამოდის. ვგრძნობ, რომ ჩვენს შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია", — განაცხადა ტომ ჰოლანდმა.
მსახიობმა ისიც დასძინა, რომ მენტალური დაავადების მქონე პერსონაჟის შესრულება მისთვის საპასუხისმგებლო როლი იყო და პროცესში თავადაც ძალიან დაიღალა. "პერსონაჟში გარეგნულად უკვე ჩემს თავს ვხედავდი, მაგრამ ეს პირად ცხოვრებას არ ეხება. მახსოვს, ერთხელ სახლში მისული ვფიქრობდი, რომ წვერიც და თავიც უნდა გამეპარსა, რადგან პერსონაჟს სწორედ ასე მოვიშორებდი", — ამბობს ტომ ჰოლანდი.
The Crowded Room-ში მთავარ როლებს ტომ ჰოლანდი, ამანდა საიფრედი და ემი როსუმი ასრულებენ. სერიალის პრემიერის თარიღი 9 ივნისია.